GE

რა უნდა გაითვალისწინოს აბიტურიენტმა ფაკულტეტების ჩამონათვალის შედგენისას

EDU.ARIS.GE გთავაზობთ ინსტრუქციას, რომელიც დაგეხმარებათ სასურველი ფაკულტეტების პრიორიტეტულად გადანაწილებისას:

  • პირველ რიგში, გაითვალისწინეთ საკუთარი სურვილები. ნუ ჩაწერთ პირველ ფაკულტეტად იმას, რისი სწავლაც არ გსურთ მხოლოდ იმიტომ, რომ „სადმე მოხვდეთ“. დაალაგეთ ფაკულტეტების სამეული პირადი ინტერესის საფუძველზე.
  • გაითვალისწინეთ, თქვენ მიერ არჩეულ უნივერსიტეტს ხომ არ გააჩნია შიდა საკომპეტენციო მინიმუმი (მაგალითად, როგორც ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს – საგნის ქულა უნდა იყოს 35%+1). ასეთ შემთხვევაში, თუ თქვენი რომელიმე საგნის ქულა მათ მიერ მოთხოვნილ ზღვარზე დაბალია, ფაკულტეტი საერთოდ ამოშალეთ თქვენი ჩამონათვალიდან.
  • თუ აბიტურიენტის მიერ მიღებული საკონკურსო ქულები საკმარისი არ აღმოჩნდა მის მიერ მითითებული რეიტინგული ჩამონათვალის პირველ პროგრამაზე ჩასარიცხად, მაშინ განიხილება ჩამონათვალში მითითებულ მეორე პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხი და ა. შ. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი ჩაირიცხა რეიტინგული ჩამონათვალის რომელიმე პროგრამაზე,  მაშინ  რეიტინგულ  სიაში მითითებულ  მომდევნო პროგრამაზე მისი ჩარიცხვის საკითხი აღარ განიხილება. კონკრეტულ პროგრამაზე ჩარიცხვისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საკონკურსო ქულას და არა ამ პროგრამის რიგით ნომერს აბიტურიენტის რეიტინგულ ჩამონათვალში!
  • თუ აბიტურიენტს უწერია 5 უნივერსიტეტი, პირველივე პროგრამაზე, რომელზეც ქულები ეყოფა, იქ ჩაირიცხება. შესაძლოა მესამეზეც ეყოს, მაგრამ იქ აღარ განიხილება აპლიკანტის მონაცემები, რადგან მან დააკმაყოფილა პირველის მოთხოვნები და უკვე ჩაირიცხა.
  • თუ აპლიკანტებს ექნებათ ერთნაირი ქულები, მაგალითად, კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე  არის  20  ადგილი.  ცხადია,  უნდა  ჩაირიცხოს საუკეთესო შედეგის მქონე 20 აბიტურიენტი, მაგრამ მე-20 პოზიციაზე აღმოჩნდა ორი ზუსტად ერთნაირი საკონკურსო ქულის მქონე აბიტურიენტი. ამ შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება მას, ვისაც უფრო მაღალი შეფასება ექნება პრიორიტეტულ გამოცდაში.
  • როდესაც გსურთ რიგით პირველი ფაკულტეტის ცვლილება, მისი წაშლის შემთხვევაში მეორე ფაკულტეტი აღმოჩნდება პირველ ადგილზე. ხოლო თუ ახლის ჩამატება გსურთ, უნდა წაშალოთ თქვენ მიერ არჩეული ყველა უნივერსიტეტი და ხელახლა შეავსოთ ველები.
  • ნუ დაგავიწყდებათ „შენახვის“ ღილაკის გამოყენება პროცესის დასრულების შემდეგ. თქვენ მიერ შეტანილი ნებისმიერი ცვლილების შესახებ პროგრამა მითითებულ პირად მეილზე გადმოგიგზავნით განახლებულ მონაცემებს.

გისურვებთ წარმატებებს!

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური