GE

რატომ ჭიანურდება ბაღების აღმზრდელებისთვის პედაგოგის სტატუსის მინიჭება და როდის ან ვის მიერ გადამზადდებიან ისინი?!

ქვეყნის მასშტაბით მოქმედი საჯარო ბაგა-ბაღების მეთოდისტების შემდეგ, ტრენინგებს აღმზრდელები გაივლიან, რისი წარმატებით გავლის შემთხვევაშიც ისინი პედაგოგის სტატუსს მიიღებენ. ცნობილია ისიც, რომ სტატუსის მიღება მათ თვიურ ხელფასზეც უნდა აისახოს, თუმცა როგორ ან რამდენით, ამაზე ჯერჯერობით არავინ საუბრობს. მიუხედავად იმისა, რომ ეს სიახლე დიდი ხანია ცნობილია და ბაღის მასწავლებელთა სერტიფიცირებაზე საუბარი ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო, განათლების სამინისტრო ამ დრომდე არ ჩამოყალიბებულა, თუ ვინ უნდა ჩაუტაროს ტრენინგი თავად აღმზრდელებს, შესაბამისად, არც ეს კადრებია შერჩეული. თავდაპირველი ჩანაფიქრით, ერთ-ერთი ჯგუფი, რომელთაც შემდგომში, საკუთარ მუნიციპალიტეტებში, აღმზრდელები უნდა გადაემზადებინათ და თავად გამხდარიყვნენ ტრენერები, სწორედ მეთოდისტები იყვნენ, თუმცა დღეს სამინისტრო კვლავ არ არის შეჯერებული და ფიქრობს ის წრე ჩამოაყალიბოს, რომელთაც შესწევთ კვალიფიკაცია, ცოდნა და უნარი, რომ ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების აღმზრდელებს ტრენინგები ჩაუტარონ და მათ პედაგოგის სტატუსზე იყვნენ პასუხისმგებელნი.

სტატუსის მინიჭების პროცედურები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უნდა განსაზღვროს. პროცესი გაჭიანურდა, თუმცა, როგორც უწყებაში აცხადებენ, დღეის მდგომარეობით, მოდული, რომლითაც აღმზრდელები უნდა გადამზადნენ, მზადაა და მცირე კორექტირებას საჭიროებს. როგორც EDU.ARIS.GE-ს სამინისტროს სკოლამდელი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსმა ნინო ბესელიამ განუცხადა, მოდული მუნიციპალიტეტებს 2019 წლის იანვარ-თებერვალში უნდა გადაეცეს შემდგომი რეაგირებისთვის. მუნიციპალიტეტებმა კი ტრენერების შესარჩევად ტენდერი უნდა გამოაცხადონ. რაც იმას ნიშნავს, რომ პედაგოგის სტატუსის მსურველი აღმზრდელები მომავალი წლის იანვარ-თებერვლიდან გადამზადდებიან.

განათლების სამინისტრო რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს, თუ ვინ შეიძლება იყოს ტრენინგის განმახორციელებელი პროვაიდერი. როგორც EDU.ARIS.GE-ს ნინო ბესელიამ უთხრა, პირველი ვარიანტი, შეიძლება იყოს თავად გადამზადებული და მაღალი შეფასების მქონე მეთოდისტი. მეორე ვარიანტით ეს შეიძლება იყოს ორგანიზაცია, რომელსაც ამის განხორციელების აკრედიტაცია ექნება და ასევე, ეს შეიძლება იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ამ დაწესებულების სპეციალისტები, რომლებიც სკოლამდელი განათლების მიმართულებით მუშაობენ.

ნინო ბესელიას ინფორმაციით, დაზუსტებული მოდული და პროვაიდერების სია, მუნიციპალიტეტებს იანვრის ბოლოს ან მაქსიმუმ, თებერვლის შუა რიცხვებამდე გადაეცემათ.

„ჯერ უნდა დასრულდეს მეთოდისტების ტრენინგები. რაღაც შეფერხება იყო. თვის ბოლოს უნდა დასრულდეს  სავარაუდოდ. ეს მეთოდისტები შეიძლება გახდნენ აღმზრდელ პედაგოგები. შეიძლება შემდეგ გადამზადნენ და ტრენერთა ტრენინგი გაიარონ და თვითონ გახდნენ ტრენერები. თავიდან ასე იყო ჩაფიქრებული. ახლა კი რამდენიმე ვერსიაზე ვმუშაობთ, თუ ვინ ჩაატარებს ტრენინგს. ჩვენი მთავარი მიზანია ხარისხის უზრუნველყოფა. ჩვენ უკვე მზად გვაქვს მოდული. მას გადავცემთ მუნიციპალიტეტებსა და სააგენტოს. ისინი გამოაცხადებენ ტენდერს და ვინც გაიმარჯვებს ტენდერში ის ორგანიზაცია ჩაატარებს აღმზრდელ პედაგოგების ტრენინგებს. შემდეგ კი, აღმზრდელი, ვინც ზღვარს გადალახავს, მიიღებს პედაგოგის სტატუსს და რეესტრში გატარდება; ვინც ვერა, იმას შეუნარჩუნდება ის სტატუსი, რაც აქვს. თუმცა, ასევე ვფიქრობთ, რომ სურვილის შემთხვევაში, მათ ტრენინგის განმეორებით გავლის საშუალებაც მივცეთ,” –  ამბობს ნინო ბესელია.

მისივე ინფორმაციით, განათლების სამინისტროს სურვილია, წარუმატებლობის შემთხვევაში, აღმზრდელებს ტრენინგის მეორედ გავლის შანსი ჰქონდეთ, თუმცა, როგორც ის აცხადებს, იმ შემთხვევაში თუ პირველი ცდა, იქნება სახელმწიფოს დაფინანსებით და აღმზრდელებისთვის უფასო, მომდევნო ჯერზე ტრენინგები შესაძლოა, ფასიანი გახდეს.

„თავად ტრენინგი იქნება 20-კრედიტიანი, 66-საათიანი. ის დაახლოებით 10-11 დღეს გასტანს. რა ცოდნის მატარებელი უნდა იყოს აღმზრდელი ეს განსაზღვრულია აღმზრდელ- პედაგოგის პროფესიულ სტანდარტში. რაც შეეხება უნარ-ჩვევებს, მან უნდა იცოდეს ასაკობრივი  განვითარების თავისებურებები. ამის გათვალისწინებით როგორ წარმართოს სააღმზრდელო საქმიანობა; უნდა ჰქონდეს ისეთი გარემო, რომ ბავშვზე ორიენტირებული სასწავლო სააღმზრდელო პროცესი წარმართოს; უნდა იყოს კეთილგანწყობილი, კომუნიკაბელური; ბავშვის ნებისმიერი თავისებურების აღმოჩენა და განვითარება უნდა შეეძლოს; უნდა ფლობდეს ადრეული და სკოლამდელი განათლების მეთოდოლოგიას; ბავშვის განვითარების, დონის, საჭიროებისა და ინტერესების გათვალისწინებით  უნდა წარმართოს აქტივობები; უნდა შეეძლოს მშობლებთან თანამშრომლობა და ა.შ. ტრენინგის დასრულების შემდეგ ისინი სხვადასხვა სისტემით შეფასდებიან. აქ არაა მხოლოდ ტესტი. იქნება დაკვირვება პრაქტიკაზე, პორტფოლიოს შექმნა, პრაქტიკული საქმიანობის შეფასების კითხვარები, ასევეა, რამდენიმე დავალება, რომლის მიხედვითაც ამ აღმზრდელების შეფასება მოხდებ“, – აღნიშნავს ბესელია.

ქვეყნის მასშტაბით 2019 წელს დაახლოებით 12500 აღმზრდელი გადამზადდება. პროცესი კი 2020 წლისთვის უნდა დასრულდეს. სიახლე კერძო ბაგა-ბაღებსაც ეხებათ, იმდენად, რამდენადაც მათი ავტორიზაციის გავლის დროს ერთ-ერთი კრიტერიუმი სწორედ თანამშრომელთა შორის აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსის მქონე კადრის ყოლაა, თუმცა მათთვის ტრენინგის ჩატარება, სავარაუდოდ, სახელმწიფოს სახსრებით არ მოხდება და ამაში თანხის გადახდა მოუწევთ.

„ამაში ძალიან ბევრი ინსტიტუციაა ჩართული. ერთის მხრივ, კარგია რომ დეცენტრალიზებულია, მაგრამ ჭირს კოორდინაცია. პროცესის დროში გაწელვაც, შეიძლება, ამის ბრალი იყოს. რაც შეეხება ხელფასების ზრდას სტატუსის მქონე აღმზრდელისთვის, ამ ცვლილებით ეს გათვალისწინებულია, თუმცა, ჯერჯერობით, არაა დამტკიცებული პედაგოგის ზღვრული ხელფასი, ამას მთავრობის დონეზე დამტკიცება სჭირდება და ეს, ალბათ, 2019 წლის პირველ კვარტალში გახდება ცნობილი“, – აცხადებს ნინო ბესელია.

თბილისში მოქმედ 180 ბაგა-ბაღს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო კურირებს. როგორც EDU.ARIS.GE-ს სააგენტოს ბაგა-ბაღების განვითარების განყოფილების უფროსმა მარიამ გოგინაშვილმა განუცხადა, ისინიც ელოდებიან განათლების სამინისტროს კონკრეტულ ნაბიჯებს.

„სამინისტრომ უნდა განსაზღვროს სტატუსის მინიჭების პროცედურა. სანამ ეს არ იქნება, იქამდე ვერ ჩატარდება ტრენინგები და ასევე ველოდებით სერტიფიცირებულ ტრენერებს“, – აღნიშნა მარიამ გოგინაშვილმა.

აღმზრდელ-პედაგოგი “ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ” კანონის თანახმად, არის პირი, რომელიც დაწესებულებაში სააღმზრდელო-პედაგოგიურ საქმიანობას ახორციელებს, აღმზრდელი კი- ვინც მას ეხმარება.

ამავე თემაზე:

როგორია საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასები

რას გულისხმობს ბაღის აღმზრდელების დაგეგმილი სერტიფიცირება – დეტალები სიახლის შესახებ

ბაღის მასწავლებლების კვალიფიკაცია განათლების სამინისტროს არ აკმაყოფილებს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური