„სასკოლო სისტემის დაფინანსების ახალი მოდელი“ – რა უნდა გაკეთდეს განათლების რეფორმებისთვის მსოფლიო ბანკის დამტკიცებული ახალი, $ 400 მლნ-იანი პროგრამით
მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის ადამიანური კაპიტალის პროგრამა დაამტკიცა, – როგორც EDU.ARIS.GE-ს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს, ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს.
მათი ცნობით, 400 მლნ აშშ დოლარის მოცულობის დაფინანსება უდიდესი ერთიანი მრავალდარგობრივი ინვესტიციაა, რომელიც მსოფლიო ბანკმა საქართველოსთან პარტნიორობის 30 წლის განმავლობაში განახორციელა. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსოფლიო ბანკი იყენებს დაფინანსების ინსტრუმენტს „პროგრამა შედეგებისთვის“. ადამიანური კაპიტალის პროგრამა დასაფინანსებლად გამოიყენება, კერძოდ განათლების, ჯანდაცვის და სოციალურ დაცვის შედეგების გასაუმჯობესებლად.
„საგანმანათლებლო რეფორმების მიმართულებით კი, ადამიანური კაპიტალის პროგრამის მთავარი ამოცანაა საქართველოში ბავშვებისა და ახალგაზრდების უნარებისა და კომპეტენციების ამაღლება, რათა მათ შეძლონ მზარდი კომპლექსური პრობლემების დაძლევა, რომელთა წინაშეც დღეს თანამედროვე საზოგადოება დგას. პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს განათლების სისტემის გარდაქმნას სკოლამდელი განათლებიდან დაწყებული სასკოლო, საუნივერსიტეტო და შემდგომი განათლების ეტაპების ჩათვლით, რათა მოხდეს სისტემის ტრანსფორმირება ცოდნის მიწოდებიდან ისეთი უნარების განვითარებამდე, როგორებიცაა პრობლემების გადაწყვეტის, თანამშრომლობისა და კომუნიკაციის უნარები. პროგრამა აღნიშნულს განახორციელებს განათლების სისტემის დაფინანსებისა და ორგანიზაციის ფუნდამენტური რეფორმის მეშვეობით. შედეგად მოსწავლეებს წვდომა ექნებათ უკეთეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, მასწავლებლებსა და სკოლის ხელმძღვანელობას კი მხარდაჭერის უკეთესი პირობები საქართველოს ყველა რეგიონში. ასევე, გაცილებით უკეთ განვითარდება და მდგრადი გახდება ციფრული განათლების ინფრასტრუქტურა როგორც თბილისში, ისე ყველაზე შორეულ მაღალმთიან სოფლები“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
რეფორმების მნიშვნელობაზე საუბრობს მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი:
„საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის შეტანის პირობებში, ეს რეფორმები მნიშვნელოვანი იქნება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ქვეყნის განათლების ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სისტემები ჰარმონიზებაში იყოს ევროკავშირის შესაბამის სისტემებთან. ძირითად კანონებთან, რეგლამენტებთან და სტანდარტებთან“, – განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სებასტიან მოლინეუსმა.
განათლების მინისტრი კი აკონკრეტებს თუ რაზე გაკეთდება მის მიმართულებაში აქცენტი პროგრამის ფარგლებში, საიდანაც ვიგებთ, რომ უმაღლესის შემდეგ, ახლა უკვე სკოლამდელი და სასკოლო დაფინანსების მოდელი უნდა შეიქმნას:
„მნიშვნელოვანი ყურადღება მიექცევა სასკოლო განათლების ხარისხის განვითარებას. ასევე სკოლამდელი და სასკოლო განათლების სისტემების დაფინანსების დახვეწილი და გაუმჯობესებული მოდელის შექმნას“, – განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა.
მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ადამიანური კაპიტალის პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას სამართლიანი და თანასწორი წვდომით მაღალი ხარისხის განათლებასთან, უკეთ ფოკუსირებულ სოციალურ დახმარებასთან და ძლიერ პრევენციულ ჯანდაცვასთან, მკურნალობისა და მედიკამენტების შემცირებული ხარჯებით.
ასევე იხილეთ:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება