„მასწავლებლები ჩვეულებრივად მიიღებენ დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას“ – ფინანსთა მინისტრის მოადგილე
პედაგოგების დეკრეტული შვებულების ანაზღაურებისთვის ბოლო დეტალები ზუსტდება – ამის შესახებ დღეს, 15 სექტემბერს, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე ითქვა, რომელსაც ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გიორგი კაკაურიძე ესწრებოდა.
პედაგოგთა სადეკრეტო შვებულების ანაზღაურების თემაზე კითხვა კაკაურიძეს კომიტეტის წევრმა, ლადო კახაძემ დაუსვა. კახაძის ინფორმაციით, მუშავდება ბოლო დეტალები, რის შემდეგაც მასწავლებლები სადეკრეტო შვებულების თანხის აღებას შეძლებენ.
„მასწავლებლების ღირსების აღდგენის საქმეა მათი სადეკრეტო მხარდაჭერის გაზრდა. უპრეცენდენტო რამეს გააკეთებს საქართველოს პარლამენტი და მთავრობა. ფინანსთა სამინისტროს დამაიმედებელი პროგნოზიდან გამომდინარე, ახლა მუშავდება ბოლო ციფრები, დეტალები დაზუსტდება და ყველა მასწავლებელს ექნება თითქმის ხელფასის ოდენობით სადეკრეტო უზრუნველყოფა, რაც ქვეყნის გვერდზე დგომის სამაგალითო პრეცედენტია“ – თქვა ლადო კახაძემ და ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ამ საკითხზე კომენტარი სთხოვა.
გიორგი კაკაურიძემ კი დაადასტურა, რომ პედაგოგებისთვის სადეკრეტო შვებულების თემაზე მუშაობენ, რაზეც, დეტალების გამჟღავნებას განათლების სამინისტროსგან უნდა ველოდოთ.
„დეკრეტულ შვებულებასთან დაკავშირებით, ჯობია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გააჟღეროს. ერთადერთი, შეგვიძლია ვქვათ, რომ მასწავლებლები ჩვეულებრივად მიიღებენ დეკრეტული შვებულების ანაზღაურებას, ისევე, როგორც საჯარო სექტორში დასაქმებული სხვა პირები“, – თქვა კაკაურიძემ.
პედაგოგებმა დეკრეტული შვებულების შესახებ მიმდინარე წლის დასაწყისში პეტიცია შეადგინეს და დეკრეტული შვებულების ანაზღაურების დაკანონება მოითხოვეს, რომელიც დღეს სკოლის შესაძლებლობებსა და კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. თუმცა ჯანდაცვის კომიტეტმა მისი გადავადება ორჯერ მოითხოვა და საკითხი ამ დრომდე არ განუხილავთ. ივნისის თვეში ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე აცხადებდა, რომ ფულის ჩუქებით დემოგრაფიას ვერ ვუშველიდით.
ასევე იხილეთ:
პედაგოგები დეკრეტული ანაზღაურების დაკანონებას ითხოვენ – პეტიცია და მასწავლებლის წერილი პარლამენტს
- ხელფასი 10 000, 9 000 და 8 000 ლარი – განათლების სამინისტროს ქვეუწყებისთვის გამონაკლისი წესი დადგინდა – დეტალები by ARIS.GE-განათლება
- აშენდება თუ არა 179-ე საჯარო სკოლის ახალი შენობა? – რა პასუხი აქვს განათლების სამინისტროს by ARIS.GE-განათლება
- დადგინდა რამდენი ლარით დაფინანსდება 2025-2026 სასწავლო წელს მასწავლებლისა და სპეციალური მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხულთა სწავლა by ARIS.GE-განათლება