რა მდგომარეობაშია ეპიდემიის პირობებში საბავშვო ბაღების სველი წერტილები – ომბუდსმენის კვლევა
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ „სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მონიტორინგის შედეგებთან“ დაკავშირებით სპეციალური ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ დარგში 2014 წლის შემდეგ დადებითი ცვლილებები მოხდა, განსაკუთრებით კვების კუთხით, თუმცა რჩება პრობლემები.
COVID 19-ის პანდემიის პირობებში, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებმა მუშაობა 2020 წლის პირველი ოქტომბრიდან უნდა განაახლონ. საბავშვო ბაღებში აუცილებელია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვა, რომელთაგან ერთ-ერთი სველი წერტილების სანიტარული მოწესრიგებაა.
საინტერესოა რა მდგომარეობაა აღწერილი ამ კუთხით ომბუდსმენის ანგარიშში. სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში, მათ შორის, მაღალმთიანი რეგიონებში სულ 143 ბაგა-ბაღის მონიტორინგი ჩაატარეს. გთავაზობთ ნაწყვეტს მათი ანგარიშიდან, რომელიც სველი წერტილების მდგომარეობას ასახავს.
სველი წერტილები
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტების თანახმად, საბავშვო ბაღის ფიზიკური გარემო თითოეული ბავშვის პირადი ჰიგიენის დაცვის საშუალებას უნდა იძლეოდეს. კერძოდ, საპირფარეშო სათანადოდ აღჭურვილი, სუფთა, და თითოეული აღსაზრდელისთვის, მათ შორის, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის, ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
საბავშვო ბაღების გაერთიანებების წარმომადგენლებთან საუბრისას გამოიკვეთა, რომ მუნიციპალიტეტი საბავშვო ბაღებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებისას, ყურადღებას აქცევს სველი წერტილების მოწესრიგების საკითხს და გაერთიანებების ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებების ყველაზე მეტი ხვედრითი წილი (29.5%) სწორედ სველი წერტილების შეკეთება-მოწესრიგებაზე მოდის. თუმცა, მონიტორინგის პროცესში სველი წერტილების ვიზუალური დათვალიერებისა და თანამშრომლებთან გასაუბრების შედეგად გაირკვა, რომ მუნიციპალიტეტის მიერ გაწეული სამუშაოების მიუხედავად, სველი წერტილები დადგენილ სტანდარტს არ შეესაბამება.
კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში (88.7%), აღსაზრდელთათვის განკუთვნილი სველი წერტილები განთავსებულია შენობის შიგნით, ხოლო დანარჩენ შემთხვევაში – შენობასთან ახლოს, სოფლად, საბავშვო ბაღის ეზოებში მოქმედებს ერთი საპირფარეშო, სადაც ერთი ან ორი თურქული ტიპის ჯამია განთავსებული. ამასთან, საბავშვო ბაღების დიდ ნაწილს საერთოდ არ აქვს, ან მხოლოდ ზოგიერთ ჯგუფში აქვს საკმარისი რაოდენობის უნიტაზი. ასევე გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც საბავშვო ბაღში რამდენიმე ჯგუფს არ ჰქონდა მისთვის განკუთვნილი საპირფარეშო, რის გამოც ისინი საბავშვო ბაღის პერსონალისთვის განკუთვნილი სველი წერტილით სარგებლობდნენ.
კვლევამ გამოავლინა ისეთი შემთხვევაც, როდესაც 2-3 წლის ასაკის ჯგუფის საპირფარეშოში საერთოდ არ იყო მოწყობილი კანალიზაციის სისტემა და აღსაზრდელებს მშობლების მოტანილი ღამის ქოთნებით უხდებოდათ სარგებლობა. გამოვლინდა უნიტაზების დასაჯდომის დაზიანებისა და ჩარეცხვის მოწყობილობის გაუმართაობის რამდენიმე შემთხვევაც. ამასთან, დაწესებულებების 5% საერთოდ არ არის უზრუნველყოფილი თბილი წყლით, ხოლო 25.5%-ში ეს საკითხი მხოლოდ ნაწილობრივ არის მოწესრიგებული.
რამდენიმე შემთხვევაში, საბავშვო ბაღში მხოლოდ კვების ბლოკს მიეწოდებოდა თბილი წყალი, აღსაზრდელებს კი ცივი წყლით უხდებოდათ სარგებლობა. ასევე გამოიკვეთა შემთხვევა, როდესაც შენობაში თბილი წყლის სისტემის არარსებობის გამო, წყალს სააღმზრდელო ოთახში, შეშის ღუმელზე, სათლებით აცხელებდნენ, მაშინ, როდესაც ოთახში აღსაზრდელები სხვადასხვა აქტივობაში იყვნენ ჩართულები.
პრობლემაა გოგოების და ბიჭების განცალკევებული საპირფარეშოებისთვის დამოუკიდებელი სივრცის გამოყოფის საკითხი. კერძოდ, საბავშვო ბაღების 67.9%-ის არცერთ საპირფარეშოში არ არის განცალკევებულად გამოყოფილი სივრცე გოგოებისა და ბიჭებისთვის, ხოლო საბავშვო ბაღების ნაწილში (25%) ეს საკითხი მხოლოდ ზოგიერთ ჯგუფშია მოგვარებული. პრობლემურია უნიტაზების ზომის აღსაზრდელთა ასაკთან შესაბამისობის საკითხიც. კერძოდ, საბავშვო ბაღების დიდ ნაწილში (37.1%), უნიტაზების სიმაღლე საერთოდ არ შეესაბამება აღსაზრდელთა ასაკობრივ ჯგუფს, ხოლო 27.9%-ში, აღნიშნული მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ არის დაკმაყოფილებული. მაგალითად, მონიტორინგმა გამოავლინა შემთხვევა, როდესაც აღსაზრდელთა ასაკისთვის შეუფერებელი ზომის უნიტაზზე დამაგრებული იყო ხის დასადგამი მოწყობილობა. აღსანიშნავია ისიც, რომ საბავშვო ბაღების 78%-ის საპირფარეშო სივრცეებში საერთოდ არ არის აბაზანა, ხოლო 5.7%-ში – ეს სერვისი მხოლოდ რამდენიმე ჯგუფისთვისაა გათვალისწინებული. ამასთან, პრობლემურია ხელსაბანი ნიჟარების სიმცირეც. კერძოდ, საბავშვო ბაღების 31.4%-ში მათი რაოდენობა აღსაზრდელთა რაოდენობას არ შეესაბამებოდა.
მონიტორინგმა ასევე გამოავლინა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც საბავშვო ბაღის აღმზრდელთათვის განკუთვნილი დიდი ზომის უნიტაზი ან თურქული ტიპის ჯამი მოწყობილი იყო აღსაზრდელთათვის განკუთვნილ საპირფარეშოში, განცალკევების და დამოუკიდებელი შესასვლელის გარეშე.
ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტის თანახმად, საბავშვო ბაღის ფიზიკური გარემო იმგვარად უნდა იყოს ადაპტირებული, რომ უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის პირთა სრულფასოვანი ჩართულობა. მათ შორის, სველი წერტილები ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად უნდა იყოს მოწყობილი. თუმცა მონიტორინგისას აღმოჩნდა, რომ საბავშვო ბაღებში, განსაკუთრებით მწვავედ დგას სველი წერტილების მოწყობისას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებების უგულებელყოფის საკითხი. კერძოდ, საბავშვო ბაღების უმრავლესობაში (86%,) სველი წერტილები ხელმისაწვდომი არ არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის.
იმ შემთხვევაშიც, როდესაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აღსაზრდელისთვის გამოყოფილი იყო ცალკე კაბინა, იქ განთავსებული უნიტაზი ადაპტირებული არ ყოფილა, მაგალითად, არ იყო დამაგრებული შესაბამისი მოაჯირები. ამასთან, როგორც წესი, საბავშვო ბაღის შენობაში მხოლოდ ერთი ადაპტირებული საპირფარეშო იყო, რომელიმე ერთ კონკრეტულ ჯგუფში. შესაბამისად, საბავშვო ბაღს გაუჭირდება სხვადასხვა ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების შესაბამის ასაკობრივ ჯგუფში მიღება, ასეთი საჭიროების არსებობის შემთხვევაში.
საბავშვო ბაღების მონიტორინგი საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ, 2019 წლის აპრილიდან 2020 წლის დეკემბრის ჩათვლით, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის, „ბავშვის უფლებების ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერება“ ფარგლებში განხორციელდა.
ანგარიში საქართველოში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის შედეგებს ასახავს.
ომბუდსმენის ოფისის ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა 1481 საჯარო საბავშვო ბაღი, რომლებშიც ირიცხებოდა 150.930 აღსაზრდელი. ჩატარებულმა მონიტორინგმა მოიცვა თბილისისა და საქართველოს 10 რეგიონის 51 მუნიციპალიტეტის ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში, მათ შორის, მაღალმთიან რეგიონებში არსებული, 143 სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება.
მოამზადა თამთა ვირსალაძემ
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE