მოკვლევის პრეზენტაცია და დამალული ანგარიში – რა მოამზადა განათლების კომიტეტმა საერთაშორისო დონორების დაფინანსებით?
ყოფილხართ რომელიმე კვლევის, მოკვლევის ან სულაც წიგნის პრეზენტაციაზე, სადაც პრეზენტაციის ობიექტი, თავად შეკრების მიზეზი, მოკვლევის ანგარიში დაგიმალეს?
ეს საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს დღეს, 30 სექტემბერს გამოუვიდა.
კომიტეტმა თემატური მოკვლევა „სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების პრაქტიკა ეფექტიანი სწავლა-სწავლების უზრუნველყოფის პროცესში“, რომელიც ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განხორციელდა დაასრულა. 26 სექტემბერს ბოლო ზეპირი მოსმენაც გამართა და დღეს, მის პრეზენტაციაზე პარლამენტის თავმჯდომარე და განათლების კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი, შალვა პაპუაშვილიც მიიწვია.
თემატური მოკვლევის ჯგუფს უნდა შეესწავლა ისეთი არსებითი საკითხები, როგორიც არის: სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების პრაქტიკა, სახელმძღვანელოების შინაარსობრივი შეფასების მახასიათებლები, არსებული ციფრული რესურსებისა და სასკოლო ლაბორატორიების გამოყენების პრაქტიკა, მასწავლებლების მიერ სასწავლო რესურსის შემუშავების კუთხით არსებულ პრაქტიკა და ამ მექანიზმის მხარდაჭერის შესაძლებლობები.
დღევანდელი ღონისძიების შესახებ მედიისთვის ანონსი არ გავრცელებულა, თუმცა იმდენად, რამდენადაც EDU.ARIS.GE მოკვლევის პროცესს არაერთი თვის განმავლობაში აშუქებდა და სხვა წყაროებისგან ინფორმირებულიც იყო, ღონისძიებაზე მივიდა. ვნახეთ მოკვლევის ექსპერტი, რომელსაც არაერთი საინტერესო რეკომენდაცია აქვს, სამინისტროს წარმომადგენლებსა და კომიტეტის წევრებს შორის გაურკვევლობა, თუ ვინ რატომ არ გამოვიდოდა სიტყვით, ვნახეთ პარლამენტის თავმჯდომარის მომლოდინე დამსწრე საზოგადოება, თავად პარლამენტის თავმჯდომარე, რომელმაც ინტერვიუც მოგვცა, მაგრამ თავად მოკვლევის შედეგი – ანგარიში, ვერა. მივიღეთ დაპირება, რომ დოკუმენტს პრეზენტაციის დასრულების შემდეგ გადმოგვცემდნენ, თანაც დიდი სიამოვნებით. თუმცა მოგვიანებით განგვიცხადეს, რომ ეს დოკუმენტი ოფიციალურად საჯაროდ მომავალ დღეებში გამოქვეყნდებოდა და მაშინ გვენახა.
კომიტეტის თავმჯდომარესაც ვკითხეთ, მოკვლევის შედეგების შესახებ პრეზენტაციის სლაიდშოუს წარდგენა ანგარიშის დოკუმენტის გარეშე რამდენად ადეკვატური იყო, რაზეც გვიპასუხა, რომ ისინი პროცედურებს იცავენ და დოკუმენტი მაშინ ვნახოთ, როცა გამოქვეყნდება.
საბოლოოდ, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის აპარატისგან დღეს წარმოდგენილი მოკლე პრეზენტაცია მივიღეთ, რომელში მოცემული რეკომენდაციებიც არასრულყოფილია და ანგარიშში ათეული გვერდი დაეთმობა. დეტალური ანგარიშის გამოქვეყნებას კი უახლოეს დღეებში უნდა ველოდოთ. EDU.ARIS.GE მზად არის მოკვლევის ანგარიში შეისწავლოს და საზოგადოებას გააცნოს. რადგან კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის აპარატი გვპირდება, რომ ანგარიშს 6 ოქტომბრამდე გამოაქვეყნებენ, ჩვენ მისი გვჯერა.
რაც შეეხება მოკვლევის ფარგლებში გაწეულ ხარჯებს, EDU.ARIS.GE ამ ინფორმაციის მოპოვებაზე მუშაობს.
ასევე იხილეთ:
- განათლების მინისტრს კიდევ ერთი ახალი მოადგილე ჰყავს – თამარ ღვამიჩავამ გელა გელაძე ჩაანაცვლა by ARIS.GE-განათლება
- ახალგაზრდობის ხელშეწყობისთვის მომავალ წელს 14 მილიონამდე ლარის დახარჯვა იგეგმება – რას გულისხმობს მთავრობის პოლიტიკა by ARIS.GE-განათლება
- 3 მილიარდ ლარზე მეტი – 2025 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტით განათლების სამინისტროს დაფინანსება კიდევ გაიზარდა by ARIS.GE-განათლება