კოლეჯი „იბერია“ – ერთადერთი უფასო პროფესიული კოლეჯი იმერეთის რეგიონში
საზოგადოებრივი კოლეჯი იბერია იმერეთის რეგიონში ერთადერთია, სადაც სწავლებას სახელმწიფო აფინანსებს. კოლეჯის კიდევ ერთი უპირატესობა თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი საერთო საცხოვრებელია. აქ რეგიონებიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის ცხოვრება, სწავლების კურსის დასრულებამდე, სრულიად უფასოა.
„პროგრამების მრავალფეროვნება და გეოგრაფიული მდებარეობა ჩვენი კოლეჯის მთავარი უპირატესობაა. იმერეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტიდან ხელსაყრელია აქ ჩამოსვლა და პროფესიული განათლების მიღება. მით უმეტეს, ამ შესაძლებლობას უფასო საერთო საცხოვრებელიც ემატება. საზოგადოებრივი კოლეჯი ერთადერთია მუნიციპალიტეტებში მცხოვრები იმ ადამინებისთვის, ვისაც პროფესიული განათლების მიღება სურს. ეს თვით რეგიონის განვითარებასაც წაადგება, რადგან სტუდენტს, უკან დაბრუნების შემდეგ, დასაქმების დიდი შანსი აქვს,“ – გვიხსნის სასწავლებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ანა ცუცქირიძე.
კოლეჯი იბერია საკმაოდ პოპულარულია და პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რიცხვიც ყოველწლიურად იმატებს. თუკი ამ დროისთვის სასწავლებელში 238 სტუდენტი სწავლობს, საიდანაც საწარმოო პრაქტიკას 101 მათგანი გადის, 2018 წლის საშემოდგომო მიღებაზე უფასოდ სწავლის შესაძლებლობა 406 სტუდენტს ექნება.
პროფესიულ კოლეჯში ცოდნას ვაჟებთან ერთად, გოგონებიც ეუფლებიან. სწავლის შესაძლებლობა აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსაც. არსებობის მანძილზე კოლეჯში სულ 124 შშმ კურსდამთავრებული გადაამზადეს.
პროფესიულ სასწავლებელში 9 მოდულური და 15 საგონობრივი პროგრამა მოქმედებს. მომავალში კოლეჯში ყველა საგნობრივი პროგრამის მოდულურზე გადასვლა იგეგმება. ამ ეტაპზე კი 2 მოდულზე, ელექროტექნიკოსა და კულინარიის ხელოვნებაზე, სასწავლებელმა განაცხადი უკვე გააკეთა. სტუდენტები საგნობრივ პროგრამებს 11-დან 16 თვემდე ეუფლებიან, მოდულურ პროგრამებზე სწავლება კი 11-დან 20 თვემდე გრძელდება.
იხილეთ იბერიას პროფესიული პროგრამების ჩამონათვალი
სწავლება და დასაქმების სტატისტიკა
მზარეული, სტილისტი, ავტომობილის შემკეთებელი ელქტროტექნიკოსი და ბუღალტერი – ამ პროფესიების დაუფლებაზე კოლეჯში ყველაზე დიდი მოთხოვნაა. სტუდენტებს მათ შესწავლაში მაღალკვალიფიციური ლექტორ-მასწავლებლები ეხმარებიან. მათი უდიდესი ნაწილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდანაა მოწვეული. პედაგოგებმა სწავლების პრაქტიკულ ნაწილში გადამზადებაც გაიარეს.
საგნობრივი პროგრამის დასასრულს, თეორიული და სასწავლო კურსის ამოწურვის შემდეგ, ბოლო 6-8 კვირის განმავლობაში, კოლეჯის ყველა სტუდენტი მისთვის სასურველ ადგილზე პრაქტიკას გადის.
„შესაძლებელია, რომელიმე სტუდენტი ვერ მოერგოს იმ ადგილს, რომელიც მან აირჩია, ამიტომ მოხდება მისი შეცვლა მანამ, ვიდრე ის არ მოერგება პრაქტიკის ადგილს. პრატიკის დასრულების ბოლომდე თვალყურს ვადევნებთ, რომ დასაქმება ყველა სტუდენტისთვის იყოს ხარისხიანი და კომფორტული,“ – ამბობს კოლეჯი „იბერიას“ კარიერის მენეჯერი, ფატი ჯიქიძე, რომელიც სტუდენტებისთვის დამსაქმებელთა მოძიებას და მათი ბაზის შექმნას, უზრუნველყოფს.
სასწავლებლის სტუდენტებს პრაქტიკული კურსის დასრულებისთანავე დასაქმების დიდი შანსი აქვთ. კოლეჯში განმარტავენ, რომ კურსდამთავრებულთა 60% პარტნიორ ორგანიზაციებში საქმდება, უმეტესობა კი საკუთარ ბიზნესს იწყებს და დასაქმების საშუალებას სხვასაც აძლევს.
„საკმაოდ ბევრია ისეთი შემთხვევა, როდესაც რეგიონიდან ჩამოსული ჩვენი კურსდამთავრებულები ერთიანდებიან, ერთობლივ საწარმოებს ქმნიან და წარმატებულადაც საქმიანობენ,“ – ამბობს ფატი ჯიქიძე.
პარტნიორები
„იბერიას“ პარტნიორების რიცხვი ყოველწიურად იზრდება. ამჟამად სასწავლებელთან სულ 215 დამსაქმებელი თანამშრომლობს. მათ შორის კერძო ორგანიზაციები უფრო ჭარბობენ, სახელმწიფო დაწესებულებებიდან კი აქტიურად საჯარო სკოლები თანამშრომლობენ.
დამსაქმებელი ორგანიზაციებიდან პირველ სამეულში, ქუთაისში მოქმედი მსხვილი სამკერვალო კომპანიები შედიან, როგორიცაა სააქციო საზოგადოება „იმერი“, სამკერვალო კომპანია „ჯორჯიან ტექსტილი“ და რუმინული კომპანია „ემბიემ ტექსი“. აღნიშნული საწარმოები კოლეჯის კუსრდამთავრებულებს 100%-ით ასაქმებენ.
ასევე, „იბერიას“ პარტნიორი ორგანიზაციებია „თეგეტა მოტორსი“, რკინის მხატვრული დამუშავების საწარმო „ჯითიდიზაინ მეტალი“, ავტომობილების მომსახურების უმსხვილესი ცენტრები „მეოთხე ავტოტექმომსახურება“ და „ალეკო მოტორსი“, იმერეთის რეგიონში მოქმედი ყველა დიდი რესტორანი და სასტუმროები.
სასწავლებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, ანა ცუცქირიძის თქმით, წლების განმავლობაში კოლეჯსა და დამსაქმებელ ორგანიზაციებს შორის ორმხრივი კავშირი ჩამოყალიბდა.
„მათ იციან უკვე ჩვენს შესახებ, იციან ჩვენი შესაძლებლობები და დამსაქმებლებს შორის ავტორიტეტიც გვაქვს. გარდა ამისა, ვმონაწილეობთ დასაქმების ფორუმებში და აქედან გამომდინარე, დამსაქმებლები ყოველწლიურად შემოდიან ჩვენთან და ითხოვენ კადრებს. გვყავს ისეთი პარტნიორები, რომლებიც მზად არიან ჩვენი კურსდამთავრებულები 100%-ით დაასაქმონ,“ – აღნიშნავს ანა ცუცქირიძე.
დასაქმება და ანაზღაურება
დამსაქმებლებს „იბერიის“ კურსდამთავრებულთა ცოდნის ხარისხი აკმაყოფილებთ, ამიტომაც ისინი დამატებითი გადამზადების გარეშე, პირდაპირ შტატში აჰყავთ. კოლეჯის ზოგიერთ პატნიორ ორგანიზაციაში კი, რომელიც სპეციფიკური საქმიანობით ხასიათდება, კურსდამთავრებულები, შტატში აყვანამდე, გადამზდების ხანმოკლე კურსს გადიან.
დასაქმებულთა შრომის ანაზღაურება ტექსტილის საწარმოებში 450-500 ლარამდეა, ხოლო კვების ობიექტებში 500 ლარზე მეტი.
რკინის მხატვრული დამუშავების კომპანია „ჯითი დიზაინ მეტალი“ კოლეჯ „იბერიასთან“ უკვე 5 წელია თანამშრომლობს. კომპანიის ხელმძღვანელი, რაჟდენ შალამბერიძე ამბობს, რომ საწარმო მზადაა კოლეჯის კურსდამთავრებულები 100%-ით დაასაქმოს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კოლეჯთან თანამშრომლობა. კადრებს, რომლებიც კოლეჯიდან ჩვენს საწარმოში მოდიან, კარგი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა აქვთ. ზეინკლის და შემდუღებლის პროფესიაზე მოთხოვნა ძალიან დიდია, ამიტომ თუკი დაინტერესება იქნება, ყველას დასაქმება შეგვიძლია,“ – ამბობს რაჟდენ შალამბერიძე.
ხანგრძლივი თანამშრომლობაა „იბერიასა“ და სააქციო საზოგადოება სამკერვალო ფაბრიკა „იმერს“ შორის, რომელსაც წარმოებული პროდუქცია ევროპის ბაზარზე გააქვს. კომპანიის კადრების მენეჯერი, მანანა დეისაძე გვიხსნის, რომ ბოლო წლების მანძილზე მათი თანამშრომლების 90% საზოგადოებრივი კოლეჯის კურსდამთავრებულები არიან.
„ეს მოწმობს იმას, რომ ჩვენ ერთმანეთთან საქმიანი და სერიოზული ურთიერთობა გვაქვს. ისინი ჩვენთან საკმარისი ცოდნით მოდიან, მაგრამ რასაც წარმოება ითხოვს, იმ უნარ-ჩვევებს აქ იძენენ, ასევე მკერავად დაოსტატებაც ადგილზე ხდება,“ – ამბობს კომპანია“იმერის“ კადრების მენეჯერი, მანანა დეისაძე.
კოლეჯის ისტორია
კოლეჯი „იბერია“ 2006 წელს ქუთაისში „მოდელირებისა და კერვის ლიცეუმის“ ბაზაზე დაარსდა. 2007 წელს სასწავლო დაწესებულების შენობამ სრული რეაბილიტაცია გაიარა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა. წლების განმავლობაში „იბერია“ მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთი-ერთი მოწინავე კოლეჯის სტატუსით სარგებლობდა.
კოლეჯში ფუნქციონირება დაიწყო 60 სტუდენტზე გათვლილმა საერთო საცხოვრებელმაც, რომელიც, ასევე, თანამედროვე სტანდარტებით და სრული კომფორტით მოეწყო. რეგიონიდან ჩამოსული სტუდენტებისთვის აქ განთავსება უფასოა.
სასწავლებლის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საერთო საცხოვრებელში არსებული კომფორტული გარემო, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილე უცხოელი სტუმრების მიღებისთვისაც დამაკმაყოფილებელია.
იხილეთ იბერიას პროფესიული პროგრამების ჩამონათვალი