სკოლები თავიანთი შედეგების მიხედვითაც დაფინანსდებიან – რას გულისხმობს ახალი პროექტი
შედეგებზე ორიენტირებული დაფინანასება – ასე წარადგინეს 4 მაისს საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის გაფორმებული სასესხო შეთანხმება განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე. საუბარია „საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამაზე“, რომელიც პარლამენტში საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილე გიორგი კაკაურიძემ დეპუტატებს გააცნო.
პროგრამის არსი იმაში მდგომარეობს, რომ დაფინანსებას მიიღებს ის სკოლა, რომელიც შედეგს დადებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სასესხო ტიპის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხა სკოლაზე არ გაიცემა.
ხელშეკრულების მიხედვით, სკოლებს ეძლევათ საშუალება დაფინანსება მიიღონ, თუმცა მანამდე, კაკაურიძის განცხადებით, განათლების სამინისტრომ უნდა ჩაატაროს კვლევა სკოლების მიმართულებით და დაადგინოს, რა ტიპის პრობლემებია მაღალმთიანი რეგიონების თუ დიდი ქალაქების სკოლებში და რა სჭირდება ამ პრობლემების აღმოფხვრას.
„შემდგომ კი, ახალი ფორმულაა სკოლების დაფინანსებაზე მისაღები და ეს ყველაფერი რომ განხორციელდება, ამის შემდეგ მოხდება გარკვეული ტრანშის ჩამორიცხვა“, – ამბობს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.
ხელშეკრულებას 30 მარტს მოეწერ ხელი. IBRD-მა საქართველოს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 358 500 000 ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი სესხის სახით გამოუყო. როგორც დადებული ხელშეკრულების განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, პროგრამის მიზანია, საქართველოში ადამიანური კაპიტალის მიწოდების სისტემა გახდეს უფრო ეფექტური და ინკლუზიური. პროგრამა ითვალისწინებს ღონისძიებების განხორციელებას განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სფეროში და მოიაზრებს ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე გაწეული ხარჯების ეფექტიანობის გაზრდას დევიზით – რასაც ვხარჯავთ, იმაზე მეტი შედეგი მივიღოთ.
მსგავსი ტიპის ხელშეკრულება საქართველომ პირველად გააფორმა. გიორგი კაკაურიძის განმარტებით, ეს იქნება გაწერილი გეგმა, თუ რა შედეგებს გვინდა მივაღწიოთ და ამ შედეგების მიღწევიდან გამომდინარე მოხდება ექვსწლიან პერიოდში ტრანშების ჩამორიცხვა.
„შედეგებზე ორიენტირებული პროგრამაა, ახალი ინსტრუმენტია, რომელსაც პირველად იყენებს საქართველო, სხვა ქვეყნებში იშვიათად არის გამოყენებული, თუმცა ადამიანური კაპიტალის ნაწილში პირველები ვართ, ვინც ამ მიმართულებით სესხი აიღო… გრძელვადიანი სტრატეგიაა და გრძელვადიანი შედეგების მიღწევის ჩამონათვალი უკვე არის წარმოდგენილი ხელშეკრულებაში, თუ რა შედეგებს უნდა მივაღწიოთ თითოეული მიმართულებით“, – თქვა კომიტეტის სხდომაზე კაკაურიძემ.
შედეგის მიღწევამდე, თანხა ბიუჯეტიდან დაიხარჯება. თითოეულ ინდიკატორს ეყოლება გარე შემფასებელი. გარე შემფასებელი როგორც კი დაადასტურებს შედეგს, ფინანსთა სამინისტრო განახორციელებს ანგარიშგებას ბანკთან, საიდანაც მოხდება ტრანშების ჩამორიცხვა.
ამბიციური, თუმცა რეალისტური და ღირსეული მიზნები უწოდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე კახაბერ ერაძემ აღნიშნულ პროექტს. ის ამბობს, რომ ახალი ხელშეკრულება განათლების სფეროში ერთგვარი სამოქმედო გეგმაა 2026 წლამდე, რადგან ებმის სისტემის ზოგადად გაუმჯობესებას და სკოლების ავტორიზაციაც მისი ერთ-ერთი ინდიკატორია. აღნიშნული პროექტი ეხება ასევე საბავშვო ბაღებს და მათ ავტორიზაციას, თუმცა, როგორც განათლების მესვეურები ამბობსნ, ამ შემთხვევაში სკოლები უფრო პრიორიტეტული იქნება.
ხელშეკრულების დადების მესვეურები ირწმუნებიან, რომ პროექტი განხორციელდა არა ფულის მოზიდვის კუთხით, არამედ იმისთვის, რომ ამ ხელშეკრულების მიხედვით გაწერილ გეგმას მიყვნენ 2026-2027 წლის ბოლომდე, სანამ საშუალო განათლების ნაწილში ის ძირითადი მიზნები არ იქნება მიღწეული, რომლის მიხედვითაც, ყველა სკოლამ ავტორიზაცია უნდა გაიაროს.
გეგმის მიხედვით, უნდა გაიზარდოს სკოლის როლი. მერე კი მოხდეს სკოლების გაერთიანება და კაკაურიძის თქმით, სკოლების ფინური მოდელი სხვა არაფერია, თუ არა ასეთი მიდგომა.
„სკოლის როლი იზრდება და დამოუკიდებლობის ხარისხი სკოლის დონეზე დადის ანუ მასწავლებლის და სკოლის მიმართ ნდობა უნდა გაიზარდოს საბოლოო ჯამში. ფინური მოდელი ყველას რომ მოსწონს, იქ მთავარი აქცენტი სწორედ ის არის, რომ მასწავლებელს და სკოლას აქვს უდიდესი ნდობა და ეს აძლევთ იმის საშუალებას, რომ სწორად მართონ პროცესები“, – ამბობს კაკაურიძე.
ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს ისეთი აქტივობების განხორციელება, რომლებსაც, ბანკის მოსაზრებით, მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგების გამოწვევა შეუძლიათ და გარემოზე ან ადამიანებზე სენსიტიური, მრავალმხრივი და უპრეცედენტო ზეგავლენა.
„საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამის“ დასრულების თარიღად ხელშეკრულებაში 2028 წლის 31 დეკემბერია მითითებული.
ასევე იხილეთ:
„ყველა სოფელში კარგი სკოლა ვერ გვექნება და ამას ნელ-ნელა უნდა შევეგუოთ“
როგორი იქნება სკოლების ავტორიზაციის ახალი სტანდარტი – პარლამენტი კანონპროექტს 2022 წელს დაამტკიცებს
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება