რა ცვლილებები დაიგეგმა მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემაში – ყველა დეტალი, რაც ცნობილია
განათლების რეფორმის პრეზენტაცია 18 იანვარს სასკოლო სისტემაზე საუბრით დაიწყო და როგორც განათლების სპორტის და კულტურის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, 2 კვირის მანძილზე საზოგადოება რეფორმის დანარჩენი დეტალების შესახებ ეტაპობრივად მიიღებს ინფორმაციას.
განათლების სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე მასწავლებლის პროფესიულ განვითარების შესახებ არსებულ ცვლილებებზე მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ბერიკა შუკაკიძემ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მასწავლებლის სტატუსების ასამაღლებლად არსებული კრედიტქულების დაგროვების სისტემა უქმდება. ამისთვის შემოაქვთ საფეხურების შესაბამისი გამოცდები. რაც შეეხება მასწავლებლის მიერ უკვე მოპოვებული სტატუსების შენარჩუნებას, სკოლებში შეიქმნება ხარისხის მართვის ჯგუფები, რომლებიც დაადგენენ, კონკრეტულ მასწავლებელს რა მიმართულებით ესაჭიროება განვითარება და მასწავლებლები ამის შემდეგ გაივლიან ტრენინგებს, ან ჩაატარებენ სხვა აქტივობებს.
„სტატუსის ასამაღლებლად მასწავლებლები სექტემბრიდან ჩააბარებენ გამოცდას. შეიძლება პრაქტიკოსი იყოს და უნდოდეს მენტორის სტატუსი, დაბრკოლება აღარ იქნება კრედიტების დაგროვება, ან დრო, ის გავა პირდაპირ მენტორის, ან წამყვანის გამოცდაზე. ამისთვის ყველა საფეხურის გავლა აღარ იქნება საჭირო. მაგალითად, ისტ-ის საგნებში გამოცდა შეიძლება ჩააბარონ ლაბორატორიებში. ან ასეთი გამოცდების ჩაბარების პროცესში ჩართული იყოს უნივერსიტეტები. ანუ ეს არ იყოს ფორმალური გამოცდა. პრაქტიკაშიც რომ ვნახოთ მასწავლებლის ხარისხი.
დაწინაურებისთვის, ვისაც უკვე დაწყებული აქვს კრედიტების დაგროვება, მაგ: მოგროვებული აქვს 17 კრედიტქულა და დარჩა 2-ის აღება, სამართლიანი არ იქნება მისთვის ახლავე გავაუქმოთ კრედიტების დაგროვების სისტემა. მათ საშუალებას მივცემთ ბოლომდე მიიყვანონ პროცესი და აიმაღლონ სტატუსი. კანონი აძლევთ მათ საშუალებას, ივნისამდე დაასრულონ ეს პროცესი. ვინც ამას ვერ აკეთებს და ვერ გააკეთა, სექტემბერში გამოვიდეს გამოცდაზე. 2020 წლიდან ვფიქრობთ, სკოლის ხარისხი მართვის ჯგუფმა შემოიტანოს რაღაც ტიპის აქტივობები. სკოლაში ხარისხის მართვის ჯგუფები შეიქმნება და ისინი დაადგენენ საჭიროებებს, რომელ მასწავლებელს რა მიმართულებით ესაჭიროება განვითარება და იმის მიხედვით ჩაუტარდებათ ტრენინგები, ან ჩაატარებენ სხვა ტიპის აქტივობებს“, – აღნიშნა მასწავლებლის სახლის დირექტორმა.
ბერიკა შუკაკიძის თქმით, გამოცდებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს.
„ორგანიზატორი იქნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. მათ აქვთ ყველაზე დიდი გამოცდილება. სანდოობა მათ მიმართ საზოგადოებაში ყველაზე მაღალია და ახლა რომ ავდგეთ და დეცენტრალიზაცია გამოვაცხადოთ ამ პროცესის და რომელიმე ორგანიზაციას მივცეთ უფლება გამოცდების ჩატარების, არ იქნება სამართლიანი. იმიტომ რომ ჩვენ გვყავს გამოცდილი ტესტების შემდგენები. თუმცა ეროვნული სასწავლო გეგმის სპეციალისტებიც მაქსიმალურად ჩაერთვებიან ამ პროცესში“, – განაცხადა შუკაკიძემ.
EDU.ARIS.GE–ს კითხვაზე, ვისაც უფროსი მასწავლებლის სტატუსი აქვს და ჯერ არ დაუგროვებიათ შესანარჩუნებლად კრედიტები, ამ შემთხვევაში როგორ ხდება სტატუსის შენარჩუნება, ბერიკა შუკაკიძე გვპასუხობს, რომ ასეთ მასწავლებლებს სკოლა დაუდგენს საჭიროებას. თუ სჭირდებათ, მაგალითად,პროფესიული გადამზადება, ტრენინგები, გაივლიან ტრენინგს. ან ჩაერთვებიან სხვა აქტივობებში.
„ჩვენ ვენდობით სკოლებს.სპეციალურ მოდელს გავაკეთებთ, რომ ადამიანებს არ გაუჭირდეთ უკვე მოპოვებული სტატუსების შენარჩუნება. კრედიტების ვერ დაგროვება არ უნდა გახდეს საფუძველი, რომ ადამიანებმა დაკარგონ სტატუსები. ჩვენ შევეცდებით, რომ მათთვის დავნიშნოთ პროფესიული განვითარების ტრენინგები“, – აღნიშნა მასწავლებლის პროფესიული განვითარების ცენტრის დირექტორმა.
როგორც ბერიკა შუკაკიძემ აღნიშნა, მასწავლებლის პროფესიული განვითარების კუთხით დაგეგმილი სხვა ცვლილებები თებერვალში გახდება ცნობილი.
ამავე თემაზე:
მასწავლებელთა კრედიტქულების დაგროვების სისტემა უქმდება! – ბერიკა შუკაკიძე
მასწავლებელს სტატუსის მოსაპოვებლად გამოცდის ჩაბარება მოუწევს
მინისტრი: მასწავლებელთა ახალი სახელფასო პოლიტიკის განხორციელება 2019 წლის შემოდგომიდან დაიწყება
მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება