ექსპერტებისგან გაკრიტიკებული დაწყებითი საფეხურის საგნობრივი სტანდარტი დამტკიცების ბოლო ეტაპზეა – რა დრო ექნებათ ავტორებს სახელმძღვანელოს შედგენისთვის
რა ეტაპზეა სახელმძღვანელოების გრიფირების წესთან დაკავშირებით სტანდარტებზე მუშაობა, როდის გვექნება რამე ახალი, გაუმჯობესებული სტანდარტი, თუ ეს პროცესი ჯერ არ არის დასკვნით ფაზაში შესული? – ამ კითხვით მიმართა 26 სექტემბერს განათლების მინისტრის მოადგილეს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ტალიაშვილმა.
განათლების კომიტეტმა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ მხარდაჭერილი მოკვლევის – „სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების პრაქტიკა ეფექტიანი სწავლა-სწავლების უზრუნველყოფის პროცესში“ შესახებ ზეპირი მოსმენა გამართა, სადაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებმა კომიტეტისგან მიღებული მოკვლევის საპასუხო განცხადებები გააკეთეს და მსჯელობის დროს დასმულ კითხვებსაც უპასუხეს.
მინისტრის მოადგილის, თამარ მახარაშვილის მტკიცებით, სასკოლო სახელმძღვანელოების შექმნისთვის აუცილებელი ვადები, რომელიც, როგორც ცნობილია, დროის სიმცირის გამო, პრობლემატურია როგორც ავტორების, ისე გრიფირების პროცესის ჯანსაღი წარმართვისთვის, აუცილებლად გადაიხედება და სამინისტრო ეთანხმება მოკვლევაში გამოთქმულ რეკომენდაციას მისი გადახედვის შესახებ. მეტიც, მისი ინფორმაციით, ამ მიმართულებით სამინისტრომ კონკრეტული ნაბიჯი უკვე გადადგა:
„მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი სურვილი გვქონდა, I-IV კლასის სახელმძღვანელოები ეხლა ერთად ჩაშვებულიყო და გაკეთებულიყო რადგან ეს სტანდარტები შეცვლილია, ჩვენვე გადავწყვიტეთ, რომ ეს უნდა იყოს მხოლოდ პირველი-მეორე კლასის სახელმძღვანელო, ანუ ის, რასაც ისინი (ავტორები) მოერევიან, ის, რაზეც შემდეგ ჩვენ მოვთხოვთ პასუხს და შეგვეძლება, რომ აქედან ისე გავაკონტროლოთ პროცესი, რეცენზენტების გუნდს გულისხმობ ამ შემთხვევაში, რომ მათაც გონივრული დრო ჰქონდეთ სამუშაოდ და შესაბამისად სახელმძღვანელოების ავტორებსაც იმისათვის, რომ ხარისხიანი სახელმძღვანელო წარმოადგინონ. გონივრული ვადა მათ მიეცემათ“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
თამარ ტალიაშვილის კითხვას კი, რა ეტაპზეა სტანდარტები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ჩიქობავამ უპასუხა, რომელმაც განმარტა, რომ დაწყებითი საფეხურის სტანდარტი დამტკიცების ბოლო, სამართლებრივ პროცედურებს გადის. მისივე განმარტებით, ავტორებმა რომ დრო არ დაკარგონ, დაწყებითი საფეხურის სტანდარტის დასამტკიცებელი, ბოლო ვერსია მათთან უკვე გადაგზავნილია, პირველი ოქტომბრიდან კი უკვე დაიწყება საკონსულტაციო შეხვედრები, რომელიც გაგრძელდება რამდენიმე თვის განმავლობაში, სახელმძღვანელოების ჩაბარებამდე და ეს შეიძლება იყოს მომდევნო წლის თებერვალი.
„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ საშუალო საფეხურის სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი გრძელდება, უკვე გამოცხადებულია მე-11 კლასის სახელმძღვანელოებზე გრიფირება და ჩაბარების ვადა არის თებერვლის ბოლო, ანუ სადღაც, ექვს თვე ნახევარზე მეტი აქვთ მათ ერთი კლასის სახელმძღვანელოზე სამუშაოდ და ეს პროცესი დაწყებულია. ასევე დაწყებითი საფეხურის სტანდარტებს, რომელიც ამ ეტაპზე გადამუშავდა, ის აღარ შეიცვლება, საბოლოოა და დასამტკიცებლად არის წარდგენილი“, – განაცხადა მარიამ ჩიქობავამ
მარიამ ჩიქობავას არ უთქვამს, შეიტანეს თუ არა დაწყებითი საფეხურის სტანდარტში ცვლილებები მას შემდეგ, რაც საგნის სპეციალისტებმა მისი შინაარსიც და სტრუქტურაც ცალსახად გააკრიტიკეს:
„ჩემი საგანი არის მათემატიკა. მე პირადად გავეცანი მათემატიკის დაწყებითის სტანდარტის ცვლილებებს, ჩემი კოლეგები გაეცნენ მშობლიურ ენაში და ფრიად სადაო და საკამათოა ეს ყველაფერი, როგორც სტრუქტურულად, ისევე შინაარსობრივად. ნაკლებად გასაგები მასწავლებლებისთვის და ავტორებისთვის“, – თქვა 28 ივლისს, ამავე მოკვლევის ფარგლებში გამართული შეხვედრის დროს USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის დირექტორმა, გია ნოზაძემ.
EDU.ARIS.GE შეეცადა 27 სექტემბერს გადაემოწმებინა, იყო თუ არა საგნის ექსპერტების მიერ სტანდარტთან მიმართებით გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების შემდეგ მათთან კომუნიკაცია და შევიდა თუ არა დოკუმენტში რაიმე ტიპის ცვლილებები ივლისის შემდეგ.
სახელმძღვანელოების ავტორი და საგნის ექსპერტი მაია ბლიაძე გვიხსნის, რომ ივლისის შემდეგ დოკუმენტში, მაგალითად ბუნების საგანთან მიმართებით გარკვეული შინაარსობრივი და სტრუქტურული ცვლილებები მართლაც შევიდა, მაგრამ არა სრულყოფილად და თავად სტანდარტიც პოტენციურმა ავტორებმა, მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც ის დასამტკიცებლად გადაიგზავნა.
მათემატიკის საგნის ექსპერტი და USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის დირექტორი გია ნოზაძე კი გვეუბნება, რომ მისი ინფორმაციით, ცვლილებები შეიტანეს როგორც მშობლიური ენის ისე მათიმატიკის საგნის სტანდარტშიც და ამ ეტაპზე მიღებული შედეგით კმაყოფილიც არის, რადგან ის მთავარი მომენტები, რისი გათვალისწინებაც მათ სურდათ, დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში ასახულია. თუმცა მისივე თქმით, ასეთი ნორმატიული დოკუმენტები გამოწვევაა დღევანდელი მასწავლებლების დიდი ნაწილისთვის და მისი სტრუქტურა კარგად უნდა აიხსნას, ვინაიდან სტანდარტი არის მასწავლებლისთვის და მნიშვნელოვანია მათი კარგი მომზადება დოკუმენტის გააზრებისთვის, რათა არ მივიღოთ სახელმძღვანელოში მოცემული სარჩევის გადმოწერა, რითიც ხელი შეეშლება გლობალურ მიზნებზე გასვლას.
ზეპირი მოსმენის ფარგლებში არ უსაუბრიათ როგორი იქნება ახალი სტანდარტით სახელმძღვანელოს შერჩევის კრიტერიუმები, შეფასების სისტემა ან ექსპერტების მუშაობის პრინციპი, თუმცა მინისტრის მოადგილემ აქცენტი გააკეთა იმაზე, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას, თითქოს სახელმძღვანელოს რეცენზენტები შეფასებისას რა დასკვნასაც აკეთებენ, შემდეგ ამას სააპელაციოს ჯგუფიც ეთანხმება.
„4 შემთხვევა მახსენდება, როდესაც სააპელაციომ ისევ რეცენზენტებს დაუბრუნა განსახილველად. არ არის ასე, რომ რეცენცენტების შემდეგ სააპელაციო აღარ მუშაობს და ბრმად მიყვება ამ გადაწყვეტილებას, ამის ნასახიც არ არის“, – აღნიშნა თამარ მახარაშვილმა.
პარლამენტში გამართული 26 სექტემრის შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მოკვლევის ჯგუფის წევრებისგან მოკვლეული იყო სასკოლო რესურსებთან დაკავშირებული ყველა საკითხი: ინფრასტრუქტურის, სასწავლო გეგმის, წიგნების, სახელმძღვანელოების გრიფირების წესთან დაკავშირებული პრობლემები, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საკითხები საგანმანათლებლო პროცესში. მისივე თქმით, ყველა ეს საკითხი უკვე გადავა მოკვლევის დასკვნაში და განისაზღვრება ის აუცილებელი რეკომენდაციები, რომელიც საბოლოო ჯამში მიზნად ისახავს სასკოლო-საგანმანათლებლო სივრცის მკვეთრად გაუმჯობესებას.
ასევე იხილეთ:
- რას უნდა ველოდოთ უმაღლეს განათლებასა და მეცნიერებაში 4 წლის განმავლობაში – ახალი სამთავრობო პროგრამა by ARIS.GE-განათლება
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება