GE

როდის დაიწყება სტუდენტების ტრენინგები და რას გააკეთებენ ისინი COVID-19-ის მართვის პროცესში

სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები, რომლებიც საჭიროების შემთხვევაში COVID-19- ის მართვაში მიიღებენ მონაწილეობას, ქოლცენტრებში, კოვიდ სასტუმროებსა და ოჯახის ექიმების თანაშემწეებად დასაქმდებიან.

ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ისაუბრა.

როგორც ცნობილია, გუშინ, გადაწყვეტილების გასაჯაროების შემდეგ განათლების მინისტრმა სამედიცინო მიმართულების უნივერსიტეტების რექტორებთან შეხვედრა გამართა და როგორც ითქვა სტუდენტების ბაზის შესაქმნელად, რომლებიც საჭირო დროს ექიმებს დაეხმარებიან, ტრენინგები კვირის ბოლოდან დაიწყება.

„სტუდენტები იმუშავებენ ქოლცენტრებში, კოვიდ სასტუმროებში დაავადებთა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, ოჯახის ექიმის თანაშემწეებად და ა.შ. მთავარი არის ის, რომ სტუდენტები კოვიდთან ბრძოლაში პირველივე დღეებიდან აქტიურად არიან ჩართულები ამ ღონისძიებებში. ახლა მოხდება დაგროვილი ცოდნის კიდევ ერთხელ შეჯამება, კონცენტრაცია, სისტემაში მოყვანა. სწორედ ამ დღეებში დავიწყეთ ჩვენ სპეციალური გადამზადების სილაბუსის შემუშავება, სპეციალისტებთან ერთად, ამ კვირის ბოლოდან დაიწყება სტუდენტების კიდევ ერთხელ გადამზადება“, – ამბობს უნივერსიტეტის რექტორი.

მისივე თქმით, ინფექციის მართვაში ამ ეტაპზე 450 სტუდენტი უკვე ჩართულია (საუბარია სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებზე ავტ.) და სავარაუდოდ, ამდენივე ოდენობა კიდევ დაემატება.

სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის თქმით, სტუდენტები სპეციალურად შემუშავებული სილაბუსის მიხედვით, მუშაობის პარალელურად ონლაინ სწავლებისა და პრაქტიკული მეცადინეობის კურსსაც გაივლიან.

„აკადემიური საბჭოს სხდომაზე ჩვენ ვაკეთებთ აბსოლუტურ ოპტიმიზაციას და მინიმიზაციას კლინიკური უნარ-ჩვევებისა, რომელიც თითოეულ სასწავლო დეპარტამენტში უნდა მიიღოს სტუდენტმა, დაგვყავს იმ მინიმუმამდე, რომელიც არ დააზიანებს სწავლის ხარისხს, იმიტომ, რომ ყველა სხვა ფორმას სასწავლო პროცესისა, გარდა ამ პრაქტიკული უნარ-ჩვევებისა, წარვმართავთ დისტანციურ რეჟიმში, სწორედ ეს კომპონენტი, კოვიდის მართვა, ისე იქნება გამოყენებული ჩვენს სასწავლო სილაბუსებში, რომ არ დაზიანდება ის მთავარი მიზანი, რასაც მაღალხარისხიანი ექიმის მომზადება ჰქვია“-განმარტავს რექტორი.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური