„აბიტურიენტებო და მშობლებო, პრიორიტეტების დალაგებამდე ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ“
ავტორი: მანანა ხვედელიძე, მათემატიკოსი, სერტიფიცირებული პედაგოგი და ტრენერი
უმაღლესი განათლების რეფორმის მთავარი [გაცხადებული] მიზანი – განათლებული, მცოდნე და პროფესიონალი თაობის აღზრდა – ნამდვილად მისასალმებელია. ეს რეფორმა გვჭირდება. ვფიქრობ, დაფინანსების პრინციპისა და პირობების შესახებ ინფორმაციის ახლა გამოქვეყნებაც გარკვეულწილად დროულია, რადგან აბიტურიენტები სწორედ ამ პერიოდში იწყებენ პროგრამებისა და უნივერსიტეტების საბოლოოდ შერჩევას და ჯერ კიდევ შეუძლიათ პრიორიტეტების გადახედვა.
თუმცა მხოლოდ იმის მოსმენა, რომ „სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლა უფასოა“, სრულ სურათს არ გვაძლევს. აბიტურიენტმა და მისმა ოჯახმა წინასწარ უნდა იცოდნენ, რა პირობებში მოუწევს ახალგაზრდას სწავლა, ცხოვრება და დაფინანსების შენარჩუნება.
პირველი მნიშვნელოვანი საკითხია მისაღები ადგილების რაოდენობა.
2026–2027 სასწავლო წლისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღება უკვე მთავრობის დადგენილებით, კონკრეტული უნივერსიტეტებისა და კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით არის განსაზღვრული. ეს ნიშნავს, რომ არჩევანი კეთდება არა უბრალოდ „ფაკულტეტზე“, არამედ კონკრეტულ პროგრამაზე, რომელსაც თავისი კოდი, მისაღები ადგილების რაოდენობა, საგნები, კოეფიციენტები და მოთხოვნები აქვს.
2025–2026 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში 27 204 ადგილი იყო გამოცხადებული. 2026–2027 წლის განახლებული მონაცემით კი განსაზღვრულია 21 574 ადგილი. ეს 5 630 ადგილით, ანუ დაახლოებით 20.7%-ით ნაკლებია.
ხელისუფლების განცხადებაში საუბარი იყო დაახლოებით 2 000-ით ზრდაზე, მაგრამ იქ წლევანდელი გამოცხადებული კვოტა შედარებულია შარშან ფაქტობრივად ჩარიცხულ 19 311 სტუდენტთან. გამოცხადებული ადგილი და საბოლოოდ ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა ერთი და იგივე მაჩვენებელი არ არის. თანაც, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემების სხვა შეჯამებაში გასულ წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულთა რაოდენობად 21 538 სახელდება.
შემცირება ყველა უნივერსიტეტსა და პროგრამას ერთნაირად არ შეხებია – ზოგან ადგილები გაიზარდა, ზოგან კი მკვეთრად შემცირდა. ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, სადაც საბაკალავრო მიღება გასული წლის დაახლოებით 3 770 ადგილიდან 300 ადგილამდე შემცირდა – დაახლოებით 92%-ით.
ამიტომ ნუ ჩათვლით, რომ პროგრამა, რომელიც წინა წლებში კონკრეტულ სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობდა, წელსაც აუცილებლად მიიღებს პირველკურსელებს. „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტის“ პრინციპის გამო არაერთი მიმართულება კონკრეტულ სახელმწიფო უნივერსიტეტში აღარ იქნება ხელმისაწვდომი ან მისაღები ადგილების რაოდენობა მნიშვნელოვნად იქნება შეზღუდული.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ე.წ. უფასო სწავლების პირობა.
გასულ წელს მინისტრმა განაცხადა, რომ მიღებული იყო „ისტორიული და უპრეცედენტო გადაწყვეტილება“ და 2026 წლის სექტემბრიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ახლად ჩარიცხული სტუდენტები უფასოდ ისწავლიდნენ.
30 ივლისს დამტკიცებულმა დაფინანსების წესმა კი დააზუსტა, რომ სრული დაფინანსება აკადემიური მოსწრების კონკრეტულ პირობას უკავშირდება:
– პირველი და მეორე სემესტრი სრულად ფინანსდება;
– მესამე და ყოველი მომდევნო სემესტრის სრული დაფინანსების შესანარჩუნებლად სტუდენტმა წინა სემესტრში 30-დან არანაკლებ 24 ECTS კრედიტი უნდა დააგროვოს (80 %);
– თუ სტუდენტი 24 კრედიტს ვერ დააგროვებს, მას უჩერდება დაფინანსების „დამსახურებაზე დაფუძნებული“ ნაწილი და მომდევნო სემესტრიდან პროგრამის ღირებულების 50% საკუთარი სახსრებით უნდა გადაიხადოს;
– სრული დაფინანსების აღსადგენად სტუდენტმა მომდევნო სემესტრში სრული დატვირთვა – 30 კრედიტი – უნდა დააგროვოს.
აქ მნიშვნელოვანია სიზუსტე: საუბარია დაგროვებულ კრედიტებზე და არა მხოლოდ რომელიმე ერთ გამოცდაზე მიღებულ ქულაზე. თუმცა კრედიტის მისაღებად სტუდენტმა შესაბამისი სასწავლო კურსი უნდა ჩააბაროს.
დეკემბერში მიღებულ კანონში ეწერა, რომ სახელმწიფო სწავლას მთავრობის მიერ შემდგომში დადგენილი წესისა და პირობების შესაბამისად დააფინანსებდა, მაგრამ კონკრეტული 24-კრედიტიანი მოთხოვნა და 50%-ის საკუთარი სახსრებით გადახდის ვალდებულება მაშინ მითითებული არ ყოფილა. ეს პირობები მხოლოდ 30 ივლისის დადგენილებით გახდა ცნობილი. ამიტომ იმ ოჯახების გაკვირვება, რომლებმაც მანამდე მხოლოდ „სრულიად უფასო სწავლის“ შესახებ განცხადება მოისმინეს, გასაგებია.
დადგენილებაში გამონაკლისები განსაზღვრულია აუტიზმის სპექტრის აშლილობის მქონე, შესაბამისი ინკლუზიური პროგრამის ბენეფიციარი და სხვადასხვა ხარისხის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. მაგრამ სტუდენტის მუშაობა, მძიმე სოციალური მდგომარეობა, ქირის გადახდა ან რეგიონიდან ჩამოსვლა ცალკე გამონაკლისად მითითებული არ არის.
ეს განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან ბევრი სტუდენტი სწავლის პარალელურად მუშაობს. EUROSTUDENT 8-ის საქართველოს კვლევის მიხედვით, მომუშავე სტუდენტების 48.3% მუშაობს ყოველდღიური ცხოვრების ხარჯების დასაფარად, ხოლო 42.2% ამბობს, რომ ანაზღაურებადი სამუშაოს გარეშე სტუდენტობას ფინანსურად ვერ შეძლებდა.
ღამენათევი სტუდენტი, რომელიც ლექციიდან პირდაპირ სამსახურში მიდის და შემდეგ გამოცდაზე უნდა გამოცხადდეს, ყოველთვის ვერ ავლენს თავის ნამდვილ შესაძლებლობას. ცოდნა მხოლოდ ქულებითა და ერთ სემესტრში დაგროვებული კრედიტებით არ იზომება. აუცილებელია სოციალური მდგომარეობის, ჯანმრთელობის, ოჯახზე ზრუნვისა და მუშაობის აუცილებლობის გათვალისწინებაც.
მესამე საკითხია კერძო უნივერსიტეტი.
2026–2027 სასწავლო წელს კერძო უნივერსიტეტში ახლად ჩარიცხული სტუდენტი სახელმწიფოსგან სასწავლო გრანტს აღარ მიიღებს. მას შეიძლება ჰქონდეს თავად უნივერსიტეტის შიდა სტიპენდია ან ფასდაკლება, მაგრამ ეს სახელმწიფო გრანტი არ არის და მისი პირობები უშუალოდ უნივერსიტეტთან უნდა გადაამოწმოთ.
მეოთხე და ჩემთვის განსაკუთრებით მტკივნეული საკითხია საცხოვრებელი.
მე თვითონ გავიარე სტუდენტობის ის პერიოდი, როდესაც სიცივესა და სრულ ქაოსში მიწევდა ცხოვრება. დღესაც მიკვირს, ასეთ პირობებში სწავლას როგორ ვახერხებდი. მხოლოდ ერთმანეთის თანადგომით ვსულდგმულობდით. ეს გამოცდილება უცხო არ არის იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც სტუდენტობის მძიმე გზა გაიარეს.
ოფიციალური მონაცემებით, თსუ-ის ლისის საერთო საცხოვრებელი 320 ადგილზეა გათვლილი, ბაგების საერთო საცხოვრებელი – 396 ადგილზე, ხოლო ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი საცხოვრებელი – დაახლოებით 200 მობინადრეზე. ეს ადასტურებს, რომ საცხოვრებლები არსებობს, მაგრამ არ ნიშნავს, რომ იქ ყველა მსურველი პირველკურსელი აუცილებლად მიიღებს ადგილს.
EUROSTUDENT 8-ის მიხედვით, მშობლებისგან განცალკევებით მცხოვრები სტუდენტების 88.8% სტუდენტურ საცხოვრებელში არ ცხოვრობს. ამასთან, მე ვერ მოვიძიე ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ერთიანი, მუდმივად განახლებადი ოფიციალური მონაცემები, სადაც ერთად იქნებოდა მითითებული თავისუფალი ადგილები, ტარიფი, ოთახების მდგომარეობა, გათბობა, ცხელი წყალი, უსაფრთხოება და შესახლების პირობები.
ამიტომ აბიტურიენტმა და მშობელმა უნივერსიტეტის არჩევამდე აუცილებლად უნდა გაარკვიონ:
– ნამდვილად აცხადებს თუ არა უნივერსიტეტი 2026 წელს მიღებას თქვენთვის სასურველ პროგრამაზე და რამდენი ადგილია გამოყოფილი;
– პროგრამის ზუსტი კოდი, მისანიჭებელი კვალიფიკაცია, სწავლების ენა, მისამართი და აკრედიტაციის ვადა;
– რომელი საგნები, მინიმალური ზღვრები, კოეფიციენტები ან სპეციალური გამოცდებია მოთხოვნილი;
– რამდენად მაღალია კონკურენცია და გაქვთ თუ არა იმავე მიმართულების რამდენიმე რეალური ალტერნატივა;
– სახელმწიფო უნივერსიტეტია თუ კერძო და ზუსტად რა დაფინანსება მოქმედებს;
– რა მოხდება, თუ სტუდენტი ერთ სემესტრში 24 კრედიტს ვერ დააგროვებს;
– არის თუ არა საერთო საცხოვრებელი, რამდენი თავისუფალი ადგილი აქვს, ვის ენიჭება უპირატესობა და რა ღირს;
– რა მდგომარეობაშია საცხოვრებელი — გათბობა, ცხელი წყალი, სველი წერტილი, სამზარეულო, ინტერნეტი, უსაფრთხოება და უნივერსიტეტამდე ტრანსპორტი;
– რა იქნება ოჯახის სრული წლიური ხარჯი: ქირა, კომუნალური გადასახადები, კვება, ტრანსპორტი, წიგნები, კომპიუტერი და ჯანმრთელობის ხარჯები;
– შეძლებს თუ არა სტუდენტი სწავლასა და მუშაობას ისე შეუთავსოს, რომ ჯანმრთელობა, ცოდნა და დაფინანსება არ დაკარგოს;
– როგორია პროგრამის რეალური შინაარსი, პრაქტიკა, ლაბორატორია, აკადემიური პერსონალი, გაცვლითი პროგრამები და დასაქმების შესაძლებლობა.
პროგრამების ჩამონათვალი რაოდენობაში შეზღუდული არ არის. ამიტომ მხოლოდ ერთი ან ორი პროგრამის მითითება დიდი რისკია. ჯერ ჩაწერეთ ის პროგრამა, რომელზეც ყველაზე მეტად გსურთ სწავლა, შემდეგ კი დაამატეთ რეალური ალტერნატივები – როგორც სახელმწიფო, ისე კერძო და პროფესიულ მიმართულებებზე. კერძო პროგრამის არჩევისას კი წინასწარ დაითვალეთ, შეძლებს თუ არა ოჯახი საფასურის სრულად გადახდას.
2026 წლის აბიტურიენტის ცნობარი განახლებადია და საბოლოო ვერსია აგვისტოს შუა რიცხვებში უნდა გამოქვეყნდეს. ამიტომ საბოლოო არჩევანამდე კიდევ ერთხელ გადაამოწმეთ პროგრამა, ადგილების რაოდენობა და ყველა პირობა.
აბიტურიენტებო, მხოლოდ იმიტომ ნუ აირჩევთ პროგრამას, რომ უფასოა. აირჩიეთ ის, რაც ნამდვილად გაინტერესებთ, რისი სწავლაც შეგიძლიათ და რაშიც საკუთარ მომავალს ხედავთ.
მშობლებო, ნუ ჰკითხავთ შვილს მხოლოდ: „სად არის უფასო ადგილი?“ ერთად უპასუხეთ უფრო რთულ კითხვებსაც: სად იცხოვრებს? როგორ იკვებება? დასჭირდება თუ არა ღამით მუშაობა? შეძლებს თუ არა 24 კრედიტის დაგროვებას? თუ დაფინანსების ნახევარი დაკარგა, ოჯახს ექნება მისი გადახდის შესაძლებლობა?
მე დღესაც მინახავს მეცხრე კლასელი, რომელიც სუპერმარკეტში ან სწრაფი მომსახურების ობიექტში მუშაობს. შრომა სირცხვილი არასდროს არის, მაგრამ როდესაც ბავშვს სიღარიბე ართმევს სწავლისა და განვითარების დროს, ეს მთელი საზოგადოების დანაკარგია.
უფასო სწავლება ნამდვილად მნიშვნელოვანი ნაბიჯია, მაგრამ მხოლოდ სწავლის საფასურის დაფარვა საკმარისი არ არის. ახალგაზრდას სჭირდება ნორმალური საცხოვრებელი, კვება, უსაფრთხო გარემო, სოციალური მხარდაჭერა და ისეთი სამართლიანი პირობები, რომლებიც მის რეალურ ცხოვრებასაც გაითვალისწინებს.
მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს სტუდენტი მთელი თავისი ძალა და რესურსი განათლებასა და ცოდნას მოახმაროს.
ასევე იხილეთ:
განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ
გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე
-
როგორ მივიღოთ მათემატიკის ეროვნულ გამოცდაზე მაქსიმალური ქულა – ფორმულები და რეკომენდაციები
by რჩევები
-
„მათემატიკის გამოცდაზე ეს საკითხები აბიტურიენტებს აუცილებლად შეხვდებათ“ – მათემატიკოსის მთავარი გზავნილები გამოცდის წინ
by რჩევები
-
ინგლისურში ეროვნული გამოცდის წინ საკითხავი – „თქვენი ნაშრომი მაღალ შეფასებას ვერ დაიმსახურებს თუ…“
by ARIS.GE-განათლება
