GE

ITVET-ში სტუდენტური ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

„ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“ ITVET- ში სტუდენტური ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოავლინეს. ოლიმპიადა ორი მიმართულებით ჩატარდა: გრაფიკული დიზაინი და ინფორმაციის ტექნოლოგია და მასში მონაწილეობა პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს შეეძლოთ.

ღონისძიებაზე კოლეჯის მიერ დაწესებული სიგელები და სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ კონკურსის გამარჯვებულებს: დავით ყვავილაშვილს, მარიამ აბრამიშვილს, გელა პეტრიძეს, ნინო აბელაშვილს, გიორგი ლაზარიშვილს და ინოლა ფოჩხუას.

გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოებას კოლეჯის ხელმძღვანელობასთან ერთად ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები.

განათლების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილის თქმით, მსგავსი კონკურსები ხელს უწყობს პროფესიული განათლების პოპულარიზაციას და კარგი იქნება თუ ამ გამოცდილებას სხვა სასწავლებლებიც გაიზიარებენ.

„ამ კოლეჯის კედლებში ადრე სულ სხვა სტატუსით ვიყავი, მასწავლებელი გახლდით, იმ გამოცდილებამ ძალიან ბევრი რამ შემძინა, მომცა შესაძლებლობა, რომ სულ სხვაგვარად აღმექვა პროფესიული განათლება. ყოველთვის ვამბობ, რომ პროფესიულ განათლებაში სამინისტროს კედლებში რაც არ უნდა იგეგმებოდეს პოლიტიკის სახით, რეალური მაგია და ჯადოქრობა ხდება აუდიტორიაში სასწავლო სივრცეებში. ეს ოლიმპიადა არის არაჩვეულებრივი ინიციატივა, რომელიც კოლეჯმა მოაწყო, გვინდა რომ ამგვარი პრაქტიკა დავნერგოთ ყველა დარგში, ყველა კოლეჯში, ყველა მიმართულებით. ყველა შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ვისწავლოთ და ამ ტიპის ღონისძიებები ყოველთვის წამახალისებელია და არის ძალიან მნიშვნელოვანი“,- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

„ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის“ დირექტორ მამუკა ჯანჯალიას განცხადებით, ოლიმპიადა კოლეჯში ყოველწლიურად ტარდება და სტუდენტებიც დიდ ინტერესს იჩენენ.

„ოლიმპიადას ყოველწლიურად ვატარებთ, გამოვლენილ გამარჯვებულებს სასაჩუქრე ვაუჩერებით ვაჯილდოებთ. პირველ ადგილზე გასული იღებს 300-ლარიანი ვაუჩერს, მეორე ადგილზე გასული 200-ლარიან ვაუჩერს, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი 100-ლარიანი სასაჩუქრე ბარათით ჯილდოვდება. მსგავსი ღონიძიებები პროფესიული სასწავლებლის პოპულარიზაციას უწყობს ხელს, უფრო მეტად აქტიურები და მოტივირებულები ხდებიან ჩვენი სტუდენტები. კონკურსის მიმდინარეობაში დამსაქმებლები არიან ჩართულები და ისინი აფასებენ სტუდენტების ნამუშევრებს, რაც გარკვეულწილად მათ დასაქმებასაც უწყობს ხელს. ჩვენი სტუდენტების 80% ფაქტიურად სწავლის პერიოდშივე დასაქმებულები არიან. ოლიმპიადის თემატიკა ყოველწლიურად იცვლება, წელს იყო გრაფიკული დიზაინზე, გასულ წელს ვებ გვერდის შექმნაზე და ა.შ. ზოგჯერ წელიწადში 2-ჯერაც ვატარებთ და 4 თაობის სტუდენტები მონაწილეობენ“,- ამბობს მამუკა ჯანჯალია EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

ოლიმპიადის ერთ-ერთი გამარჯვებულის ინოლა ფოჩხუას თქმით, „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიაში“ მიღებული ცოდნით და გამოცდილებით, მან კერძო შეკვეთებიც მიიღო.

„კონკურსის შესახებ რომ გავიგე ძალიან გამიხარდა, მაინტერესებდა ჩემი თავის გამოცდა არ ველოდებოდი ასეთ შედეგს. კოლეჯში 2019 წლის გაზაფხულის მიღებაზე ჩავირიცხე, მაქვს სხვა პროფესია მაგრამ გადავწყვიტე აქ გრაფიკული დიზაინი შემესწავლა. ძალიან კმაყოფილი ვარ გადაწყვეტილებით და ძალიან ბედნიერი, რადგან უკვე მაქვს საქმიანი შეკვეთები, მაქვს სხვა სამომავლო გეგმებიც. ვსწავლობთ, თან ვმუშაობთ და ნელ ნელა მივდივართ წინ”,- აცხადებს ინოლა ფოჩხუა EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

(R)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური