რას გულისხმობს ბაღის აღმზრდელების დაგეგმილი სერტიფიცირება – დეტალები სიახლის შესახებ
„აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების სტანდარტის“ მიხედვით, რომელიც მთავრობამ რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა, სკოლამდელი განათლების დაწესებულებების აღმზრდელებმა სერტიფიცირება უნდა გაიარონ, რაც გულისხმობს იმას, რომ აღმზრდელებმა უნდა მიიღონ აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსი. რა ფორმით წარიმართება სერტიფიცირების პროცესი, იქნება თუ არა მსგავსება სკოლის მასწავლებლების სერტიფიცირებასთან, რა ბედი ელის მას, ვინც ვერ გაივლის სერტიფიცირებას, – ამ და სხვა საკითხების შესახებ EDU.ARIS.GE-ს განათლების და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი განათლების განვითარების სამმართველოს უფროსი ნინო ბესელია ესაუბრება.
–რა ეტაპები უნდა გაიაროს ადამიანმა, რომ მიიღოს აღმზრდელ–პედაგოგის სტატუსი? როგორ მოხდება სტატუსის მინიჭება უკვე მოქმედი აღმზრდელებისთვის და ასევე მათთვის, ვინც სამომავლოდ აპირებს ბაღში მუშაობის დაწყებას?
-2015 წელს შეიქმნა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კანონი“. ამ კანონით განისაზღვრა სხვადასხვა სამთავრობო ორგანიზაციების უფლება-მოვალეობები ამ მიმართულების განვითარებისათვის. მათ შორის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი ვალდებულება იყო, შეემუშავებინა ადრეული და სკოლამდელი დაწესებულების „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტები“ და „აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების სტანდარტი“.
პირველში შედის ბავშვის განვითარება-განათლების მისაღწევი შედეგები 2-დან 5- წლამდე და ასევე “სასკოლო მზაობის პროგრამა” 5-წლიდან ბავშვის სკოლაში შესვლის დღემდე. აღმზრდელ-პედაგოგის სტანდარტში გაწერილია პედაგოგის მოვალეობები. რა ცოდნა უნდა ჰქონდეს მას, რა დამოკიდებულებები, ღირებულებები.
განათლებასთან დაკავშირებით გამოიყოფა აღმზრდელის ორი ჯგუფი. 2024-წლამდე, აღმზრდელებმა უნდა მიიღონ აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსი. აღმზრდელს შეუძლია ჰქონდეს ბაკალავრის ხარისხი ნებისმიერი სპეციალობით, 4 წლის მუშაობის სტაჟი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, ასევე – პროფესიული სასწავლებლის სერტიფიკატი.
აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსს მიიღებენ იმ შემთხვევაში, თუ განათლების და მეცნიერების სამინისტროს შემუშავებულ ტრენინგ-მოდულს გაივლიან და მიიღებენ სერტიფიკატს. 2024 წლის 1 სექტემბრიდან, ვინც მიიღო ეს სტატუსი, ისინი გააგრძელებენ მუშაობას. ხოლო ვისაც 2024 წლის შემდეგ მოუნდება ბაღში მუშაობის დაწყება, უნდა ჰქონდეს შესაბამისი განათლება.
–როგორ შეირჩევიან აღმზრდელები ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად? და “რა კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევთ აღმზრდელებს, რომ ტრენინგ–მოდულის გავლის შემდეგ აუცილებლად მიენიჭოთ აღმზრდელ–პედაგოგის სტატუსი“?
–ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში დასაქმებული/სტანდარტის ამოქმედებიდან 2024 წლის 1 სექტემბრამდე დასასაქმებელი აღმზრდელ-პედაგოგი უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:
1.ფლობდეს სულ მცირე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს ნებისმიერ მიმართულებაში/დარგში/სპეციალობაში, ჰქონდეს აღმზრდელის ან აღმზრდელ-პედაგოგის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 4-წლიანი გამოცდილება და გავლილი ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება.
2.ჰქონდეს ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭების დამადასტურებელი პროფესიული დიპლომი და გავლილი ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება.
აღნიშნული კვალიფიკაციის აღმზრდელებს, იმ შემთხვევაში თუ სურვილი აქვთ მიიღონ აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსი, შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ტრენინგში.
სტატუსი მიენიჭებათ შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით:
ტრენინგის პროცესში აქტიური მონაწილეობა, დასწრება, შესრულებული დავალებები, სამუშაო პორტფოლიოს შედგენა, სასწავლო – სააღმზრდელო პროცესის დაგეგმვა და მოდელირება.
–შესაბამისი განათლება რა უნდა იყოს?
–ახლა მუშავდება აღმზრდელის ახალი ჩარჩო-დოკუმენტი ახალი სასწავლო პროგრამის სახით. 2018 წელს უკვე უნდა შეიქმნას ახალი პროგრამა. ჩვეულებრივი ბაკალავრიატის საფეხური იქნება. ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი შეიმუშავებს ამ პროფესიის კლასიფიკატორს. შემდეგ უმაღლესი სასწავლებლები შეიმუშავებენ პროგრამებს და გამოაცხადებენ მიღებას სკოლამდელი განათლების აღმზრდელ-პედაგოგის სპეციალობით. უკვე აღარ იქნება საშუალება, ყველა სპეციალობის პირმა მიიღოს აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსი.
–განათლების სამინისტროს 2017-2021 წლების სტრატეგიის პროექტის მიხედვით, ბაღის აღმზრდელ-პედაგოგებს სერტიფიცირება ჩაუტარდებათ. სერტიფიცირებაში მხოლოდ აღმზრდელ-პედაგოგებისთვის შემუშავებული ტრენინგ-მოდულის გავლა იგულისხმება?
–დიახ, ტრენინგ-მოდული უნდა გაიარონ. ვინც დააკმაყოფილებს იმ კრიტერიუმებს, რომლებიც შემუშავდება, ამ ტრენინგის გავლის შემდეგ, ისინი მიიღებენ სერტიფიკატს. ის, ვინც ვერ მიიღებს სერტიფიკატს, ხელახლა შეეძლება აღნიშნული მოდულის გავლა და კრიტერიუმების დაკმაყოფილება.
–მანამდე რჩებიან ბაღში სამუშაოდ?
–ყველა რჩება აღმზრდელად. არავინ მიდის. ჩვენ გვინდა ხარისხის ამაღლება. შეიძლება აღმზრდელს არ მოუნდეს სტატუსის ამაღლება. ის აღმზრდელი, რომელიც კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, გაივლის ტრენინგ-მოდულს. ამის შემდეგ კვლავ უნდა დააკმაყოფილოს შემუშავებული კრიტერიუმები და მიენიჭება აღმზრდელ-პედაგოგის სტატუსი. თუ ვერ დააკმაყოფილებს კრიტერიუმებს, ექნება აღმზრდელის სტატუსი.
–სტატუსის შეცვლა ხელფასზეც აისახება, როგორც ეს, მაგალითად, სკოლის მასწავლებლების პროფესიული განვითარების სქემაშია?
–ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ხელფასზე აისახოს. მაგრამ ამას ვერ გეტყვით, როდის და რამდენი იქნება. ამ პროცესში მრავალი ორგანიზაციაა ჩართული. განათლების და მეცნიერების სამინისტროს პრეროგატივაა, შინაარსობრივ მხარეზე მუშაობა. ჩვენ შევიმუშავებთ ტრენინგ-მოდულს, მოვამზადებთ ტრენერებს. ამ პროდუქტს გადავცემთ მუნიციპალიტეტებს და კანონით ეს მათ უნდა დანერგონ ბაღებში. „მასწავლებლის სახლია“ ტრენინგ-მოდულების შემუშავებაში ჩართული და „იუნისეფი“. რაც შეეხება პროფესიული განვითარების სქემას, ეს მომავლის საქმეა.
–ტრენინგის მოდულის შინაარსზე რომ გვესაუბროთ, გადამზადების რა კურსებს გაივლიან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელები?
–კურსი შედეგება 7 ტრენინგ-მოდულისგან. ეს იქნება ის დოკუმენტები, რომლებიც განსაზღვრავენ სკოლამდელ განათლებას, გაეცნობიან სტანდარტებს, კანონებს, ბავშვის უფლებათა კონვენციას, ძალადობის ტიპებს, გაეცნობიან ინკლუზიური განათლების ძირითად პრინციპებს. როგორ უნდა შეიქმნას ჯგუფში პოზიტიური გარემო. ბავშვზე ორიენტირებულ სასწავლო საერთაშორისო გამოცდილებას გაეცნობიან. ასევე გაეცნობიან მშობლებთან ურთიერთობის გზებს. როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეთ მშობლებთან ბავშვის საკეთილდღეოდ. გვაქვს ცალკე მეთოდოლოგია, თამაშის ტიპები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ზეიმების მოწყობის ტიპები. კონრეტულად როგორ უნდა იმუშაონ, რომ ეს იყოს ბავშვის ასაკობრივ თავისებურებებზე მორგებული და არა მათი სურვილის მიხედვით გაკეთებული. როგორ შეაფასონ ბავშვი, რა საჭიროებები აქვს მას. ბოლოს იქნება საკუთარი საგანმანათლებლო პროცესის შეფასება, რეფლექსია. როგორ უნდა დაგეგმონ მომავალი განვითარება.
–რამდენდღიანი ტრენინგები ჩაუატრდებათ ბაღის აღმზრდელებს?
–თითოეული ტრენინგ-მოდული მოიცავს 3 დღეს. მთლიანი ტრენინგი იქნება 21-დღიანი. ამის განხორციელება მუნიციპალიტეტებში უნდა მოხდეს. მათი აზრიც უნდა გავიზიაროთ. პედაგოგები უნდა მოწყდნენ სააღმზრდელო პროცესს. ვგეგმავთ ტრენინგის დღეები იყოს: პარასკევი, შაბათი, კვირა. 2 თვე გაგრძელდება ეს პროცესი. დავალებები მიეცემათ აღმზრდელებს და ცალკეულ აქტივობებს ისინი პრაქტიკულად გაივლიან თავიანთ აღსაზრდელებთან.
–როგორ შეირჩევიან ტრენინგ-მოდულის გავლის მსურველები?
მასწავლებელმა უნდა გამოთქვას სურვილი, რომ უნდათ ტრენინგების გავლა. ჩვენ ამაში ვაძლევთ თავისუფლებას. 2018-დან 2014-წლამდე ყველა აღმზრდელი ტრენინგს ეტაპობრივად გაივლის.
ამავე თემაზე:
ბაღის მასწავლებლის მთავარი ვალდებულება განისაზღვრა – რა წერია მთავრობის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში
ბაღის მასწავლებლების კვალიფიკაცია განათლების სამინისტროს არ აკმაყოფილებს
როგორია საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასები – პროფესიული სქემის ამოქმედების ვადები
„საბავშვო ბაღის მასწავლებელთა ხელფასების მატება სქემის მიხედვით დარეგულირდება“
მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება