„სიახლე განათლების „რეფორმასთან“ დაკავშირებით“ – ილიაუნის კანცლერი ქეთევან დარახველიძე
ილიაუნის კანცლერი, ქეთევან დარახველიძე:
„სიახლე განთლების „რეფორმასთან“ დაკავშირებით
გუშინ, 20 ნოემბერს, თბილისში სასტუმრო „პარაგრაფში“ გაიმართა საქართველოს უნივერსიტეტების სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთობლივი საბაკალავრო პროგრამების მრჩეველთა საბჭოს შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო (მინისტრი, მინისტრის ორი მოადგილე), სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (კალიფორნია, აშშ, პრეზიდენტი ადელა დე ლა ტორე, პროვოსტი უილიამ ტონგი, ვიცე-პრეზიდენტი ჰალა მადანატი, დეკანი იან გიბსონი, და საბჭოს წევრები), სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველო, აშშ-ის საელჩო (მრჩეველი საზოგადოებრივ საქმეთა საკითხებში ჰარვი სერნოვიცი), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ერთობლივი პროგრამების აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი, ბიზნესსექტორი და მრჩეველთა საბჭოს წევრები.
შეხვედრის მონაწილეებმა წარმოადგინეს მიმდინარე პროგრამების შედეგები და იმსჯელეს გეგმებზე, ასევე საუბარი შეეხო განათლების რეფორმის კონცეფციის ერთ-ერთ საკვანძო მიმართულებას: „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“.
უმაღლესი განათლების სფეროში დაანოსნებული ცვლილებების ფარგლებში, ჩვენს კითხვაზე პროგრამების მომავალთან დაკავშირებით, ბატონმა მინისტრმა დამატებით განმარტა:
- თსუ-ის მედიცინის მიმართულების პროგრამებზე (დიდი ალბათობით ილიაუნიც იგულისხმება), სავარაუდოდ, მომავალი სასწავლო წლიდან მიღება შეწყდება და მიღების უფლება ექნება მხოლოდ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს; სტუდენტებს ექნებათ მიმდინარე პროგრამის დასრულების და კვალიფიკაციის მიღების შესაძლებლობა;
- ტექნოლოგიებისა და საინჟინრო პროგრამების განხორციელების უფლება ექნება მხოლოდ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს, რაც მათთან მიმდინარე მოლაპარაკების განხილვის საგანია.
- 2027 წლიდან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს ექნება ახალი ჯგუფის მიღებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობა სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ 1 ან 2 სახელმწიფო უნივერსიტეტთან საქართველოში.
ვერ მივიღეთ კონკრეტული პასუხი უნივერსიტეტებში ფაკულტეტების/მიმართულებების შერჩევისა და გადანაწილების კრიტერიუმებთან დაკავშირებით. მინისტრის განმარტებით, მისი დისკრეციის საკითხია უნივერსიტეტებთან მოლაპარაკების გზით (აღნიშნული პროცესი ილიას უნივერსიტეტში არ მიმდინარეობს) პროფილების შერჩევა. გაურკვეველია რა ობიექტური კრიტერიუმის/კრიტერიუმების გათვალისწინებით მიმდინარეობს ან წარიმართება პროცესი.
ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს ნიშნავს სამი სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ, ილიაუნი, ტექნიკური უნივერსიტეტი) მიერ წლების განმავლობაში განვითარებული პროგრამების, ასევე, სან დიეგოსთან პარტნიორობით მიმდინარე პროგრამების დაშლას და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პოტენციურ გადატანას. რადგან დასახელდა, რომ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს მოუწევს 1 ან 2 სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობა მომავალში. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გარდა, აქ აუცილებლად იგულისხმება მეორე უნივერსიტეტი სხვა ქალაქში.
ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვანი მიმართულებების, პროგრამების განვითარებასა და რესურსების მობილიზებაში, 2015 წლიდან დღემდე, 140 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიციაა ჩადებული ორივე სახელმწიფოს მხრიდან.
აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, მთავარი რისკები ტექნოლოგიების მიმართულებით და განსაკუთრებით, ტექნოლოგიებისა და საინჟინრო პროგრამების განხორციელებისა და საბაკალავრო პროგრამების საერთაშორისო ამერიკული აკრედიტაციის მხრივ – ამერიკის ინჟინერიისა და ტექნოლოგიების სააკრედიტაციო საბჭოს (ABET) აკრედიტაციის შენარჩუნების ჭრილში არის შემდეგი:
1. თუ ABET პროგრამების განმახორციელებელ უნივერსიტეტს არ ექნება მიღება მიმდინარე ABET-აკრედიტებულ პროგრამებზე, ეს იქნება საზიანო აკრედიტაციის შუალედური შედეგებისა და შეფასების ანგარიშგებისთვის;
2. თუ ABET-ის მიერ აკრედიტებული პროგრამა გადავა სხვა უნივერსიტეტში, ამით არსებითად იცვლება ABET-ის საბჭოსთვის პროგრამის განმახორციელებელი ინსტიტუცია, რაც, შესაბამისად, გულისხმობს აკრედიტაციის ავტომატურ შეწყვეტას და ხელახალ აკრედიტაციას. თუ სახელმწიფოს სურს, რომ ქონდეს ABET-აკრედიტებული პროგრამები, სახელმწიფოს დამატებით მოუწევს სოლიდური ადამიანური და ფინანსური რესურსის მობილიზება.
სიახლეს თან ვურთავ 2019 წელს ილიაუნის მიერ აშენებულ სრულიად ახალი, ოთხსართულიანი, 4,600 კვადრატული მეტრის ტექნოლოგიური კორპუსის ფოტოებს. ახალი სასწავლო კორპუსი უნივერსიტეტმა საკუთარი ფინანსური რესურსით ააშენა, ხოლო მისი აღჭურვა განხორციელდა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპტაქტის ფინანსური მხარდაჭერით. უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ შენობაში განთავსდა საერთაშორისო სტანდარტების ელექტრული ინჟინერიისა და სამშენებლო ინჟინერიის ლაბორატორიები, საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა და სამუშაო სივრცეები.
-
უზნაძის ქუჩის არქიტექტურული მემკვიდრეობა – შუალედური კვლევის შედეგების წარდგენა ილიაუნიში
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი ქეთევან დარახველიძე NAFSA-ს დირექტორთა საბჭოს წევრად აირჩიეს
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
-
ნეანდერტალელის ახლადაღმოჩენილი კბილი ცუცხვათიდან და ნახევარსაუკუნოვანი უიღბლობის დასასრული
by ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი