GE

„მომავალი წლის ბიუჯეტში განათლება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება“

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძის განცხადებით, მხოლოდ სასკოლო ინფრასტრუქტურა არ არის საკმარისი, რომ მოსწავლემ ხარისხიანი განათლება მიიღოს, მაგრამ მის გარეშე სასურველ შედეგებს ვერ მივაღწევთ. ამის შესახებ მან 10 ივნისს, პარლამენტში, განათლებისა და მეცნიერების და ადამიანის უფლებათა კომიტეტების გაერთიენებულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც გასული წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში და მომავალი წლების ბიუჯეტის პრიორიტეტები წარმოადგინა.

მისი განცხადებით, გასულ წელს, განათლების ნაწილში თითქმის 100%-იანი შესრულება გვაქვს და განათლების მიმართულება, რა თქმა უნდა, იქნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მომდევნო წლებში.

„მოგეხსენებათ, ჩვენ უკვე გვაქვს მსოფლიო ბანკთან ადამიანური კაპიტალის შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს განათლებაში, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებაში საკმაოდ დიდი რეფორმების განხორციელებას და ეს რეფორმები, რა თქმა უნდა, მოითხოვს დამატებით რესურსებს და ამ რესურსების მობილიზებას ჩვენ უზრუნველვყოფთ. ინფრასტრუქტურის მიმართულებით დიდი ყურადღება დაეთმობა სასკოლო ინფრასტრუქტურას. ჩვენ რამდენიმე შეთანხმება უკვე მოვიტანეთ, რამდენიმეს კიდევ მოვიტანთ და დონორების ნაწილში საკმაოდ დიდი თანხები გამოიყოფა. 100 მილიონი ევრო არის სესხი და გრანტი გერმანელებისა და იბიარდის მხრიდან, ასევე, აზიის განვითარების ბანკი გამოთქვამს მზადყოფნას. ბიუჯეტის რესურვების დიდი ნაწილი, რაც განათლებისთვის იქნება გამოყოფილი, მოხმარდება სასკოლო ინფრასტრუქტურას, ვინაიდან ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რაც ზოგად განათლებაში გვაქვს, არა მარტო სისტემური ხასიათის, არამედ ინფრასტრუქტურული კუთხითაცაა. 600 ათასზე მეტი ბავშვი დადის სკოლაში და ყველა რეგიონში, მიუხედავად მისი მაღალმთიანობისა, უნდა იყოს შესაძლებლობა, რომ მოსწავლემ მაღალი ხარისხის განათლება მიიღოს. ამას მხოლოდ ინფრასტრუქტურა, რა თქმა უნდა, არ ჰყოფნის, თუმცა ინფრასტრუქტურის გარეშე ვერ მივაღწევთ იმ შედეგებს, რაც გვინდა“, – განაცხადა პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ.

ასევე იხილეთ:

„ყველა სოფელში კარგი სკოლა ვერ გვექნება და ამას ნელ-ნელა უნდა შევეგუოთ“

სკოლები თავიანთი შედეგების მიხედვითაც დაფინანსდებიან – რას გულისხმობს ახალი პროექტი

„სასკოლო სისტემის დაფინანსების ახალი მოდელი“ – რა უნდა გაკეთდეს განათლების რეფორმებისთვის მსოფლიო ბანკის დამტკიცებული ახალი, $ 400 მლნ-იანი პროგრამით

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური