GE

როგორ მივიღოთ მათემატიკის ეროვნულ გამოცდაზე მაქსიმალური ქულა – ფორმულები და რეკომენდაციები

ავტორი: ნანა დაბრუნდაშვილი, მენტორი მასწავლებელი

გთავაზობთ პრაქტიკულ რჩევებს და რეკომენდაციებს მათემატიკის ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გამსვლელი აბიტურიენტებისათვის.

წელს ჩემი მოსწავლეებიც გადიან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე და როგორც მათ, ასევე ყველა აბიტურიენტს ვუსურვებ წარმატებებს და ბედნიერ მომავალს!

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მათემატიკის საგამოცდო ტესტში მაღალი ქულის მიღება საკმაოდ დიდი გამოწვევაა, რადგან მათემატიკის ამოცანების ამოხსნისას აბიტურიენტს სჭირდება არა მხოლოდ საგამოცდო თემატიკის, ფორმულების და წესებიც ცოდნა, არამედ ლოგიკური და კრიტიკული აზროვნების მაღალი დონის უნარი, აქედან გამომდინარე, მათემატიკის გამოცდაზე გამსვლელი ყოველი აბიტურიენტი დგას საკმაოდ კომპლექსური სირთულის-გამოწვევის წინაშე.
მინდა მოკლედ შემოგთავაზოთ რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ საგამოცდო დროის გადანაწილებასა და მაქსიმალური ქულის-შედეგის მიღწევაში.

მათემატიკის საგამოცდო ტესტი ორი ტიპის ამოცანებისგან შედგება: არჩევით პასუხიანი, (იგივე ტესტური) და ღია ტიპის დავალებებისგან (ამოცანები, რომელთა დეტალური ამოხსნა გევალებათ).

როგორ გადავანაწილოთ დრო:

2025 წლის საგამოცდო ტესტის მიხედვით, თუ შეადარებთ შარშანდელ და წინა წლების საგამოცდო საკითხების განაწილებას, განსხვავება მნიშვნელოვანია, 2025 წლის მათემატიკის საგამოცდო ტესტის ფორმატი (დავალებათა რაოდენობა, ქულების განაწილება და სირთულის ბალანსი) მნიშვნელოვნად განახლებული ანუ შეცვლილია.

გადავიდეთ უშუალოდ რეკომენდაციებზე:

დახურულ- არჩევით ბოლოიანი ამოცანები:

ტესტური დავალებების ამოხსნისას გაითვალისწინეთ, რომ: პირველ 37 არჩევით პასუხიან საკითხზე, მაქსიმუმ 90 წუთი განსაზღვროთ, აქ თითოეულ საკითხზე საშუალოდ 2-დან 2.5 წუთამდე უნდა დახარჯოთ. თუ რომელიმე ამოცანაზე „გაიჭედეთ“, დროს ნუ დაკარგავთ, მოინიშნეთ ის, როგორც თავიდან გადასახედი საკითხი, მაგ. X-ით შავ ფურცელზე, გადადით შემდეგ საკითხზე და მონიშნულ საკითხებს ბოლოს მიუბრუნდით, თუ დრო დაგრჩათ, თუ არადა გამოიყენეთ გამორიცხვის მეთოდი, რომელსაც ბოლოში განვიხილავთ.

ღია ტიპის ამოცანები:

ტესტის ბოლო 4 საკითხზე (38, 39, 40, 41), რომლებიც 3-4 ქულიანი ამოცანებია, (ორი 3-ქულიანი და ორი 4-ქულიანი ამოცანა) გაქვთ მინიმუმ 70-80 წუთი.

გაითვალისწინეთ, ღია ტიპის თითოეულ ამოცანას უნდა დაუთმოთ 15-20 წუთი, რათა მშვიდად, ეტაპობრივად ჩამოაყალიბოთ ამოხსნის ლოგიკური ჯაჭვი, ეს დავალებები მოითხოვს სრულ, დეტალურ ლოგიკურ ანალიზს და ასევე თანმიმდევრობით ჩაწერას, ეს დავალებები სწორდება გამსწორებლების მიერ და მნიშვნელოვანია მათ ჰქონდეთ საშუალება დაინახონ ამოხსნის ყველა ეტაპი, რათა ქულების მაქსიმალური რაოდენობა დაგიწერონ, ან მინიმუმ ქულის გაპროტესტების შემთხვევაში გქონდეთ საფუძველი, რომ ნამუშევრის მიხედვით დაასაბუთოთ თქვენი მსჯელობის თანმიმდევრულობა და სისწორე.

პასუხების გადატანის დრო:

შავ ფურცელზე მუშაობისას გაითვალისწინეთ, რომ პასუხების ფურცლის შევსებას (განსაკუთრებით ღია ამოცანების გადაწერას) სჭირდება მინიმუმ 15-20 წუთი. არ იფიქროთ, რომ ამას მხოლოდ რამდენიმე წუთში შეძლებთ, შეიძლება სწორედ პასუხების გადატანის დროს აღმოაჩინოთ გაპარული შეცდომა და ისე გაგიტაცოთ მისმა შესწორებამ, რომ სხვა პასუხების გადატანა ვეღარ მოასწროთ, ამიტომ ნუ მოიტოვებთ ამ პროცესს მხოლოდ ბოლო რამდენიმე წუთისთვის.

გაითვალისწინეთ, რომ ზოგ ამოცანას სწრაფად უპასუხებთ, ზოგზე კი უფრო მეტი დრო დაგჭირდებათ, ამრიგად დროის უფრო ზუსტი გადანაწილება თქვენ თვითონ საგამოცდო პროცესში უნდა მოახდინოთ.

გამორიცხვისა და „ჩასმის“ მეთოდი 37 დახურულ-არჩევით პასუხიან საკითხში:

რადგან საკითხი დახურულია-ანუ მას აქვს მითითებული 4 სავარაუდო პასუხი, ხშირად რთულ გარდაქმნებს სჯობს მოცემული სავარაუდო პასუხების ვარიანტებიდან აშკარად არასწორი პასუხების გამორიცხვა.

თუ ამოცანა ზოგად კანონზომიერებას ეხება, ცვლადის ნაცვლად მარტივი რიცხვის (0, 1, 2 ) ჩასმა ხშირად წამებში გაპოვნინებთ პასუხის სწორ ვარიანტს.

მაგ. თუ მაღალი ხარისხის განტოლების ფესვებს გეკითხებიან, განტოლების ამოხსნას სჯობს, მოცემული სავარაუდო პასუხების ჩასმა-შემოწმება.

ქულების მაქსიმალურად მოპოვება ბოლო 4 ღია ტიპის დავალებაში:

როგორც წესი, საგამოცდო ნამუშევრის შეფასების სქემა მკაფიოდ გვიჩვენებს, რომ ქულები ნაწილდება ამოცანის ამოხსნისას განხორციელებული კონკრეტული ნაბიჯებისთვის.
თუნდაც არ იცოდეთ ამოცანის ამოხსნის და საბოლოო პასუხის მიღების გზა, მაინც არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ ღია ბოლოიანი საკითხის ადგილი ცარიელი.

აუცილებლად ჩაწერეთ ეს საწყისი ეტაპები:

ალგებრულ ამოცანაში: განსაზღვრის არე (რომელსაც D-თი აღვნიშნავთ), საწყის განტოლებათა სისტემა ან ფუნქციის შესახებ რაც იცით და ა.შ.

გეომეტრიულ ამოცანაში: გადახაზეთ ან შექმენით სწორი, თვალსაჩინო ნახაზი, გადაიტანეთ მასზე ყველა მოცემული რიცხვითი მონაცემი და დაწერეთ ამოცანის თემასთან შესაბამისობაში არსებული ფორმულები, რომლებიც იცით ან გახსოვთ.

თითოეული ასეთი სწორი ნაბიჯი 0.5, 1 ან 2 შუალედურ ქულას მოგიტანთ.

ამოცანის ტექსტის ორჯერ წაკითხვა და მოთხოვნის დაზუსტება:

დახურულ კითხვებში და ღია ამოცანებშიც აუცილებლად დააკვირდით, რას გეკითხებიან.
ჩემი მოსწავლეების მიერ არაერთხელ დაშვებული შეცდომები და შემდეგ საკლასო ოთახში, “ჯადოსნურ” დაფაზე მათ მიერვე ამოხსნილი ამოცანები ადასტურებს იმას, რომ უმეტეს შემთხვევაში ვერ ამოხსნილი ამოცანები დაკავშირებულია ამოცანის პირობის ვერ გაგებასთან ან ცუდად გააზრებასთან, ამიტომ თუ კითხვა ვერ გაიგეთ, წაიკითხეთ მეორედ, მესამედ…

ხშირია შემთხვევა, როცა მოსწავლე-აბიტურიენტი სწორად ხსნის ამოცანას-სწორად მსჯელობს, მაგრამ პასუხების ფურცელზე სხვა პასუხს წერს,.

გაითვალისწინეთ, რომ ტესტის შედგენისას, ისეთი სავარაუდო პასუხებია გათვალისწინებული, რომლებიც მიახლოებულია მოსწავლეების მიერ მსგავსი ტიპის ამოცანების ამოხსნისას ხშირად დაშვებულ შეცდომებთან.

მაგ. ბიკვადრატულ, ტრიგონომეტრიულ, მაჩვენებლიან ან ლოგარითმულ განტოლებებში თუ უტოლობებში ახალი ცვლადის შემოტანისას, პასუხებში, წერია ახალი ცვლადის მნიშვნელობებიც, საწყის, მოთხოვნილი x ცვლადის სწორ მნიშვნელობებთან ერთად, რაც ხშირად დამაბნეველია აბიტურიენტისთვის და მოთხოვნილი x-ის მნიშვნელობის მაგივრად შეიძლება პასუხად აირჩიოს ახალი, შემოტანილი, საშუალედო ცვლადის y, t, ან a-ს მნიშვნელობა.
ეს იმის გამო ხდება, რომ აბიტურიენტი ბოლომდე არ იაზრებს, რას ეკითხებიან და რას ითხოვს ამოცანა მისგან.

პასუხის კონტროლი-თვითშემოწმება:

ნებისმიერი ტიპის დავალების -ამოცანის ამოხსნისას, თუ მიიღეთ კონკრეტული რიცხვითი პასუხი, აუცილებლად, სწრაფად გადაამოწმეთ მისი შესაბამისობა ამოცანასთან (მაგ. თავსდება თუ არა მიღებული ამონახსნი ან ამონახსნთა სიმრავლე განსაზღვრის არეში, ხომ არ არის გარეშე ფესვი, გეომეტრიაში სამკუთხედის მიღებული გვერდის სიგრძე ხომ არ ეწინააღმდეგება სამკუთხედის უტოლობას, საგნების რაოდენობად ხომ არ მიიღეთ უარყოფითი რიცხვი და ა.შ.).
აქვე გთავაზობთ მათემატიკის, ჩემ მიერ შეგროვილ, ფორმულების ნაკრებს, რომელთა ცოდნა აუცილებელია იმისათვის, რომ მათემატიკის გამოცდაზე აიღოთ მაღალი ქულა:

წარმატებებს გისურვებთ!

ასევე იხილეთ:

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური