GE

როგორ პასუხობს პარტია „ლელო საქართველოსთვის“ განათლების პროგრამის შესახებ კითხვებს?

ინფორმაცია განახლდა (26/10/2020), აქამდე მასალა გავიდა სათაურით „რა კითხვებს ვერ პასუხობს განათლების პროგრამის შესახებ პარტია „ლელო საქართველოსთვის“.

როგორც ცნობილია, EDU.ARIS.GE-ზე შეიქმნა სპეციალური სივრცე edu.aris.ge/elections2020, სადაც განთავსებულია პოლიტიკური პარტიების პროგრამები და წინასაარჩევნო ხედვები განათლების კუთხით. გარდა ამისა, ჩვენ სხვადასხვა პარტიებსა და მათ ლიდერებს განათლებასთან დაკავშირებული კითხვებით მივმართეთ და მათი პასუხებიც გამოვაქვეყნეთ, პროგრამის შესაბამისი კითხვები გაეგზავნა პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ (იხ. პროგრამა).

ახლა კი, ამომრჩეველმა უნდა შეაფასოს რამდენად ამომწურავია მათი კომენტარები დამატებით კითხვებზე.

EDU.ARIS.GE: ლელო საქართველოსთვის წინასაარჩევნო პროგრამის განათლების ნაწილში, პირველ პუნქტად ვკითხულობთ: ქართული განათლება = ევროპულ განათლებას. ევროპული განათლების მოდელი და ხარისხი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მკვეთრად არის განსხვავებული. გთხოვთ დააკონკრეტოთ, ევროპულ განათლებაში რომელი ქვეყნის ან ქვეყნების განათლება მოიაზრება.

პასუხად მივიღეთ, რომ „ევროპულ განათლებაში“ არ იგულისხმება რომელიმე კონკრეტული ქვეყნის საგანმანათლებლო მოდელის გადმოღება.

„ევროპული განათლება“ გულისხმობს ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ღირსეულ წევრობას, ევროპული ღირებულებების დანერგვას, აკადემიური კეთილსინდისიერების, აკადემიური თავისუფლებისა და ავტონომიურობის იდეის თანმიმდევრულ განხორციელებას, საზოგადოების ნებისმიერი ფენისთვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფას.“

„ევროპული განათლება ჩვენთვის ნიშნავს ევროპის შრომის ბაზართან თავსებადი, სანდო და გასაგები უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სისტემის შექმნას.“

EDU.ARIS.GE: ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში პარტიის ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ დასძინა, რომ ლელოს გამარჯვების შემთხვევაში წინასაარჩევნო პროგრამა მომდევნო 4 წლის განმავლობაში შესრულდება.

გთხოვთ დააკონკრეტოთ, სავარაუდოდ რომელ ადგილზე ხედავს პარტიის ლიდერი საქართველოს ადგილს PISA-ს და PIRL-ის კვლევებში მე-5 წლის თავზე? რამდენ ქართულ უნივერსიტეტს ხედავს საუკეთესო უნივერსიტეტების ასეულში THE-ს, QA-ს, US NEWS-ისა და ARWU-ს რეიტინგში?

პარტიაში იციან, რომ „დღეისათვის უნივერსიტეტების რანჟირების გაცილებით მეტი სისტემა არსებობს“ და „ზოგიერთი მათგანი ამა თუ იმ სახელმწიფოს პროპაგანდისტულ მიზნებსაც კი ემსახურება. ნებისმიერი რანჟირების სისტემა და მათ შორის უნივერსიტეტებისაც არის პირობითი და წარმოდგენას გვიქმნის ამა თუ იმ მოვლენასა და სისტემაზე იმ მაჩვენებლების მიხედვით, რომლებსაც რეიტინგის შედგენის დროს ეყრდნობა“.

კითხვაზე პასუხად მივიღეთ, რომ „ვინაიდან, უნივერსიტეტების რანჟირების სისტემა საკმაოდ პირობითია, ქვეყნის განათლებისა და მეცნიერების განვითარების პოლიტიკის მიზანი ვერ იქნება საერთაშორისო რეიტინგში ქვეყნის პოზიციის გაუმჯობესება, მაგრამ ეს ნამდვილად მოხდება თანმიმდევრული პოლიტიკის განხორციელების, მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების შედეგად“.

მიუხედავად საერთაშორისო რეიტინგების პირობითობისა, „ლელო საქართველო“ თანახმაა, რომ პარტიის განათლების პოლიტიკის შეფასების ერთ-ერთ ინდიკატორად საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს უნივერსიტეტების შეცვლილი რაოდენობა და რეიტინგი განისაზღვროს.

მივესალმებით განცხადებას. განათლების პოლიტიკის შეფასებისთვის ერთ-ერთ ინდიკატორად შეცვლილი საერთაშორისო რეიტინგები გამოიყენება.

EDU.ARIS.GE: არჩევნებში ლელო საქართველოს გამარჯვების შემთხვევაში, ვინ იქნება ლელოს კანდიდატი(ები) (გვარი და სახელი) საქართველოს განათლების მინისტრის პოსტზე?

„ლელო საქართველოს“ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, განათლების „მინისტრი კი არ მიიღებს ერთპიროვნულად გადაწყვეტილებებს, არამედ პროფესიონალების გუნდი. სამინისტრო იქნება მხოლოდ პოლიტიკის განმსაზღვრელი სახელმწიფო სტრუქტურა. ჩვენ სისტემის ნამდვილ დეცენტრალიზაციაზე ვლაპარაკობთ“.

„თუ გაინტერესებთ ვინ იქნება მინისტრი“, გვისაყვედურეს „ლელოში“, „მაშინ იკითხეთ ვინ იქნება შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელი, ვინ იქნება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ვინ უხელმძღვანელებს ზოგად განათლებას, ვინ – უმაღლეს განათლებას, მეცნიერებას და ასე შემდეგ.“, თუმცა არც მინისტრის და არც სხვა პიროვნებების გვარები და სახელები არ დაუსახელებია.

EDU.ARIS.GE: ლელოს საქართველოს არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში მშპ-ის რამდენი პროცენტის ოდენობით იქნება განსაზღვრული სახელმწიფო ხარჯი განათლებაზე პირველი წლის განმავლობაში? მომდევნო 3 წლის განმავლობაში? ბიუჯეტის რომელ სტატიას შეამცირებდით განათლების ხარჯების სასარგებლოდ თუ ეს გახდებოდა თქვენი აზრით საჭირო?

პარტიას არ დაუკონკრეტებია განათლებაზე შესაძლო ხარჯების ოდენობა არჩევნებში შესაძლო გამარჯვების შემთხვევაში პირველი წლის განმავლობაში, არც მომდევნო 3 წლის განმავლობაში.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ პარტიის პასუხი ოდნავ უცნაურად გამოიყურება:

„ჩვენი აზრით, არ არის საკმარისი და სერიოზული საუბარი მხოლოდ განათლებაში ჩადებული თანხის ოდენობაზე, რადგან მნიშვნელოვანია ხარისხი და არა რაოდენობა.

ჩვენთვის უპირველესი მნიშვნელობა ენიჭება თანხის სწორად და ეფექტურად ხარჯვას, ამიტომ მხოლოდ მშპ-ის პროცენტებზე საუბარი, თუნდაც ეს 6 პროცენტი იყოს, ამგვარი კვლევების გარეშე, სასურველ შედეგს ვერ მოიტანს“.

EDU.ARIS.GE: პარტია „ლელო საქართველოსთვის“ რომელ ადგილზეა განათლების განვითარება პრიორიტეტით სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის? ასევე გთხოვთ ჩამოგვითვალოთ თქვენი პრიორიტეტების პირველი სამეული.

პარტიის „სამი პრიორიტეტია: სახელმწიფო ენა და განათლება, ეკონომიკა, ჯანდაცვა.“

განათლება – ლელო საქართველოსთვის (№56)

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური