500, 800 და 1200-ლარიან დაფინანსებას სკოლის მედალოსნები და სტუდენტები მიიღებენ – რუსთავის 2027 წლის ბიუჯეტი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №89 დადგენილებით დამტკიცებული 2027 წლის ბიუჯეტის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობა მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის სწავლის დაფინანსების, ერთჯერადი ფულადი ჯილდოების, ყოველთვიური სტიპენდიებისა და სატრანსპორტო შეღავათების სხვადასხვა პროგრამას განახორციელებს.
ბიუჯეტის დოკუმენტის მიხედვით, ფინანსური წახალისებები შემდეგი პირობებითა და ოდენობით განისაზღვრა:
სკოლის მოსწავლეების წახალისება და შეღავათები კონკრეტული პირობებითა და დათქმებით გაიცემა. კერძოდ, პროგრამებით სარგებლობისთვის აუცილებელია, რომ ბენეფიციარი განცხადებით მომართვამდე არანაკლებ 2 წლის განმავლობაში უწყვეტად იყოს რეგისტრირებული რუსთავში (ან სკოლის დამამთავრებელი ბოლო 2 წელი სწავლობდეს რუსთავის სკოლაში). გამონაკლისი ვრცელდება დევნილის სტატუსის მქონე პირებზე, რომელთა რეგისტრირებულ მისამართად დოკუმენტის მიხედვით ქალაქი რუსთავი ფიქსირდება.
ვინ რა ოდენობით მიიღებს წახალისებას და რა პირობას უნდა აკმაყოფილებდეს სკოლის კურსდამთავრებული, სტუდენტი ან პროფესიული სტუდენტი:
ოქროს მედლით დაჯილდოებული კურსდამთავრებულები (10 ქულა, დამრგვალების გარეშე) ერთჯერადად 500 ლარს მიიღებენ, ხოლო ვერცხლის მედალოსნები (9.8-დან 10 ქულამდე) – 300 ლარს. იმ შემთხვევაში, თუ კურსდამთავრებული სკოლის დამთავრების წელს ვერ ისარგებლებს პროგრამით, მას თანხის მიღების უფლება მომდევნო ერთი კალენდარული წლის განმავლობაშიც უნარჩუნდება.
გარდა ამისა, რუსთავის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეები შიდა საქალაქო ტრანსპორტით მგზავრობისას სტანდარტული 50 თეთრის ნაცვლად 10 თეთრს გადაიხდიან.
როგორი იქნება სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსება:
უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის წლიური დაფინანსება აკადემიური მოსწრების მიხედვით გაიცემა:
ბაკალავრიატი: 81-დან 90 ქულამდე შეფასების მქონე სტუდენტები მიიღებენ არაუმეტეს 800 ლარს, 90-დან 95 ქულამდე – არაუმეტეს 1 000 ლარს, ხოლო 95-დან 100 ქულის ჩათვლით შეფასების მქონე სტუდენტები – 1 200 ლარს.
მაგისტრატურა და დოქტორანტურა: 85-დან 100 ქულამდე შეფასების მქონე მაგისტრანტები და დოქტორანტები სასწავლო წლის განმავლობაში არაუმეტეს 500 ლარით დაფინანსდებიან.
რეზიდენტურა: რეზიდენტურის საფეხურის სტუდენტებისთვის გათვალისწინებულია არაუმეტეს 1 500 ლარის ოდენობის დაფინანსება პირველივე სემესტრიდან.
18-დან 24 წლის ჩათვლით ახალგაზრდები (რომლებიც სახელმწიფო ზრუნვაში მინიმუმ 2 წელი იმყოფებოდნენ) წელიწადში არაუმეტეს 1 200 ლარით დაფინანსდებიან, პირველი კურსის პირველივე სემესტრიდან.
სტიპენდიები და სტუდენტური შეღავათები:
პროფესიული სასწავლებლები: აკრედიტებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტები და მსმენელები სწავლის დასრულებამდე ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებენ.
„მერის ახალგაზრდა წარმომადგენელი“: პროგრამის ფარგლებში შერჩეულ ახალგაზრდებს საქმიანობის პერიოდში ყოველთვიურად 625 ლარი დაერიცხებათ (დასწრების მინიმუმ 80%-იანი მაჩვენებლის პირობით).
დაფინანსება და ტარიფები: ყოველთვიურად 60 ლარის ოდენობით მგზავრობის დახმარება დაენიშნებათ სოციალურად დაუცველ (150 000 ქულამდე), შშმ, 100%-იანი გრანტის მქონე (81+ ქულა), სახელმწიფოს მიერ სრულად დაფინანსებულ პრიორიტეტულ პროგრამებზე მყოფ (81+ ქულა) და სახელმწიფო ზრუნვიდან გასულ სტუდენტებს. გარდა ამისა, სტუდენტები შიდა საქალაქო ტრანსპორტში 20 თეთრს გადაიხდიან, რუსთავი-თბილისის მარშრუტზე (M3 კატეგორიის ავტობუსით) 1-ლარიანი შეღავათით ისარგებლებენ, ხოლო სახელმწიფო ზრუნვიდან გასული 18-30 წლის ახალგაზრდები ორივე მიმართულებით უფასოდ იმგზავრებენ.
დადგენილება ძალაში 2027 წლის 1 იანვრიდან შედის.
განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის: რუსთავის საკრებულოს დადგენილება
-
„რეგიონებში სწავლების ხელმისაწვდომობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით“ – ირაკლი კობახიძე პროფესიულ განათლებაზე
by ARIS.GE-განათლება
-
„სკოლაში მასწავლებლებისთვის საათების განაწილების ახალ წესზე განათლების სამინისტროს სამუშაო ჯგუფი იმუშავებს“
by ARIS.GE-განათლება
-
ეს უნდა იცოდეთ, როცა მუშაობას სკოლაში იწყებთ, ან უკვე თანამშრომელი ხართ – ვალდებულებები ყველა მხარისთვის
by ARIS.GE-განათლება