GE

„ფულის ჩუქებით დემოგრაფიას ვერ ვუშველით“ – პარლამენტში პედაგოგების დეკრეტული შვებულების ანაზღაურებაზე ისაუბრეს

სადეკრეტო შვებულების მხარდაჭერის გაზრდაზე ისაუბრა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრმა ლადო კახაძემ დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილის საკომიტეტო მოსმენაზე და ითხოვა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ მიმართულების მხარდაჭერა განხორციელდეს.

გიორგი კაკაურიძემ დღეს პარლამენტში, განათლებისა და მეცნიერების და ადამიანის უფლებათა კომიტეტების გაერთიენებულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში და მომავალი წლების ბიუჯეტის პრიორიტეტები წარმოადგინა.

დეკრეტული შვებულების საკითხი, მათ შორის პედაგოგებისთვის, დეპუტატმა ლადო კახაძემ საკუთარი კითხვის ფარგლებში წამოაყენა: „ბიუჯეტის ერთ ნაწილში, ყველაზე დიდი საკითხი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ დემოგრაფიის კუთხით უნდა დავინახოთ, ეს არის სადეკრეტო შვებულების მხარდაჭერის გაზრდა. არის საჯარო სექტორი, რომელშიც უპრეცედენტო მხარდაჭერაა სახელმწიფოსგან და არის სსიპ-ები, სადაც დახმარება, მცირეა და ამ სეგმენტზე ვაკეთებ აქცენტს, მესამე არის კერძო სექტორი და მეოთხე არის დიასახლისები, რომლებიც არ მუშაობენ. ჩემი თხოვნაა და ეს განსაკუთხებით ეხებათ მასწავლებლებს, რომელიც არის დიდი წრე, რომ სსიპ-ებში დასაქმებულები, რომლებიც ვეებერთელა საქმეს აკეთებენ თავისი შვილების ხარჯზე ხომ არ უნდა გააკეთონ, სახელმწიფომ აქ უნდა დაინახოს თავი… თხოვნა მექნება, რომ ის დასაქმებულები, რომელთაც ექვსი თვის განმავლობაში ჩვენ 1000-ლარიან დახმარებას ვუწევთ, მხარდაჭერის კუთხით, სახელმწიფომ გაუზარდოს სადეკრეტო შვებულების ფინანსური მხარდაჭერა. ვიფიქროთ ხელფასის რაღაც ნაწილზე, ანდა იყოს ჯერადი გაზრდა – თუ არის 1 000, გავხადოთ 3 000. ამის რესურსი არსებობს და თქვენი ხედვა მაინტერესებს ამ საკითხის გადაწყვეტის გზაზე“.

საკუთარი გამოსვლის ნაწილში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ განმარტებაც გააკეთა და პირადი ხედვაც დააფიქსირა დეკრეტული შვებულების ანაზღაურების გაზრდაზე დემოგრაფიულ კონტექსტში:

„რაც შეეხება დეკრეტულ შვებულებებს, მე ნამდვილად არ მახსოვს და, თუ არ ვცდები, განსხვავება არ არის საჯაროსა და სსიპ-ებს შორის, იმიტომ, რომ როგორც სამინისტროს თანამშრომელი, ისე სსიპ-ის თანამშრომელიც იგივენაირად იღებს, თუმცა, შეიძლება, რომ ვცდებოდე და მზად ვარ, უკვე ბიუჯეტის დროს კონკრეტულ რაოდენობებზე ვისაუბროთ.

„თქვენ ამ კონტექსტში ჩემი პოზიციაც იკითხეთ და, რა თქმა უნდა, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს რომ დეკრეტული შვებულების კუთხით, მათ შორის ვადების და ა.შ და მე ამის მომხრე ვარ. თუმცა, ერთი რაღაცის არ მჯერა ხოლმე, რომ ფულის წახალისებით ჩვენ დემოგრაფიას ვუშველით. მგონია, რომ ეს არასწორი მიდგომაა, ფულის ჩუქებით დემოგრაფიას ვერ ვუშველით. წახალისება დეკრეტულ შვებულებაზე და ა.შ კი ბატონო და იქ ხელფასი რახან აკლდება აქედან მიიღოს, ეგ ცალკე თემაა, მაგრამ ვერ ვიჯერებ, რომ ვიღაცას ფულს რომ მისცემ ამიტომ ბევრ შვილს გააჩენს… წახალისების ასეთი მექანიზმი მიდგომა არ არის “, – განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ.

შეგახსენებთ, რომ პედაგოგების დეკრეტული შვებულების სავალდებულოდ ანაზღაურების შესახებ საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში თვეების წინ შევიდა, თუმცა ჯანდაცვის კომიტეტმა მისი გადავადება მოითხოვა და ამ დრომდე არ განუხილავთ. ათასობით მასწავლებელი ითხოვს, რომ დეკრეტული შვებულების ანაზღაურების ვალდებულება სკოლებისთვის კანონში გაიწეროს.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური