როგორ პასუხობს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ განათლების პროგრამის შესახებ კითხვებს?
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა და EDU.ARIS.GE პოლიტიკური პარტიების პასუხების გამოქვეყნებას მათი განათლების პროგრამის შესახებ გაჩენილ კითხვებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დაზუსტებებით ასრულებს.
საგულისხმოა, რომ ეს პარტია უკვე მეორე პოლიტიკური გაერთიანებაა ჩვენს ვებ-გვერდზე წარმოდგენილებს შორის, რომელიც განათლებას პრიორიტეტული მიმართულებების სათავეში აყენებს, თუმცა ამომრჩეველი თავად შეაფასებს რამდენად თანხვედრაშია პრიორიტეტები მათ გეგმებთან.
იხილეთ პარტიის საარჩენო პროგრამის ნაწილი განათლებასთან დაკავშირებით
ჩვენ კი, იმ დამატებით კითხვებზე მოკლე პასუხებს შემოგთავაზებთ, რაც პარტიისგან მივიღეთ:
EDU.ARIS.GE: პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პროგრამაში განათლების ნაწილში, ვკითხულობთ: „გეგმა ითვალისწინებს 100%-იანი სახელმწიფო გრანტის 2250 ლარიდან 4500-ლარამდე გაზრდას. ყველა სტუდენტი, რომელსაც დღეს აქვს 30%-იანი და მეტი გრანტი, დაფინანსდება სრულად – 100%-ით. შესაბამისად, 15 000-დან 50 000-მდე გაიზრდება 100%-აინი გრანტის მფლობელთა რაოდენობა“.
30%-იანი სახელმწიფო გრანტი ბევრი წელია, რაც არ არსებობს (არის მხოლოდ 50%-იანი, 70%-იანი და 100%-იანი სასწავლო გრანტები) და ამის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, დიდ ცდომილებას მიიღებთ გათვლაში (ფინანსებშიც, შესაბამისად).
წელს, „ნაეკის“ მონაცემებით, სულ 1 203 აბიტურიენტმა და 721 მაგისტრანტმა 100%-იანი გრანტი მიიღო და რამდენ წელიწადზეც არ გავამრავლეთ, მაინც გაგვიჭირდა 15 000 სტუდენტის მიღება.
სოციალურ ან/და პროგრამულ დაფინასებას გულისხმობთ? ეს ოდნავ სხვა საკითხია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, გთხოვთ თქვენს მიერ უმაღლესი განათლების ნაწილში გამოქვეყნებული ციფრების გარკვევაში დაგვეხმაროთ, მზად ვართ, რომ თქვენი გათვლები ექსელის ფორმატში გამოვაქვეყნოთ.
ექსელის ფაილი გაანგარიშებით პარტიას გამოგზავნილი არ აქვს. პირადად ჩვენთვის, მხოლოდ მეტი გაუგებარი ციფრი მივიღეთ, რომლებსაც უცვლელად გთავაზობთ, იმედია, ამომრჩეველი უკეთესად გაიგებს:
„დაფინანსების ბიუჯეტი აღებულია 50 000 სტუდენტზე გათვლით, ანუ ყოველწლიურად ბიუჯეტში უმაღლესი განათლების სახელმწიფო გრანტებისთვის საჭირო იქნება 50 000*4 500=225 მილიონი. დღეს არსებული ბიუჯეტიდან 113 მილიონი იხარჯება სასწავლო გრანტებში (მათ შორის სოციალური დაფინანსება და უფასო ფაკულტეტები). ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვაპირებთ დამატებით 150 მილიონი ლარის ინვესტიციას უმაღლეს განათლებაში, რაც საკმარისი იქნება 50 ათასი სტუდენტის 100%-იანი გრანტით უზრუნველსაყოფად და სოციალური დაფინანსების შესანარჩუნებლადაც“.
EDU.ARIS.GE: პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ განათლების პროგრამის პროფესიული განათლების ნაწილში ვკითხულობთ: „გეგმის თანახმად, უნდა დაინერგოს პროფესიული განათლების საერთაშორისოდ აღიარებული 3, 6 და 9-თვიანი BTEC პროგრამები და კვალიფიკაციის აღიარების მექანიზმები, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი მოქალაქეების ხელფასს“.
თქვენი აზრით, საქართველოში ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან არსებობს ხელფასების მნიშვნელოვნად გაზრდის სურვილი, კოლეჯის სტუდენტების გაზრდილი კვალიფიკაციის სანაცვლოდ? რამდენი სტუდენტი შეძლებს მეტი კვალიფიკაციისა და, შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაზრდილი ხელფასის მიღებას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შემთხვევაში, მმართველობის პირველი წლის თავზე? მე-4 წლის თავზე? რა არის საშუალოდ ეს ხელფასი?
ჩვენ ვერ მივიღეთ პარტიისგან დასტური, რომ საქართველოში ბიზნესის წარმომადგენლების მხრიდან არსებობს ხელფასების მნიშვნელოვნად გაზრდის სურვილი კოლეჯის სტუდენტების გაზრდილი კვალიფიკაციის სანაცვლოდ, ასევე ვერ გავიგეთ თუ რამდენი სტუდენტი შეძლებს მეტი კვალიფიკაციისა და, შესაბამისად, მნიშვნელოვნად გაზრდილი ხელფასის მიღებას.
საშუალო ხელფასთან დაკავშირებით კი ასეთი პასუხი მივიღეთ: „საქართველოში დასაქმებულის საშუალო ხელფასი იქნება 2 000 ლარი და მეტი“.
EDU.ARIS.GE: პარტიის პროგრამაში, თუ როგორ მივიღოთ დამატებით 2 მილიარდი ლარის ნაწილში, ვკითხულობთ, რომ „საქართველოში 2020 წლის მონაცემებით 10 000 უცხოელი სტუდენტი სწავლობს, რომლებიც წლიურად საშუალოდ სწავლაში 5000 ევროს იხდიან.“ პარტიის გეგმით, უცხოელ სტუდენტთა რიცხვი 5 წლის განმავლობაში უნდა გახუთმაგდეს.
„განათლების მინისტრი შეითავსებს კომერციული ატაშეს ფუნქციას და ლობირებას გაუწევს რეფორმებს, რომლებიც გაამარტივებს სასწავლო ვიზების აღების პროცესს. ასევე, პოპულარიზებას გაუწევს იდეას „ისწავლე საქართველოში“.
სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2020 წლის 31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში 12 972 უცხო ქვეყნის მოქალაქე სწავლობს. აქედან, მხოლოდ 33% სახელმწიფო სასწავლო დაწესებულებებში ირიცხება, ანუ უცხოელი სტუდენტებისგან მიღებული სახსრების ძირითადი ნაწილი სახელმწიფოს ხელში არ არის. განათლების მინისტრის ატაშეს ფუნქციასთან ეს რამდენად არის თავსებადი? ხომ არ გამოიწვევს ინტერესთა კონფლიქტს, შექმნის კორუფციის საფრთხეს?
მივიღეთ პასუხად, რომ კომერციული ატაშეს ფუნქცია არის თავსებადი განათლების მინისტრის ფუნქციებთან და არამხოლოდ: „კომერციული ატაშეს ფუნქციას შეითავსებს არამარტო განათლების, არამედ ჯანდაცვის, ეკონომიკის და სხვა სამინისტროებიც. ეს იქნება მინისტრის დამატებითი ფუნქცია …“
ასევე გავიგეთ, რომ „უცხოელი სტუდენტი, არ აქვს მნიშვნელობა სახელმწიფო თუ კერძო უნივერსიტეტში ისწავლის, მთავარი არის, რომ ქართულ განათლების სისტემაში შემოვა ფინანსები და განვითარდება ქართული კერძო, თუ სახელმწიფო უნივერსიტეტები“.
კორუფციის საფრთხესთან დაკავშირებით არანაირი პასუხი არ მიგვიღია.
EDU.ARIS.GE: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ოთხი წლის შემდეგ, სავარაუდოდ, რომელ ადგილზე ხედავთ საქართველოს ადგილს PISA-ს და PIRL-ის კვლევებში? ასევე, რამდენ ქართულ უნივერსიტეტს ხედავს საუკეთესო უნივერსიტეტების ასეულში THE-ს, QA-ს, US NEWS-ისა და ARWU-ს რეიტინგში?
მოსწავლეებთან დაკავშირებით შემდეგი პასუხი მივიღეთ: „ხარისხის უზრუნველყოფით, მოსწავლეთა საჭიროებებზე ორიენტირებით საქართველო თავის მაჩვენებელს კვლევებში პირველივე ოთხ წელში გააუმჯობესებს“.
ქართული უნივერსიტეტების მსოფლიო უნივერსიტეტების საუკეთესო ასეულში მოხვედრასთან დაკავშირებით, პასუხად მივიღეთ, რომ ახლა ამაზე საუბარი შეუძლებელია: „ავტონომიური, დეცენტრალიზებული მართვის პირობებში, მაღალი ხარისხის ქართული უნივერსიტეტები ღირსეულ ადგილს დაიკავებენ მსოფლიო წამყვან უნივერსიტეტებს შორის. არასერიოზული იქნება ჩვენი მხრიდან კონკრეტული ადგილისა და უნივერსიტეტის დასახელება, ყველა უნივერსიტეტი ხარისხში გაუწევს კონკურენციას სხვა წამყვან უნივერსიტეტებს“.
EDU.ARIS.GE: არჩევნებში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვების შემთხვევაში, ვინ იქნება თქვენი კანდიდატი(ები) (გვარი და სახელი) საქართველოს განათლების მინისტრის პოსტზე?
პასუხად მივიღეთ, რომ ჯერ ეს ცნობილი არ არის, რომ პარტიისთვის ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია არჩევნებში გამარჯვება და არა თანამდებობების განაწილება: „ჩვენი გამარჯვების შემდეგ, პრემიერ-მინისტრი იქნება მიხეილ სააკაშვილი და ის მოახდენს მინისტრთა კაბინეტის ფორმირებას. რომელიც წარმომადგენლობით – ფართო საზოგადოებრივი კოალიცია იქნება.“
EDU.ARIS.GE: პარტიისთვის რომელ ადგილზეა განათლების განვითარება პრიორიტეტით სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის? ასევე გთხოვთ ჩამოგვითვალოთ თქვენი პრიორიტეტების პირველი სამეული.
ჩვენ შემდეგი პასუხი მივიღეთ: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამი უმთავრესი პრიორიტეტი არის „განათლება, ეკონომიკა და ჯანდაცვა“.