„ეს გამორიცხავს შანსს, რომ I-IV კლასებში მაღალხარისხოვანი სახელმძღვანელოები მივიღოთ – რა პრობლემებზე ისაუბრეს სფეროს წარმომადგენლებმა პარლამენტში
„დღეს უკვე ივლისის ბოლოა, ამ წელს უნდა გამოცხადდეს კონკურსები სახელმძღვანელოებზე – მეთერთმეტე და დაწყებით კლასებზე. თუ არ იქნა განხილული გაუმჯობესებული და დამტკიცებული შესაბამისი ცვლილებები სტანდარტებში, თუ არ ჩატარდა ავტორთა და ექსპერტთა ტრენინგები და თუ დროულად არ გამოცხადდა ეს კონკურსები, არ დაითქვა შესაფერისი ვადები, ჩვენ დავდგებით იმ ფაქტის წინაშე, რომ კიდევ 6-7 წელიწადი, დაწყებითი – I-IV კლასებისთვის გვექნება კვლავაც დაბალხარისხოვანი სახელმძღვანელოები, ამას ვერ ავიცილებთ თავიდან“, – ამ სიტყვებით დაიწყო თავისი გამოსვლა განათლების კომიტეტის მიერ გამართულ ზეპირ მოსმენაზე USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის დირექტორმა, გია ნოზაძემ.
27 ივლისს, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების პრაქტიკისა და ეფექტიანი სწავლების შესახებ შეხვედრა გამართა, სადაც თემატური მოკვლევის („სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების პრაქტიკა ეფექტიანი სწავლა-სწავლების უზრუნველყოფის პროცესში“) ჯგუფის სპიკერებმა სფეროს წარმომადგენლებისგან არაერთი მძიმე ინფორმაცია გაიგეს. შეხვედრაში განათლების სფეროში მომუშავე იმ პროფესიული ასოციაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რომლებმაც თემატური მოკვლევის ჯგუფს წერილობითი მოსაზრებები გაუზიარეს.
EDU.ARIS.GE მოგიყვებათ შეხვედრის მონაწილეთა მიერ წამოჭრილ პრობლემებზე, რომლებიც მოსმენის დროს განიხილეს:
სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების ვადები და პროცედურა:
ზემოთქმულთან ერთად, გია ნოზაძემ ხაზგასმით განაცხადა, რომ ის დრო, რომელიც სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირებისთვისაა გამოყოფილი არასაკმარისია და აუცილებელია სხვა, განვითარებული ქვეყნების პრაქტიკის გაზიარება როგორც ვადების, ისე მეთოდიკების მიმართულებით.
„მეორე მომენტი არის ის, რომ კვლავაც იგეგმება ცვლილებები სტანდარტებში მიუხედავად იმისა, რომ დაწყებითის სტანდარტები დამტკიცებულია 2018-2024 წლებისთვის და ეს ცვლილებები უნდა მომზადდეს სანამ კონკურსი გამოცხადდება. კონკურსი კი ძველებურად ცხადდება სახელმძღვანელოთა ბლოკზე, ანუ პირველ-მეოთხე კლასის ყველა საგანში – ოთხ წიგნზე, რაც ფაქტობრივად გამორიცხავს, იმის შანსს, რომ პრინციპულად განახლებული და მაღალხარისხოვანი სახელმძღვანელოები მივიღოთ მომდევნო სექტემბრისთვის, რადგან, აი ამ ერთწლიან ციკლში უნდა მოესწროს ყველაფერი ის, რაც ზევით ვთქვი – გამოცხადება, ტრენინგები, მომზადება, შემდეგ წარდგენა, განხილვა, ექსპერტიზა, დასრულება ამ პროცესისა მთლიანად და კონკურსის გამარჯვებულების გამოცხადება, მასწავლებლებისთვის დაგზავნა, არჩევანის გაკეთება, ბეჭდვა და სკოლაში შეტანა-დისტრიბუცია. ესაა ოთხი წიგნი“, – განაცხადა USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის დირექტორმა.
ის ასევე შეეხო საგნის სტანდარტების ცვლილებების საკითხს და თქვა, რომ ცვლილებებში არაერთი სადაო და საკამათო შინაარსობრივი და სტრუქტურული მხარეა, რის შესახებაც მოსაზრებები უკვე მიაწოდეს განათლების სამინისტროს შესაბამის სამსახურს.
„ჩემი საგანი არის მათემატიკა. მე პირადად გავეცანი მათემატიკის დაწყებითის სტანდარტის ცვლილებებს, ჩემი კოლეგები გაეცნენ მშობლიურ ენაში და ფრიად სადაო და საკამათოა ეს ყველაფერი, როგორც სტრუქტურულად, ისევე შინაარსობრივად. ნაკლებად გასაგები მასწავლებლებისთვის და ავტორებისთვის და ჩვენ მზად ვართ, იმედია, გვექნება რაღაც შეხვედრები და განხილვები. მაგრამ დროის მომენტი მინდა აღვნიშნო, ვერაფრით ვერ ვახერხებთ, რომ დავიცვათ რაღაც ისეთი გრაფიკი, რომელიც საშუალებას მისცემს ავტორებს მოამზადონ მაღალხარისხიანი თანამედროვე სახელმძღვანელოები წინმსწრებით, მომდევნო 6 წლის განმავლობაში რომ მკვდარი წიგნები არ მივიღოთ. და გრაფიკი, რომელიც საშუალებას მისცემს ასევე ექსპერტებსაც, რომ 4 წიგნი განიხილონ. ეს არის ბავშვის და მასწავლებლის წიგნი“, – აღნიშნა გია ნოზაძემ.
სპეციალისტის თქმით, თუ შევხედავთ განვითარებული ქვეყნების გამოცდილებას, იქ სახელმძღვანელოებზე მუშაობის ვადები 2-3 წელია: „ჩვენ, ალბათ, ამას ვერ დავიცავთ, მაგრამ წელიწადნახევარი-წელიწადი სულ მინიმუმ უნდა იყოს ამ ადამიანებისთვის სამუშაოდ“.
როგორც გია ნოზაძემ განაცხადა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დაწყებითი საფეხურზე სწავლების მიმართულებით განვითარება ხდება მეთოდიკებში და „თუ ჩვენ გვინდა, მომდევნო ექვსი წლის განმავლობაში, ჩვენი ექვსკლასდამთავრებულები რაღაც კონკურენტუნარიენები იყვნენ და მიყვებოდნენ მსოფლიოში განვითარებას, მაშინ, ამ მიმართულებით სერიოზული ცვლილებებია შესატანი“,
მასწავლებლის ჩართულობა საგანმანათლებრო რესურსების შექმნის პროცესში და შრომითი ანაზღაურების სიმცირე:
პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს პედაგოგთა პროფკავშირის ხელმძღვანელმა მასწავლებელთა ხელფასების ზრდის ტენდენცია პოზიტიურად შეაფასა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს შეუსაბამოა იმ შრომასთან, რომელსაც ისინი ასრულებენ. „პედაგოგთა ხელფასები გაიზარდა, თუმცა არა იმის პროპორციულად როგორი სამუშაო დატვირთვაც მათ ჰქონდათ“.
სასკოლო სახელმძღვანელოების გრიფირების საპელაციო კომისიის შერჩევის წესი, საქმიანობა და მიღებული საჩივრების საჯაროობა:
სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი კრიტიკულად შეეხო სააპელაციო კომისიის საქმიანობას და რიგ ხარვეზებზე მიუთითა: „სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილებები არ საბუთდება მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ ამის ვალდებულება, როგორც მინისტრს ბრძანებით, ასევე ზოგადად. მთელი ის ტიტანური შრომა, რომელსაც რეცენზენტთა საგნის ჯგუფები ეწევიან საკმაოდ მცირე ვადებში, მნიშვნელოვანი გამოწვევაა“.
რა პრობლემები რჩება სასკოლო სახელმძღვანელოების დამტკიცების პროცესში და რას არ აკეთებს სამინისტრო
ლაბორატორიების კეთილმოწყობა სკოლებში:
პრობლემის შესახებ საქართველოს ქიმიკოსთა ასოციაციის წარმომადგენელმა ისაუბრა: „იმის მიუხედავად, რომ არსებობს ვირტუალური ლაბორატორია არის პროექტები და მასწავლებლებიც არიან მომზადებულნი, ეს მაინც არასაკმარისია. აქცენტი უნდა გაკეთდეს ლაბორატორიულ აღჭურვილობაზე, ექსპერიმენტებზე, ინფორმაციულ-ტექნოლოგიური რესურსების შექმნაზე“.
სახელმძღვანელოს ავტორთა ხელშეწყობის არარსებობა:
საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცის წარმომადგენელმა მიმოიხილა ის გამოწვევები, რომლებიც სახელმძღვანელოს ავტორებსა და გამომცემლებს აქვთ: „გამომცემლობებს უნდა მიეცეთ მოტივაცია კონკურენციისთვის. სახელმძღვანელოს შექმნა ესაა პროფესია, მაგრამ, მეორეს მხრივ, ამაში მატერიალური სარგებელი იმდენად არ დევს, რომ ბევრი ავტორი უბრალოდ ამბობს – „ამად მე ეს არ მიღირს“.
მოწვეული წარმომადგენლები ასევე დაინტერესდნენ, რა ხედვა აქვს კომიტეტს მასწავლებლის პროფესიული განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებით, როგორია განათლების ხარისხის გაუმჯობესების გეგმა.
თემატური მოკვლევის ჯგუფის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომიტეტის მიერ სექტემბერის თვეში შემუშავდება საბოლოო ანგარიში, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის. ამასთან, ანგარიშში გათვალისწინებული იქნება ის რეკომენდაციები, რომელიც არსებულ გამოწვევებს ასახავს.
აღსანიშნავია, რომ თემატური მოკვლევა „სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების პრაქტიკა ეფექტიანი სწავლა-სწავლების უზრუნველყოფის პროცესში“ ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება.
ასევე იხილეთ:
განათლების ერთიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების არსებითი ნაკლოვანება
მოამზადა მზეო შველიძემ
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება