როგორ პასუხობს „სტრატეგია აღმაშენებელი“ განათლების პროგრამის შესახებ კითხვებს?
წინასაარჩევნოდ, საქართველოში განათლების პრობლემები თითქმის ყველა პარტიის სასაუბრო თემაა და გვარწმუნებენ კიდეც, რომ სწორედ ისინი შეძლებენ ამ ჩაკეტილი წრის გარღვევას, განავითარებენ და მსოფლიო სტანდარტებს დაეწევა ქართული განათლება ყველა საფეხურზე.
თუმცა, პოლიტიკური პარტიებიდან მხოლოდ ერთეულებმა გაბედეს თავიანთ გეგმებზე დეტალურად ესაუბრათ. მათი გეგმების ავკარგიანობა თუ ხარისხი, ცხადია, ამომრჩეველმა უნდა შეაფასოს და შემდეგ ენდოს კონკრეტულ გუნდს, ჩვენი საქმე კი, კომპეტენციის ფარგლებში, პარტიების მიერ დასახული ქართული განათლების გზის გაურკვეველ ნაწილებში გარკვევაა.
პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“ ის გამონაკლისი პარტიაა, რომელმაც, უდავოდ, ნაბიჯ–ნაბიჯ მოინდომა განათლების საკითხების წამოწევა წინასაარჩევნო პროგრამაში.
პროგრამა იხილეთ აქ: განათლების ქართული მოდელი – სტრატეგია აღმაშენებელი
ჩვენ კი, იმ დამატებით კითხვებზე მოკლე პასუხებს შემოგთავაზებთ, რაც პარტიისგან მივიღეთ:
EDU.ARIS.GE: პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ პროგრამის განათლების ნაწილში, თავში ვკითხულობთ, რომ უნდა შეიქმნას ახალი, მაღალი ლეგიტიმაციის, საკონსტიტუციო გარანტიის მქონე წარმომადგენლობითი ორგანო – განათლების ეროვნული საბჭო, რომელიც განათლების სისტემის გრძელვადიან, სისტემურ და თანმიმდევრულ მიზნებს შეიმუშავებს და დაამტკიცებს, ასევე მონიტორინგს და ზედამხედველობას გაუწევს განათლების რეფორმის მიმდინარეობას. საბჭოს წევრებს პირდაპირი წესით საგანმანათლებლო საქმიანობაში ჩართული 80 000-მდე საქართველოს მოქალაქე აირჩევს. საქართველოში 60 000 (75% 80 ათასიდან) სკოლის მოქმედი მასწავლებელია, ანუ თქვენ თვლით, რომ სკოლის მასწავლებელს უნდა მივანდოთ ქვეყანაში ადრეული და სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების, ასევე მეცნიერების განვითარება?
პარტიისგან დასტური მივიღეთ, მოკლედ ის ასე ჟღერს: „საბჭოს არჩევა, რასაკვირველია, შეგვიძლია მივანდოთ მასწავლებლებს, რომლებსაც თაობების აღზრდა აქვთ მინდობილი“
თქვენ თვითონ განსაზღვრეთ, რეალურია ეს ინიციატივა თუ არა, კარგია თუ ცუდია.
EDU.ARIS.GE: პარტიის პროგრამაში საჯარო სკოლების ავტორიზაციის ნაწილში ვკითხულობთ, რომ „უნდა დავნერგოთ შეფასება, როგორც სოციალური ბერკეტი (შიდა სასკოლო და გარე შეფასება), რათა დაიწყოს საჯარო სკოლების რანგირება, როგორც მოსამზადებელი ეტაპი საჯარო სკოლების აკრედიტაცია-ავტორიზაციისთვის“. გახდება თუ არა საჯაროდ ცნობილი სკოლის ადგილი სხვა სკოლებს შორის? არ ფიქრობთ, რომ საჯარო სკოლებს შორის ჯანსაღი კონკურენციით მიღებული დადებითი შედეგი გაზრდილი სოციალური უთანასწორებით გამოწვეულ შედეგს გადაფარავს?(ყველა მშობელი ბავშვს პრესტიჟულ სკოლაში ვერ ატარებს).
პასუხად მივიღეთ, რომ არა, სკოლების ცუდად და კარგად დაყოფა და ამ ინფორმაციის გამოქვეყნება არ მოხდება. „საჯარო სკოლების რანგირება, როგორც სოციალური ბერკეტი, უნდა გამოვიყენოთ როგორც დამხმარე ინსტრუმენტი სწავლა-სწავლების, სასკოლო ინფრასტრუქტურისა და ჯანსაღი გარემოს უზრუნველსამყოფად მთელი ქვეყნის მასშტაბით. 2 084 საჯარო სკოლა შეფასდება არა სადამსჯელო მეთოდების გასატარებლად, არამედ სამინისტროს მხრიდან „მაშველი რგოლის გადაგდების“ პრინციპით, რათა არ არსებობდეს უკეთესი და უარესი, პრესტიჟული და არაპრესტიჟული სკოლები. საუკეთესო სკოლა ჩემი უბნის სკოლაა“.
EDU.ARIS.GE: პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში,რამდენ წელიწადში ხედავთ პროგრამის განათლების ნაწილის შესრულებას? ოთხი წლის შემდეგ, სავარაუდოდ, რომელ ადგილზე ხედავს პარტიის ლიდერი საქართველოს ადგილს PISA-ს და PIRL-ის კვლევებში? ასევე, რამდენ ქართულ უნივერსიტეტს ხედავს საუკეთესო უნივერსიტეტების ასეულში THE-ს, QA-ს, US NEWS-ისა და ARWU-ს რეიტინგში?
ამ კითხვებზე პასუხი ვერ მივიღეთ. „უდავოდ დავწინაურდებით მოსწავლეთა მიღწევებში“, მივიღებთ ხელშესახებ შედეგს, „რეფორმების შედეგად არსებობს შანსი, ვიხილოთ ქართული უნივერსიტეტები არა მხოლოდ საუკეთესო 1 000-ეულის რეიტინგში, არამედ კონკურენცია გავუწიოთ აღმოსავლეთ ევროპისა და ჩვენი მსგავსი ეკონომიკის მქონე ქვეყნების უნივერსიტეტებს“
თუმცა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ მოწოდებული პასუხიდან ვერც იმას ვიგებთ როდის შესრულდება მათი განათლების პროგრამა, ვერც იმას თუ სად ვიქნებით 4–წლიანი ციკლის შემდეგ რეიტინგებსა თუ კვლევებში.
EDU.ARIS.GE: არჩევნებში პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ გამარჯვების შემთხვევაში, ვინ იქნება თქვენი კანდიდატი(ები) (გვარი და სახელი) საქართველოს განათლების მინისტრის პოსტზე?
პასუხად მივიღეთ, რომ – „მოსალოდნელი კოალიციური მთავრობის პირობებში, „სტრატეგია აღმაშენებელი“, რა თქმა უნდა, წარადგენს განათლების მინისტრობის საკუთარ კანდიდატს“.
პარტიამ ახალი მთავრობის სავარაუდო მინისტრის კანდიდატურა(ები) არ/ვერ დაასახელა.
EDU.ARIS.GE: პარტიისთვის რომელ ადგილზეა განათლების განვითარება პრიორიტეტით სხვა პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის? ასევე გთხოვთ ჩამოგვითვალოთ თქვენი პრიორიტეტების პირველი სამეული.
პასუხად მივიღეთ, რომ – პარტიის პრიორიტეტების სამეულში განათლება არ არის. „განათლება გახლავთ ყველაზე სანდო ინვესტიცია ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის. იგი გავლენას ახდენს ეკონომიკის, ბიზნესის, ტურიზმის, ჯანდაცვისა თუ სოციალური პოლიტიკის პროგრესზე ქვეყანაში“, სტრატეგია აღმაშენებლის პრიორიტეტების სამეული კი ასე გამოიყურება – სამუშაო ადგილების შექმნა, ეკონომიკა და ჯანდაცვა.