ITVET-ის სტუდენტების რეალობად ქცეული ბიზნესპროექტი, რომელსაც IT house ეწოდება
კოლეჯ “ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის” კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირების 7-მა სტუდენტმა კოლეჯში სწავლის პარალელურად საკუთარი კომპანია დაარსა. გიორგი პაპიძემ, გიორგი ფირცხალაიშვილმა, გელა პეტრიძემ, დავით კირვალიძემ, თემურ ტიელიძემ, თამარ კვატაშიძემ და მამუკა ფოცხვერაშვილმა, თვითდასაქმების მიზნით ერთობლივი ბიზნესპროექტი შექმნეს, გეგმა რეალობად აქციეს და მას დღეს კომპანია IT House ეწოდება.
თითოეულ მათგანს უკვე აქვს მიღებული უმაღლესი განათლება, ან პარალელურად არის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი, რაც, როგორც თავად ამბობენ, პროფესიულ სასწავლებელში სწავლას ხელს არ უშლის.
სტუდენტები EDU.ARSI.GE-სთან ჰყვებიან კომპანიის შექმნის ისტორიას. კოლეჯის სასწავლო პროგრამაში, ინფორმაციული ტექნოლოგიების მხრივ სწავლების გარდა, დამატებულია მეწარმეობის საგანი, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტების თვითდასაქმებისკენ მოწოდებას. ისინი ამბობენ, რომ საგან მეწარმეობის ფარგლებში, სტუდენტებმა გადაწყვიტეს გაერთიანებულიყვნენ და შექმნეს ერთობლივი ბიზნესპროექტი, რომელიც შემდგომ რეალობად აქციეს.
როგორც სტუდენტები აღნიშნავენ, „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის“ კედლებში უკვე არსებობდა რამდენიმე წლის წინ ჩამოყალიბებული კომპანია Web House, რომელიც ამზადებს Web გვერდებსა და ლოგოებს და ამასთან ერთად უზრუნველყოფს დიზაინს. ვინაიდან IT House გასწევს მრავალმხრივ კომპიუტერულ მომსახურებას, რომელიც არის Cisco-ს სტანდარტებზე ორიენტირებული ყველანაირი უსაფრთხოების დაცვით, ზემოთხსენებულმა ორმა კომპანიამ მოახდინა კოლაბორაცია და გაზარდეს მომსახურების არეალი. სახელწოდების იდეაც აქედან წამოვიდა. კომპანიის დევიზი კი შექმნა გუნდის წევრმა თამარ კვატაშიძემ: Need IT, We Do IT, ხოლო ლოგო პარტნიორი კომპანიის, WebHouse-ის დიზაინერმა მარიამ ჭკადუამ დაუმზადა.
IT აკადემიის კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირების ლექტორის და Cisco-ს ინსტრუქტორის მიხეილ სამხარაძის ხელშეწყობით სტუდენტებს მიეცათ საშუალება, მიეღოთ Cisco-ს ოფიციალურ ინგლისურენოვან პლატფორმაზე გადამზადება და გამხდარიყვნენ სერტიფიცირებული კადრები. ლექტორის დახმარებით სტუდენტები არ შეუშინდნენ არცერთი სირთულის პროექტს და მათ პორტფოლიოში უკვე არის არაერთი კერძო, რამდენიმე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციისთვის გაწეული მომსახურება. სტუდენტების შექმნილი კომპანიით დაინტერესდა IT აკადემიის ადმინისტრაცია და მისი დირექტორი მამუკა ჯანჯალია, რომლის რეკომენდაციით IT House-ს დაემატა მომხმარებლები, რამაც ხელი შეუწყო სტუდენტებს კომპანიის პოპულარიზაციაში.
ახალშექმნილ კომპანიას უკვე აქვს როგორც ინდივიდუალური, ასევე ისეთი სახის შემოთავაზებები, რომლებზეც მთელი გუნდის მუშაობა საჭიროა.
როგორც IT House-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის“ კომპიუტერული ქსელის ადმინისტრირების სტუდენტი გიორგი ფირცხალაიშვილი ამბობს, საქართველოში პროფესიული განათლება ძალიან საჭიროა იმისთვის, რომ ყველა საკუთარი საქმის პროფესიონალი იყოს. პროფესიონალიზმი კი ხარისხის გარანტია.
„ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი ინფორმაციული ტექნოლოგიებით, მაგრამ რომ ვადარებ, რა ვიცოდი „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიაში“ მოსვლამდე და რა ვიცი ახლა, ძალიან დიდ განსხვავებას ვხედავ. ბევრად მეტი უნარი შემძინა აკადემიამ ამ პროგრამაზე სწავლისას“, – აღნიშნავს გიორგი ფირცხალაიშვილი.
სტუდენტურ კომპანიას კიდევ ერთი პლუსი აქვს. კოლეჯის სხვა სპეციალობის (სისტემები და ქსელების) სტუდენტები, ლაშა ცაცუა და გიგა დათუაშვილი, სტაჟიორებად აიყვანეს, რომლებმაც მოიპოვეს შანსი, რომ ამ კომპანიის საშუალებით მიეღოთ პრაქტიკული გამოცდილება. ანუ პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებმა თვითდასაქმებასთან ერთად სხვა სტუდენტებსაც მისცეს საშუალება თეორიულ განათლებასთან ერთად მიეღოთ პრაქტიკულიც.
„მომავალი პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს ვურჩევდით, არ დაიზარონ, იშრომონ და დასახული მიზნისთვის იბრძოლონ ბოლომდე. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ერთ-ერთი უმძიმესი პრობლემაა უმუშევრობა და გვინდა, ჩვენი განვლილი გზიდან გამომდინარე გითხრათ, რომ უმნიშვნელოვანესია გახდე საკუთარი საქმის პროფესიონალი. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ თითოეული ჩვენი ქვეყნის მოქალაქე დაკავებული ვიყოთ ჩვენი საქმით. ჩვენ ამაში ვხედავთ ჩვენი ქვეყნის განვითარებას“, – ამბობენ EDU.ARSI.GE-სთან “ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიის” სტუდენტები.
(R)
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება