„საიდან მოვიდა აზრი, რომ მოკლე განათლება ნიშნავს უკეთეს ხარისხს განათლებაში?“ – დეპუტატი განათლების რეფორმაზე
საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი, სოფო ხორგუანი მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ შემოთავაზებული უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია ადამიანს განათლების სამ წელს ართმევს ერთს სკოლაში, ერთს ბაკალვრიატზე და ერთს სამაგისტროზე.
„მინუს 3 წელი უკეთესი განათლების ნიშანია?“, – ამ კითხვით მიმართა დეპუტატმა 27 ნოემბერს პარლამენტში მისულ პრემიერ მინისტრს მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ რეფორმის კონცეფცია პარლამენტის წევრებს გააცნო.
სიტყვით გამოსვლისას კანონმდებელმა საქართველოს კონსტიტუციის ის მუხლი გააჟღერა, სადაც წერია, რომ ,,აკადემიური თავისუფლება და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტონომია უზრუნველყოფილია”.
ოპოზიციის წევრი თვლის, რომ მოცემული კონცეფციით პარტია კარნახობს უმაღლეს სასწავლებლებს რა უნდა ასწავლოს, სად უნდა ასწავლოს, ვინ უნდა ასწავლოს, ვის უნდა ასწავლოს და რამდენი ხანი უნდა ასწავლოს; დირექტივები მოდის პარტიიდან და არ მოდის აკადემიური გამოცდილებიდან.
„როგორ გვესმის უმაღლესი განათლების იდეა? – მხოლოდ ერთი ან ორი ტრადიციული პროფილის და ისტორიული გამოცდილების გათვალსიწინებით – ასე წერია [კონცეფციაში], რომელ ტრადიციებს გულისხმობთ? ჩვენ გვაქვს ტრადიცია, დაწყებული გელათის აკადემიიდან, სადაც პეტრიწი მოღვაწეობდა, ასწავლიდნენ გეომეტრიას, არითმეტიკას, მუსიკას, რიტორიკას, გრამატიკას, ფილოსოფიას და ასტრონომიას. საუკეთესო უნივერსიტეტები გერმანიაში მე-18 საუკუნიდან მოყოლებული ასწავლიდნენ მრავალ დისციპლინას და ასე არის ყველაზე საუკეთესოდ აღიარებულ უნივერსიტეტებში დღევანდელ მსოფლიოში. სადაც თქვენი შვილების უმრავლესობა სწავლობს.
თქვენი კონცეფცია ამბობს, რომ სტუდენტები ქალაქში ფეხებში გვედებიან და უმჯობესია თუ ქალაქის ბოლოს, ან სულაც ორ ქალაქს შორის გადანაწილდებიან. რუსთაველის გამზირზე ორი სავაჭრო მოლი გვაქვს, რატომ გამოიწვევს ქალაქის გადატვირთვას მაინცა და მაინც რამდენიმე უნივერსიტეტი?
ასევე, ერთდროულად რომ დაასრულებენ ბავშვები მე-11 და მე-12 კლასს, აღმოჩნდება რომ უფრო მეტი 17 და 18 წლის ახალგაზრდა დაგვრჩება გარეთ, იმიტომ, რომ კონკურენციაც ხომ გაიზრდება?!
საერთოდ, საიდან მოვიდა აზრი, რომ მოკლე განათლება ნიშნავს უკეთეს ხარისხს განათლებაში? თქვენ თქვით შევისწავლეთო, იქნებ გაგვიმხილოთ, ვინ იყვნენ ეს ექსპერტები, რა ცოდნა და გამოცდილება აქვთ? რატომ უნდა ვენდოთ ასე, როცა ვიღაცამ ჩათვალა, რომ უკეთესი ხარისხია განათლების მინუს სამი წელი“, – განაცხადა სოფო ხორგუანმა.
დეპუტატი დაინტერესდა, რას უპირებს მთავრობა ომგადატანილ უნივერსიტეტებს, მაგალითად სოხუმის უნივერსიტეტს, რომელსაც დევნილ უნივერსიტეტს უწოდებენ.
„თქვენ გამოუცხადეთ ბრძოლა ყველაფერ ქართულს, შემოგვაპარეთ ნეიტრალიტეტზე საუბრები. დღეს შაშკინივით გველაპარაკებით, მიადეგით ნაჯახით ამ განათლების სისტემას და ეს რაღაც, გარეთ რომ ჰკიდია – ურო და ნამგალი, უნდა გააცოცხლოთ და ასე გინდათ მართოთ საქართველო.
თქვენი კონცეფციით შრომის ბაზრს უნდა იყოს მორგებული განათლების სისტემას. თუ ჩახედავთ შრომის ბაზარზე განცხადებებს: უმეტესობა კაზინოსა და მარკეტების პოზიციებზეა. მომავალი საქართველო კაზინოს თამაშის წარმდგენების, კარტის ამჩეხის, გაყიდვების მენეჯერისა და მაღაზიის კონსულტანტების მომზადების განათლებისკენ მიმავალი საქართველოა?
ისტორიის მქონე ქვეყნის ამბიციას ასე ეხმიანება თქვენი კონცეფცია? რომელშიც საერთოდ არ ისმის ადამიანი, რა უნდა ადამიანს, რისკენ მიდის“, – თქვა საკუთარ სიტყვაში სოფო ხორგუანმა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ წარმოადგენს.
ასევე იხილეთ:
-
აფხაზური ენის პედაგოგთა ფინანსური მხარდაჭერა იზრდება, „ენის პოპულარიზაცია“ კი ქრება – რა წერია ბიუჯეტში
by ინფოLIFE
-
ამ შემთხვევაში წვევამდელი 1000 ლარით დაჯარიმდება – ცვლილება „თავდაცვის კოდექსში“ შედის
by ინფოLIFE
-
განათლების მინისტრს მეხუთე ვაჟი შეეძინა – კომიტეტის მილოცვა გივი მიქანაძეს
by ინფოLIFE
