ახალი პროგრამები და ახალი შესაძლებლობები შრომით ბაზარზე ITVET-ის სტუდენტებისთვის
რამდენიმე დღეში განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრო პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაციას გამოაცხადებს. უწყებაში ამბობენ, რომ განათლების რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტი პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და ამ სისტემაში რაც შეიძლება მეტი პირის ჩართულობაა.
პროფესიული განათლების ერთ-ერთი უპირატესობა ის გახლავთ, რომ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ მოკლე ვადაში შრომით ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს დაეუფლონ. ამ კუთხით ერთ-ერთი წარმატებული დაწესებულებაა კოლეჯი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია“, სადაც სტუდენტებს კომპიუტერული ტექნოლოგიების მიმართულებით სხვადასხვა პროფესიების შესწავლის შესაძლებობა აქვთ, როგორც სტანდარტული, ასევე მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების კურსების საშუალებით.
როგორ ემზადებიან სტუდენტთა საშემოდგომო მიღებისთვის და რა სიახლეებს სთავაზობენ პროფესიული პროგრამებით დაინტერესებულ პირებს, ამის შესახებ EDU.ARIS.GE კოლეჯის დირექტორ მამუკა ჯანჯალიას ესაუბრა.
– 2019 წლის პროფესიულ პროგრამებზე საშემოდგომო რეგისტრაცია მალე უნდა გამოცხადდეს, რა სიახლეებს სთავაზობთ დაინტერესებულ ადამიანებს?
– გვაქვს სიახლეები, აქამდე გვქონდა შემდეგი პროგრამები: ვებინტერფეისის დეველოპერი, ვებ ინტერფეისის დიზაინერი, საგამომცემლო საქმის ტექნიკური დიზაინერი, ინფორმაციის ტექნოლოგია, კომპიუტერული ქსელის ადმინისტრატორი, კომპიუტერული ქსელი და სისტემები. ამ პროგრამებს წელს უკვე დაემატა ვებტექნოლოგიები, მოხდა ვებდეველოპერისა და ვებინტერფეისის დიზაინერის პროგრამების შეერთება და ერთ პროგრამად ჩამოყალიბდა, რაც შრომითი ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარეობდა. ამ პროგრამის მიზანი გახლავთ ვებტექნოლოგიების სფეროსთვის ისეთი კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება, რომლებიც შეძლებენ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნან სრულყოფილი ვებგვერდი. აღნიშნულ პროგრამაზე მოხვედრა სრული ზოგადი განათლების მქონე პირებს შეუძლიათ და კვალიფიკაციის მინიჭების შემდეგ, შესაძლებლობა ექნებათ დასაქმდნენ ვებდეველოპერად, ვებგვერდის მხარდამჭერ სპეციალისტად ან ვებდიზაინერად. დაინტერესებული პირი წარმატებით გაივლის ტესტირებას და გააგრძელებს ჩვენთან სწავლას, დამთავრების შემთხვევაში, იქნება მაღალკვალიფიციური პროფესიონალი კადრი.
– რამდენი სტუდენტი გყავთ ამჟამად კოლეჯში და როგორია მატერიალურ-ტექნიკური ბაზა?
– კოლეჯში ამჟამად საბიუჯეტო პროფესიულ პროგრამებზე გვყავს 262 სტუდენტი, გარდა ამისა, პროფესიული მომზადების პროგრამებზე გვყავს 60 სტუდენტი, საშემოდგომო მიღებაზე 233 ადამიანს კიდევ მივიღებთ სტანდარტულ პროგრამებზე, ხოლო 200-მდე სტუდენტს პროფესიული მომზადების პროგრამებზე. აღსანიშნავია, რომ ორივე სახის პროგრამები არის სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული. ადაპტირებული გარემო გვაქვს თავიდან ბოლომდე, მოთხოვნებს აკმაყოფილებს როგორც პედაგოგიური რესურსი, ასევე შენობა-ნაგებობა, ველოდებით ახალ სტუდენტებს.
– რა პერსპექტივები აქვთ დასაქმების კუთხით თქვენი კოლეჯის კურსდამთავრებულებს?
– დასაქმების პერსპექტივებს რაც შეეხება, ჩვენი კოლეჯი ამ კუთხით ერთ-ერთი წარმატებულია. დასაქმების კოეფიციენტი არის სადღაც 98%. 2018 წელს, როდესაც „პროფესიული განათლების შესახებ“ ახალი კანონი შევიდა ძალაში, ძალიან ბევრი სარგებელი მოუტანა კოლეჯებს და პროფესიულ დაწესებულებებს. განსაკუთრებით საინტერესო სიახლე გახლავთ ზრდასრულთა განათლების მოკლევადიანი მომზადება გადამზადების პროგრამების ამოქმედება, რომლებიც გაზაფხულზე დავიწყეთ სამი პროგრამით. ეს იყო: JavaScript დეველოპერის პროფესიული მომზადების პროგრამა, სტრუქტურული და ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამების (Java) პროფესიული მომზადების პროგრამა და ვებ გვერდის ინტერფეისის მოდელირების (Markup) პროფესიული მომზადების პროგრამა. რაც შეეხება ახალ პროგრამებს ეს იქნება პროგრამული ენები: პითონი, სიშარფი, ასევე ექსელის უმაღლესი კურსი.
– როგორ უნდა მოხვდეს მოკლევადიან გადამზადების პროგრამაზე დაინტერესებული პირი და როდის გამოცხადდება რეგისტრაცია?
– პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია და შემდეგ ცენტრალიზებული ტესტირება სხვა მიმართულებაა, რაც შეეხება მოკლევადიანი გადამზადების პროგრამებს, არ ხდება ტესტირება, კოლეჯი თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას ამ ადამიანების ჩარიცხვასთან დაკავშირებით. ისეთი პროგრამები შემოგვაქვს, რომლებსაც სჭირდება გარკვეული ლოგიკა, უნარების ცოდნა და წინაპირობები, მიღება გასაუბრების მეშვეობით მოხდება და კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფო სერტიფიკატი. რაც შეეხება სასწავლო პერიოდს ის გრძელდება სამიდან ოთხ თვემდე. ჩვენ უკვე გვყავს გაზაფხულის მიღებაზე ჩარიცხული მსმენელები. დიდი დაინტერესება იყო თითო ადგილზე ორი მსურველი მოდიოდა. მივდივართ კურსის დასრულებისკენ, ძალიან კარგი შედეგი დაიდო. დამსაქმებლებთან მიდის მოლაპარაკება, რომ ჩვენმა სერტიფიცირებულმა კურსდამთავრებულებმა უმარტივესად იპოვონ დასაქმების გზა.
– განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ პროფესიულ განათლებაში დიდი ადგილი უნდა დაეთმოს დუალურ პროგრამებს, რა ხდება ამ კუთხით თქვენს კოლეჯში დაინერგა თუ არა ე.წ. საწარმოში სწავლების პრაქტიკა?
– ჩვენს კოლეჯში უკვე ხდება დუალური პროგრამის გაშვება, ეს შეეხება ინფორმაციის ტექნოლოგიას, ჩვენი პარტნიორი არის sky georgia, ერთ-ერთი ძლიერი კომპანია IT მიმართულებით, მათთან ერთად დავიწყეთ ეს პროგრამა და იმედია, რომ გარკვეულ შედეგს ძალიან მალე ვნახავთ. ამ ეტაპზე ხუთი ადამიანი მოხვდება ამ პროგრამაზე, სწავლების 50%-ზე მეტი განხორციელდება თავად საწარმოში, დანარჩენი – თეორიულად. ვგეგმავთ ამ კუთხითაც პროგრამების გაფართოებას, არიან კომპანიები, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი ამ პროცესებში ჩაბმის. გაზაფხულზე ველოდებით ამ კომპანიებთან თანამშრომლობის დაწყებას. დუალური და სხვა პროფესიული პროგრამის დასრულების შემდეგ, პირი იღებს პროფესიული განათლების დიპლომს, ხოლო მოკლევადიანი კურსის გავლის შემთხვევაში იღებს სახელმწიფო სერტიფიკატს, რომელსაც აქვს იგივე ძალა, რაც დიპლომს, მაგრამ ამ შემთხვევაში პირი არის გადამზადებული ერთ კონკრეტულ მიმართულებაში, მაგალითად, კომპიუტერული ენა – პითონი და ა.შ.
როგორც ვიცით, კოლეჯი აქტიურადაა ჩართული საჯარო სკოლებში პროფესიული განათლების დანერგვის პროგრამაში, რა ხდება ამ კუთხით?
– დიახ, ჩვენ აქტიურ მონაწილეობას ვიღებთ ამ პროცესებში გვაქვს სასერტიფიკაციო კურსები სკოლის მოსწავლეებისთვის, მაგალითად თბილისში 65-ე საჯარო სკოლაში სამთვიანი სასერტიფიკატო კურსი ჩატარდა, რომელიც დამამთავრებელი კლასების 14-მა ბავშვმა წარმატებით გაიარა. მათ უკვე მიიღეს სათანადო ცოდნა და შეუძლიათ დასაქმდნენ. ძალიან დიდი აქტიურობა იყო, სწავლის პროცესში რამდენიმე მოსწავლემ შეკვეთაც მიიღო და თანხა გამოიმუშავა. ისინი ჩვეულებრივად იღებენ კოლეჯის სერტიფიკატს. გარდა ამისა, ვმუშაობთ და ოქტომბრის თვიდან ჩავერთვებით რეგიონებში. მოვიცავთ რეგიონის სკოლებს იმერეთში, კახეთში, მარნეულის რაიონში, მცხეთა-მთიანეთში. ესეც ერთგვარი პიარია პროფესიული განათლების, რომ ბავშვებმა თავიდანვე გამოიჩინონ ინტერესი პროფესიული პროგრამებისადმი. სკოლების შერჩევა ხდება სამინისტროსთან ერთად, წელს ძირითადი აქცენტი რეგიონებზე გავაკეთეთ.
(R)
- ITVET-ში სტუდენტური ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვეს by საზოგადოებრივი კოლეჯი "ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემია"
- ITVET-ის სტუდენტების რეალობად ქცეული ბიზნესპროექტი, რომელსაც IT house ეწოდება by ARIS.GE-განათლება
- „ჩვენს პროფესიულ კოლეჯში ძალით არავინ მოდის, აქ პროფესიის დაუფლების მსურველები არიან“ by პროფესიული განათლების ამბები