GE

ორი აბიტურიენტისთვის საგამოცდო დღის შეცვლას სასამართლოს გზით ითხოვენ – რა პოზიცია აქვს გამოცდების ცენტრს

არასამთავრობო ორგანიზაცია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტმა TDI-მ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საქმე ეხება რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელ ორ აბიტურიენტს, რომლებიც რელიგიური მრწამსის გამო ნაეკის მიერ განსაზღვრულ დღეს, გამოცდაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, თარიღის შეცვლას კი გამოცდების ცენტრი არ თანხმდება.

„ცენტრმა უარი უთხრა ორ აბიტურიენტს, რომლებიც მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის წევრები არიან, სხვა დღეს ჩაებარებინათ ინგლისური ენის გამოცდა. ორმა აბიტურიენტმა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს 2020 წლის 30 ივნისს მიმართა 18 ივლისს დანიშნული გამოცდის გადატანის თხოვნით, რადგან რელიგიური მრწამსის გამო, მათ არ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ გამოცდაში შაბათ დღეს. ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესია შაბათ დღეს აღიარებს ყოველდღიური საქმეებისაგან დასვენებისა და ღვთისმსახურების დღედ. ეკლესიის წევრებისათვის, მათი რწმენის შესაბამისად, დაუშვებელია შაბათ დღეს სეკულარულ აქტივობებში, მათ შორის, გამოცდაში მონაწილეობის მიღება. მათი ეს უფლება ექცევა საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით აღიარებულ რელიგიისა და რწმენის თავისუფლების სფეროში. წელს მსგავსი პრობლემის წინაშე დადგნენ იუდაიზმის მიმდევარი აბიტურიენტებიც. სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პასუხების მიხედვით, აბიტურიენტების განცხადებებში აღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ გამოცდების განრიგი უკვე დამტკიცებულია“,- ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ინგლისურის გამოცდა 18 ივლისის გარდა, 17 და 19 ივლისსაც არის ჩანიშნული, ამიტომ გამოცდების ცენტრს შეეძლო აბიტურიენტების გამოცდა რომელიმე სხვა დღეს გადაეტანა.

„საყურადღებოა, რომ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 9 ივნისის ბრძანებით განისაზღვრა გამოცდების განრიგი, რომლის მიხედვით, ინგლისური ენის გამოცდა დანიშნულია სამ სხვადასხვა დღეს – კერძოდ, 17, 18 და 19 ივლისს. ის თარიღი კი, კონკრეტულად რომელ დღეს უნდა მიეღოთ გამოცდაში მონაწილეობა აბიტურიენტებისთვის ცნობილი გახდა 27 ივნისს. შესაბამისად, არსებობს შესაძლებლობა, რომ აბიტურიენტებმა, რომლებიც საკუთარი რწმენის გამო გამოცდაზე ვერ გავლენ შაბათ დღეს, გამოცდაში მონაწილეობა მიიღონ 17 ან 19 ივლისს. როდესაც არსებობს გამოცდაში მონაწილეობის ალტერნატიული დღეების შესაძლებლობა და იმის გათვალისწინებით, რომ აბიტურიენტებმა დროულად მიმართეს განცხადებით სსიპ – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს გამოცდის სხვა დღეს გადატანის თხოვნით, დაირღვევა მათი რელიგიისა და რწმენის თავისუფლება; ასევე ირღვევა აბიტურიენტების უფლება განათლებაზე, ვინაიდან საკითხისადმი სახელმწიფოს გულგრილი დამოკიდებულების გამო, ახალგაზრდები ვერ შეძლებენ 2020 წელს ჩააბარონ ერთიანი ეროვნული გამოცდები და სწავლა განაგრძონ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

TDI-ის მიერ 15 ივლისს წარდგენილი სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებით სასამართლოში მოთხოვნილია დროებითი განჩინების მიღება, რათა ცენტრს დაევალოს ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ორ წევრს მიეცეს შესაძლებლობა, ინგლისური ენის გამოცდა 17 ან 19 ივლისს ჩააბარონ, ან ნებისმიერ სხვა დღეს, გარდა შაბათისა. სარჩელის უზრუნველყოფის განცხადების წარდგენის შემდგომ, არასამთავრობო ორგანიზაცია სარჩელით მიმართავს სასამართლოს გამოცდის გადატანაზე უარის ბათილად ცნობის, რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენისა და ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ. საკითხის შესწავლა ომბუდსმენმაც დაიწყო.

თ.ვ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური