მასწავლებლის სქემის განახლებული ვარიანტის პრეზენტაცია პირველ თებერვალს იგეგმება
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ განათლების ახალი რეფორმის პრეზენტაცია 18 იანვარს დაიწყო. როგორც მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა, 2 კვირის მანძილზე ეტაპობრივად გახდება ცნობილი განათლების სხვადასხვა მიმართულებით რა რეფორმებია დაგეგმილი. პრეზენტაციის პირველი დღე ზოგად განათლებას და მასწავლებლების სქემას დაეთმო, თუმცა სამწუხაროდ, უამრავი დეტალი ისევ უცნობი დარჩა, სამინისტრომ არც მოგვიანებით გამოაქვეყნა რაიმე სახის დოკუმენტი და გვითხრეს, რომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემის შესახებ უფრო მეტს თებერვალში ისაუბრებენ. მთავარი, რაც ცნობილი გახდა ისაა, რომ კრედიტქულების დაგროვების სისტემა უქმდება და ასევე, მასწავლებელს სტატუსის ამაღლებისთვის გამოცდის ჩაბარება მოუწევს.
კითხვები ცვლილებებზე ბევრია, სქემაში ჩართულ მასწავლებლებში კი გაურკვევლობა არაერთი საკითხის შესახებ. ისინი სქემის განახლებული ვარიანტის მოლოდინში არიან და აურაცხელი რაოდენობის კითხვა გააჩნიათ.
როგორც EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის განახლებულ ვარიანტს პირველ თებერვალს წარმოადგნენ.
როგორც მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ამ პრეზენტაციამდე ვერაფერს იტყვიან.
სქემაში ჩართულ მასწავლებლებს კი ამ დრომდე მოცდა მოუწევთ და უნდა ვიმედოვნოთ, რომ 1 თებერვალს კითხვები აღარ დარჩება. უცნობია, გამოქვეყნდება თუ არა ამ დღეს სქემის განახლებული დოკუმენტიც, ამას მასწავლებლის სახლში ჯერ ვერ გვპასუხობენ.
მასწავლებელთა დიდ ნაწილს დაგროვებული აქვთ როგორც სტატუსის შესანარჩუნებელი, ასევე ასამაღლებელი კრედიტქულები. როგორც მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ აღნიშნა, მასწავლებლებს ივნისამდე მიეცემათ საჭირო კრედიტქულების მოგროვებისთვის დრო.
საქმე ის გახლავთ, რომ არსებული სქემით, წამყვანის მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად გარე დაკვირვების გავლაა საჭირო. ხოლო გარე დაკვირვებაზე რეგისტრაცია წელიწადში ერთხელ ცხადდება. წლის დასაწყისში ვინც ვერ მოასწრო დარეგისტრირება, ისინი მომავალ წელს ელოდნენ. სამომავლოდ რეგისტრაცია კი სექტემბერში იყო დაგეგმილი. პედაგოგებს აინტერესებთ, თუ ივნისამდე აქვთ კრედიტქულების დაგროვების ვადა, რა ბედი ეწევათ მათ, ვისაც მხოლოდ გარე დაკვირვება დარჩა გასავლელი და მასზე რეგისტრაცია სექტემბერში ცხადდება?
პედაგოგებს ასევე აინტერესებთ შიდა დაკვირვების გაკვეთილებთან დაკავშირებით რა ხდება.
უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად ძველი სქემით გათვალისწინებული იყო კიდევ ერთი გზა, მასწავლებლის მოსამზადებელი 60-კრედიტიანი პროგრამის გავლა. ასევე მასწავლებლის მომზადების ახალი ინტეგრირებული 300-კრედიტიანი პროგრამების გავლის შემდეგ, არსებული რეგულაციით, კურსდამთავრებულს უნდა მიენიჭოს უფროსი მასწავლებლის სტატუსი, მაგისტრის ხარისხთან ერთად. ხოლო დოქტორანტურის დასრულებით მასწავლებელი პირდაპირ წამყვანის სტატუსს იღებდა. რა ცვლილებები იგეგმება აღნიშნულთან დაკავშირებით და იგეგმება თუ არა მასწავლებლის 60-კრედიტიანი პროგრამების გაუქმება ახალი სქემის მიხედვით, – ამ ყველაფრის შესახებ, როგოც მასწავლებლის სახლში აცხადებენ, სქემის განახლებული ვარიანტის პრეზენტაციის შემდეგ გახდება ცნობილი.
ასევე იხილეთ:
რა ცვლილებები დაიგეგმა მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში – ყველა დეტალი, რაც ცნობილია
მასწავლებელს სტატუსის მოსაპოვებლად გამოცდის ჩაბარება მოუწევს
მასწავლებელთა კრედიტქულების დაგროვების სისტემა უქმდება! – ბერიკა შუკაკიძე
მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება