GE

რა დარღვევები აღმოაჩინა აუდიტის სამსახურმა თსუ-ის მიერ ჩატარებული შესყიდვების ნაწილში

სახელმწიფო აუდიტის სამსახური თსუ-ის მიერ გამოცხადებულ და ჩატარებულ სახელმწიფო შესყიდვების ტენდერებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს.

აუდიტის ანგარიშმა ძირითად მოიცვა 2014 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე პერიოდი და ასევე სხვა პერიოდის ცალკეული შესყიდვები, რომელიც აუდიტის მიერ საეჭვოდ იქნა მიჩნეული.

კერძოდ, აუდიტის დასკვნაში ვკითხულობთ, რომ თსუ-ის შესაბამისი სამსახური ბაზრის კვლევებს ძირითადად აწარმოებდა მხოლოდ ფასთა გამოკითხვის საშუალებით, რომელიც იძლევა ძალიან მწირ ინფორმაციას და ქმნის ფასებით მანიპულირების შესაძლებლობას.

ეს გამოვლინდა კიდეც, როდესაც კვლევაში მონაწილე კომპანიებმა შესათავაზებელი ფასები გაზარდეს.

„ყოველივე აღნიშნული განაპირობებს არასაბაზრო, არაადეკვატურად მაღალი სავარაუდო ღირებულებების ჩამოყალიბებას, რაც უკონკურენტო გარემოში ჩატარებული ტენდერების შემთხვევებში იწვევს საჯარო სახსრების არარაციონალურ ხარჯვას. ხოლო იმ შემთხვევებში, თუ კონკურენცია შედგა, ხშირად ფასის კლება 20%-ზე მეტს შეადგენს, რის გამოც პრეტენდენტები იძულებული არიან რეალური საბაზრო ფასების შეთავაზების შემთხვევებშიც კი დაასაბუთონ ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, რაც ზოგჯერ ტენდერებში მათი დისკვალიფიკაციის მიზეზი ხდება და ქმნის სატენდერო წინადადების მაღალი ფასის მქონე პრეტენდენტების გამარჯვების შესაძლებლობას”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

მაგალითდ, თსუ-ის მიერ კარტრიჯების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერების უმრავლეს შემთხვევაში, მოთხოვნები ისე იყო წარმოდგენილი, რომ კონკურენციას ზღუდავდა, რამაც განაპირობა, რომ ტენდერში მონაწილეობა მიიღო და სავარაუდო ღირებულების ტოლი (ან მასთან მიახლოებული) ფასით გაიმარჯვა კომპანია შპს „ულტრამ“. იგივე ტიპის ხარვეზე აღმოაჩინა აუდიტის ასმსახურმა ავეჯის შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში.

დარღვევებზეა საუბარი ასევე იმ ნაწილში, რაც ეხება თსუ-ის მე-2 კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად ჩატარებულ შესყიდვების ელექტრონულ ტენდერს.

“თსუ-ის მე-2 კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად შეირჩა
პროექტირება-მშენებლობის – ე.წ. Dესიგნ-Bუილდ (DB) მეთოდი. შესყიდვა განხორციელდა 2018 წლის14 მარტს გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით. შესყიდვის სავარაუდო
ღირებულებამ შეადგინა 5,829.9 ათასი ლარი. ტენდერში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ და
გამარჯვებულად გამოცხადდა სატენდერო წინადადების უმცირესი ფასის წარმომდგენი შპს „დიკა 2010“, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულება (N430/06, 03.05.2018წ.) ღირებულებით – 5,192.0 ათასი ლარი. სამშენებლო პროექტების განხორციელების DB მეთოდის ერთ-ერთ უარყოფით მხარეს წარმოადგენს შესყიდვის საშუალებად ტენდერის გამოყენების სირთულე (გარდა ტიპური პროექტების განხორციელების შემთხვევებისა). იმის გამო, რომ აღნიშნული მეთოდი გულისხმობს საპროექტო მომსახურების და სამშენებლო სამუშაოების ერთი კონტრაქტორისგან შესყიდვას, ტენდერის გამოცხადების ეტაპზე არ არსებობს დეტალური საპროექტო დოკუმენტაცია (ხარჯთაღრიცხვა), რაც, თავის მხრივ, შეუძლებელს ხდის სწორად განფასდეს შესასრულებელი სამუშაოები და შედეგად, ადეკვატურად განისაზღვროს შესყიდვის სავარაუდო ღირებულება. ასეთ შემთხვევაში ტენდერებში ფასების კლებაც მხოლოდ გარკვეულ ფარგლებში შეიძლება დაფიქსირდეს და მაღალი რისკი არსებობს იმისა, რომ რეალურ საბაზრო ღირებულებამდე ვერ ჩამოვიდეს (რადგან თვით პრეტენდენტებსაც არ აქვთ ზუსტი წარმოდგენა ფასის ადეკვატურობაზედა დაზღვევის მიზნით შესაძლოა მაღალ ფასებზე შეაჩერონ შეთავაზება)”, – ვკითხულობთ აუდიტის ანგარიშში.

აუდიტის სამსახური ასევე მიუთითებს, რომ თსუ-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებებით, 2014 წლის განმავლობაში რექტორს ეტაპობრივად გამოეყო ჯამურად 13538.32 აშშ დოლარის ეკვივალენტი – 23829.13 ლარი, მისი ავტორობით აშშ-ში გამოცემული წიგნების კომპანია Nova science publishers -გან შესაძენად. წიგნების შეძენა განხორციელდა რექტორის ინიციატივით. ზემოაღნიშნული თანხა ჩაირიცხა რექტორის პირად ანგარიშზე.

„აღნიშნული შესყიდვები განხორციელდა კანონმდებლობის დარღვევით, კერძოდ: შესყიდვების განხორციელების პროცესში მიმწოდებელს წარმოადგენდა ფიზიკური პირი (რექტორი) და არა კომპანია Nova science publishers (ამ კომპანიასთან თსუ-ს რაიმე სახის სამართლებრივი ურთიერთობა არ გააჩნდა); შესყიდვების განხორციელებისას წარმოიშვა ინტერესთა კონფლიქტი, რადგან მიმწოდებელი იმავდროულად იყო შემსყიდველი (თსუ-ის რექტორი) და მოცემული შესყიდვის ინიციატორი“, – ვკითხულობთ აუდიტის დასკვნაში.

აუდიტის სამსახურს ვრცელი და დეტალური განცხადებით უპასუხა უნივერსიტეტმა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014-2017 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში მოყვანილი ფაქტები არასწორადაა შეფასებული და დამატებით განმარტებას მოითხოვს, რათა საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია მიეწოდოს.

კერძოდ, დასკვნაში მითითებულია, რომ თსუ-ს მიერ პრინტერების კარტრიჯების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში აუდიტის სამსახური კონკურენციის შეზღუდვის მაღალ რისკს ხედავს, რაც უსაფუძვლოა. თსუ-ს მხრიდან აუდიტის სამსახურს განემარტა რომ კარტრიჯების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერებში სიტყვა  „ორიგინალი“-ს მითითება არ წარმოადგენს არაპირდაპირ მითითებას რომელიმე პრინტერების მწარმოებელი კომპანიების მიერ წარმოებულ პროდუქტზე. სატენდერო დოკუმენტებში სიტყვა „ორიგინალი“ გულისხმობს პრინტერის მწარმოებლის მიერ დამზადებულ, ან ამავე მწარმოებლის მიერ სერტიფიცირებული კომპანიის მიერ დამზადებულ პროდუქტს და ეს აუცილებლობა გამოიწვია იმ შემთხვევებმა, როდესაც ორიგინალი კარტრიჯების ფასად მიმწოდებლებს შემოუთავაზებიათ მეორადი, საქართველოში კუსტარულად აღდგენილი/ გადამუშავებული კარტრიჯები. მწარმოებლის ავტორიზაციის წერილის (მაფ) მოთხოვნით კი ხდება მეორადი და კუსტარულად  გადამუშავებული პროდუქციისგან თავის დაცვა.

უნდა  აღინიშნოს,  რომ  თავად  შესყიდვების  სააგენტოს  პრინტერების  და კარტრიჯების  შესყიდვის  მიზნით  გამოცხადებულ  კონსოლიდირებულ  ტენდერებში მოთხოვნილი  აქვს  ორიგინალი  კარტრიჯები  და  მოთხოვნები  შემდეგნაირად  აქვს ჩამოყალიბებული: „შემოთავაზებული სტანდარტული კარტრიჯი განკუთვნილი უნდა იყოს შემოთავაზებული სტანდარტული პრინტერისათვის, იგი უნდა იყოს ორიგინალი და   ახალი   (არამეორადი)   პროდუქცია.“

ასევე, არასწორი ინტერპრეტაციაა ავეჯის შესყიდვასთან დაკავშირებით, სადაც   თსუ-ის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში შესყიდვის ობიექტის პარამეტრები (ზომები, მასალები, ფერი და ა.შ.) სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული იყო ფიქსირებულ სიდიდეებში. თსუ განმარტავს, რომ სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული მოთხოვნები კონკრეტულ კომპანიაზე მორგებას არ გულისხმობდა. დასამზადებელი ავეჯის შესყიდვის მიზნით პირველ რიგში ხდება ავეჯის განთავსების, ადგილმდებარეობის და ფართის შესწავლა, მზადდება შესაბამისი ნახაზები ზუსტი პარამეტრების მითითებით, რათა ტექნიკური დავალება არ ქმნიდეს დამაბრკოლებელ გარემოებას დამამზადებელი კომპანიებისათვის.

ამასთან, აუდიტის სამსახური ავტომანქანების ტექნიკური მომსახურების შესასყიდად თსუ-ს მიერ ჩატარებულ ტენდერებში   თითქოსდა ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის თვალსაზრისით არსებულ რისკებზე მიუთითებს. საკითხი ეხება ა/მანქანების ტექნიკური მომსახურების შესყიდვისას პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრის და სატენდერო წინადადების ფასის კლების მეთოდს.

პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების განსაზღვრა ხდება ბაზრის კვლევის ეტაპზე. რაც შეეხება პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულების და პრეისკურანტის საბოლოო ღირებულების განსაზღვრის წესს, ის დარეგულირებულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის  2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების მე-11 მუხლით, რომლის მიხედვითაც, ტენდერის პრეისკურანტის საფუძველზე ჩატარებისას სატენდერო კომისია სატენდერო დოკუმენტაციაში თავად განსაზღვრავს პრეისკურანტში მოცემული სამუშაოს ან მომსახურების ერთეულების ღირებულების დადგენის წესს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების საბოლოო ფასთან მიმართებით. გარდა ამისა, მსგავსი პრინციპით სარგებლობა სირთულეებს ნამდვილად არ იწვევს და უფრო მეტიც აღნიშნული პრინციპით სარგებლობს შემსყიდველი ორგანიზაციების უმრავლესობა მათ შორის სახელმწიფო აუდიტის სამსახურიც.

რაც შეეხება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით დაფინანსებული სამეცნიერო პროექტის თაობაზე გამოთქმულ მოსაზრებებს, თსუ-ს მიერ აუდიტის სამსახურს გაეგზავნა გრანტის მიმღები პასუხისმგებელი ფიზიკური პირის დამატებითი განმარტებები. ამასთან, დაფინანსებული კვლევა გრანტის მიმღები პირის მიერ ჩატარდა სრულყოფილად და შესაბამისი ანგარიში წარედგინა სამეცნიერო ფონდს.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსის რეაბილიტაციაზე ხარჯთაღრიცხვა გაიზარდა და “საბიუჯეტო სახსრების არარაციონალური და არაეკონომიური ხარჯვის რისკი” შეიქმნა, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

მეორე   სასწავლო   კორპუსის   სარეაბილიტაციო   სამუშაოების   შესყიდვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეკომენდაციით განისაზღვრა ე.წ. Design-Build  (DB)  მეთოდით. აღნიშნული საკითხი დაფინანსების გამოყოფის ეტაპზე შეთანხმებული იქნა საქართველოს მთავრობის 2013  წლის 8  ნოემბრის #289 დადგენილებით შექმნილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის  საკითხის შემსწავლელი უწყებათაშორის კომისიასთან.

აღნიშნულ კონცეფციას აქვს დადებითი მხარეები. კერძოდ, DB მეთოდი (რომელიც მოქმედ კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაშია და ფართოდაა აპრობირებული) გულისხმობს ერთი კონტრაქტორის შერჩევას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება როგორც პროექტის  შექმნაზე,   ასევე   სამუშაოების  წარმოებაზე.   პასუხისმგებლობა  პროექტის ხარისხზე  და  პასუხისმგებლობა  სამუშაოების  სათანადოდ  წარმართვაზე  გადადის მხოლოდ  ერთ  პირზე.    შესაბამისად,    მცირდება  სადაო  საკითხები  და  პროექტში ცვლილებების შეტანის საჭიროება.  DB მეთოდი შესაძლებლობას იძლევა შემჭიდროებულ ვადებში  და  ხარისხიანად  განხორციელდეს  მნიშვნელოვანი  პროექტები

რაც შეეხება შემსყიდველის მხრიდან სახსრების რაციონალურად ხარჯვას. მეორე კორპუსის რეაბილიტაციაზე ჩატარდა ბაზრის კვლევა 100-ზე მეტ კომპანიასთან, სადაც დაფიქსირდა პროექტის მაქსიმალური ღირებულება 6,1 მლნ ლარი, ტენდერი გამოცხადდა უმცირეს ფასზე. ტენდერში მონაწილეობდა 3 კომპანია, საბოლოოდ ხელშეკრულება გაფორმდა 5,19 მლნ ლარის ღირებულების პროექტზე, რითაც გაწეულია 1 მლნ ლარზე მეტი ეკონომია”, – წერია უნივერსიტეტის განმარტებით წერილში.

ა.წ.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური