GE

პედაგოგები დეკრეტული ანაზღაურების დაკანონებას ითხოვენ – პეტიცია და მასწავლებლის წერილი პარლამენტს

“მოვითხოვთ, რომ პედაგოგთა დეკრეტული ანაზღაურება გახდეს ნამდვილად ანაზღაურებადი და კანონში მუხლი – “დირექტორის კეთილი ნება” შეიცვალოს აუცილებლად ანაზღაურებით”, – წერია პედაგოგების პეტიციაში რომლის ადრესატიც საქართველოს მთავრობაა.

პეტიციის ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ მხოლოდ სახელმწიფოსგან გაცემული ერთჯერადი 1000 ლარით შეუძლებელია 6 თვე შვილ(ებ)ის რჩენა, ამიტომ მასწავლებლები იძულებულები არიან დატოვონ ჩვილი ბავშვები (უმეტეს შემთხვევაში შეუწყვიტონ ძუძუთი კვება, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბავშვისთვის) და გავიდნენ სამსახურში. “დიდი იმედი გვაქვს, რომ კანონში ეს მუხლი აუცილებლად შეიცვლება და არ დაგვტოვებთ “კეთილი ნების” ამარა”, – ვკითხულობთ პეტიციაში.

პეტიციის ინიციატორი თბილისის ერთერთი საჯარო სკოლის წამყვანი მასწავლებელია. თამარ ცანავამ 11 იანვარს კოლეგებს ასეთი წერილით მიმართა, რომელსაც EDU.ARIS.GE უცვლელად გთავაზობთ:

“გამარჯობათ, ვინც ახალგაზრდა მასწავლებელია და შვილის გაჩენას აპირებს ან დეკრეტულ შვებულებაში გადის და ვინც მხოლოდ სახელმწიფოს 1000 ლარზე უნდა ზარდოს შვილი 6 თვე ( ან იძულებილია ადრე გავიდეს სამსახურში, რადგან შეუძლებელია 1000 ლარი გეყოს 6 თვე) მათთვის მაქვს შემოთავაზება. შეგვიძლია განცხადებით მივმართოთ საქართველოს პარლამენტს მეილზე: [email protected] და განცხადება დავწეროთ პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, სადაც მოვითხოვოთ რომ განსახილველად გაიტანონ კანონი, სადაც საჯარო სკოლის მასწავლებლების დეკრეტული ანაზღაურება მოხდება სკოლის მხრიდან, რადგან 6 თვის ხელფასი გვეკარგება და სახელმწიფოს 1000 ლარი არაფერშია საკმარისი. სამინისტომ უნდა გამოუყოს თანხა სკოლას, როდესაც ყავს ასეთი პედაგოგი და არ უნდა იყოს დირექტორის კეთილ ნებაზე, რადგან დირექტორებს აგდებენ უხერხულ მდგომარეობაში რომ სკოლის ბიუჯეტიდან გასცენ და ჯერ ასეთი პრეცედენტი მგონი არ მომხდარა, რომ სკოლის ბიუჯეტიდან დეკრეტულის თანხა გაეცათ.

მე ვწერ განცხადებას, როდემდე უნდა ვიყოთ დაჩაგრულები და რატომ უნდა მოვიკლოთ შვილთან ყოფნის ბედნიერება, როცა შეგვიძლია მშვიდად ვიჯდეთ ის 6 თვე სახლში და ჩვენი კუთვნილი ხელფასით ვუზრუნველყოთ შვილები. ნუ შეშინდებით, ცოტა გამოფხიზლდით რა! უკვე საკმაოდ ბევრია ახალგაზრდა კადრი სკოლაში და მე შეიძლება მესამე არც გავაჩინო, მაგრამ ვინც ახალგაზრდები ხართ მერე მადლობას იტყვით, სანამ დროა ამოვიღოთ ხმა! ხართ თუ არა ორსულად, პოტენციური დედები ხომ ხართ? გააგზავნეთ ამ მეილზე განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე და რაც მეტნი ვიქნებით, იქნებ შედეგიც მართლა მივიღოთ!”, – წერს პედაგოგი რომლის მიმართვასაც არაერთი მასწავლებელი გამოეხმაურა, ინიციატივას მხარს უჭერენ და ამბობენ, რომ პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის სახელზე წერილს ისინიც გააგზავნიან.

ასევე იხილეთ:

რას გეგმავს მთავრობა სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის – 2022-2032 წლების სტრატეგიის სახელმძღვანელო პრინციპები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური