„ყველა სოფელში კარგი სკოლა ვერ გვექნება და ამას ნელ-ნელა უნდა შევეგუოთ“
„ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ 5 ბავშვიანი სკოლა ვერ იქნება მაღალი დონის სკოლა და იქ ბავშვი ვერ მიიღებს მაღალ განათლებას. მით უმეტეს, მაღალ კლასებში. მაღალ კლასებში კარგი განათლების მიღება და თითოეულ ბავშვზე კარგი მასწავლებლის მოძებნა პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება და არცერთ ქვეყანაში ეს არ არის შესაძლებელი. ამიტომ, ყველა სოფელში კარგი სკოლა ვერ გვექნება და ამას ნელ-ნელა უნდა შევეგუოთ“, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ 4 მაისს, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
კაკაურიძემ სხდომაზე საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის გაფორმებულ სასესხო შეთანხმება წარმოადგინა, რომელიც სკოლების რეაბილიტაციას ეხება და მისი სახელწოდებაა „შენობებში მწვანე ინვესტიციების პროექტი“.
კაკაურიძის განცხადებით, სკოლებში მხოლოდ რეაბილიტაცია არ განხორციელდება და სასესხო ხელშეკრულებისთვის მთავარი შენობის ენერგოეფექტურობაა, რომლის მიუღწევლადაც სკოლის რეაბილიტაცია ამ ხელშეკრულებით ვერ მოხერხდება.
„მოლაპარაკებები გვქონდა გერმანიის მთავრობასთან და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან. შევთანხმდით, რომ ორივე მათგანი ჯამში გამოყოფს 80 მილიონის ოდენობის საკრედიტო რესურსს, რომელსაც დაემატება 20 მილიონი ევროს ოდენობის საგრანტო რესურსი და ეს თანხა სრულად მიემართება საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის. ეს გულისხმობს როგორც მათი რეაბილიტაციის, ასევე მათი ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას. მხოლოდ რეაბილიტაცია არ განხორციელდება. ამ რეაბილიტაციის პროცესში უნდა იყოს ფანჯრები, სხვადასხვა ისეთი მასალების გამოყენება, რომელიც საბოლოო ჯამში მოგვცემს საშულებას ენერგოეფექტურობას მივაღწიოთ საჯარო სკოლების შენობებში“, – თქვა კაკაურიძემ სხდომაზე.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა. კაკაურიძე ამბობს, რომ მიმდინარე წელს მეორე ხელშეკრულებასაც მოეწერება ხელი გერმანიის მთავრობასთან და ჯამში მიღებული 100 მილიონი ევროდან 80 მილიონი იქნება სესხის რესურსი და 20 მილიონი ევრო – საგრანტო რესურსი.
„აღნიშნული სესხი 15-წლიან პერიოდს მოიცავს და 5 წელი შეღავათიანი პერიოდი გვაქვს“ – ამბობს კაკაურიძე. მისივე თქმით, პროექტის განმახორციელებელი იქნება მუნიციპალური განვითარების ფონდი, რადგან მას უკვე აქვს საკმაო გამოცდილება დონორებთან პროექტების განხორციელების და მათ შორის, ენერგოეფექტურობის კუთხით.
რაც შეეხება სკოლების შერჩევას, კაკაურიძის განცხადებით, აქ მთავარი როლი ექნება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, რომელმაც უნდა განსაზღვროს სად დგას ყველაზე დიდი საჭიროება სკოლების რეაბილიტაციის და რომელ ადგილზე იქნება ენერგოეფექტურობის მექანიზმი მნიშვნელოვანი. ენერგოეფექტურობის მიღწევის გარეშე სკოლა ამ პროექტით ვერ დაფინანსდება, რადგან სასესხო ხელშეკრულების მთავარი პუნქტი ენერგოეფექტურობის მიღწევაა.
„მნიშვნელოვანი იქნება, რომ შედარებით დიდ სკოლებზე იყოს გათვლილი, ვინაიდან 10 და 30 ბავშვიან ენერგოეფექტურობით რაიმე ეკონომიის მიღება შედარებით რთული და წარმოუდგენელია… რეაბილიტაციაც მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ ენერგოეფექტური არ გახდა სკოლა, არ ჩაეთვლებათ, რომ ამ სესხის ნაწილს მოვემსახურეთ“, – ამბობს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.
ხელშეკრულების მიხედვით, თანხის ათვისების ვადა განსაზღვრულია 2027 წლამდე. კაკაურიძის გათვლით, აღნიშნული თანხებით ჯამში 100-150 სკოლის სრული რეაბილიტაცია იქნება შესაძლებელი, თუმცა ამ პროცესს თავისი სირთულეც აქვს.
„სკოლების რეაბილიტაცია ნიშნავს, რომ ბავშვები ამ სკოლიდან უნდა გამოვიყვანოთ და შემდეგ დავაბრუნოთ. ბევრჯერ დადგა პრობლემა და დიდი ალბათობით ახლაც შეიძლება დადგეს, რადგან მოცემულობა გვქონდა, რომ ვერსად გადაგვყავდა ბავშები, ძალიან მოშორებით იყო სხვა სკოლა, გვიწევდა ზაფხულის პერიოდამდე მოცდა და ზაფხულის მაქსიმალური გამოყენება… რთულადაა საქმე, რადგან, შეიძლება სასწავლო პროცესი ჩავშალოთ ამის გამო“, – ამბობს კაკაურიძე, რომელიც ირწმუნება, რომ „სტანდარტები უფრო მაღალი იქნება, ვიდრე ჩვენ ვითხოვთ“.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა, სხდომის დასასრულს, ფინანსთა მინისტრის მიერ წარმოდგენილ სასესხო შეთანხმებას მხარი დაუჭირა.
ასევე იხილეთ:
მთავრობა 80 ახალი სკოლისა და 90 საბავშვო ბაღის აშენებას გეგმავს
- „ათეისტი“ – ნამდვილი ამბავი სკოლიდან, როგორც გაკვეთილის თემა by განათლებული ბლოგი
- სკოლების ავტორიზაციის საბჭო კიდევ 5 საჯარო სკოლის ავტორიზაციის საკითხს 27 ნოემბერს განიხილავს by ARIS.GE-განათლება
- რა შეიცვალა მასწავლებლის საგნის, პროფესიული უნარებისა და სპეცმასწავლებლის გამოცდის ჩატარების წესში – ბრძანება by სიახლეები პედაგოგთა გამოცდებზე