GE

სკოლები, სადაც სწავლა უკვე დაწყებულია, დისტანციურ სწავლებაზე გადავლენ 

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის დიდ ქალაქებში თბილისში, რუსთავში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და ფოთში სასწავლო წელი 15 სექტემბერს დისტანციურად დაიწყება. აღნიშნულ ქალაქებში უნივერსიტეტების და კერძო სკოლების ნაწილს სწავლა უკვე დაწყებული აქვს.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, ეს დაწესებულებები სწავლების დისტანციურ ფორმატზე უნდა გადავიდნენ.

„იმ სასწავლო დაწესებულებებს, რომლებმაც უკვე დაიწყეს სასწავლო პროცესი უნდა გადავიდნენ დისტანციურ სწავლებაზე, გადაწყვეტილება ეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებს და ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ზემოთჩამოთვლილი ქალაქების გარდა, დარჩენილ მუნიციპალიტეტებში სასწავლო პროცესი 15 სექტებერს დაიწყება საკლასო ოთახებში, ასევე აუდიტორიებში“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრის მოადგილის თქმით, განათლების სისტემა მზადაა 15 სექტემბერს სასწავლო პროცესი დაიწყოს როგორც საკლასო ოთახებში, ასევე დისტანციურად და ამისთვის განხორციელდა როგორც საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე სკოლების აღჭურვა სათანადო ინვენტარით.

„გარდა ამისა, პანდემიის გამო ზაფხულის განმავლობაში სამინისტრო ინტენსიურად მუშაობდა პროექტ “ტელესკოლის” ბადის აწყობაზე და გაკვეთილების ჩაწერაზე. ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, ყველა კლასისა და საგნისათვის, ასევე ეთნიკური უმცირესობებისათვის 15 სექტემბრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი – განათლება“ ეთერით მოსწავლეებითვის პროექტი „ტელესკოლა“ განახლდება.

„სამინისტრომ სკოლებისთვის ასევე შექმნა ელექტრონული ჟურნალი, რომელიც მასწავლებლების მიერ სკოლის მოსწავლეების დასწრებისა და შეფასების ელექტრონულად აღრიცხვას გულისხმობს. ელექტრონული ჟურნალი დისტანციურ სასწავლო პროცესს კიდევ უფრო გააძლიერებს“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

მისივე თქმით, სახელმძღვანელოები და პირველკლასელების კომპიუტერები ყველა სკოლას უკვე გადაცემულ აქვს და თავად სკოლები ახდენენ მოსწავლეებისთვის მათი მიწოდების ორგანიზებას.

მინისტრის მოადგილემ ასევე განმარტა, რომ 2000-ზე მეტ მასწავლებელთან ერთად, რომლებსაც შავი ზღვის სანაპიროზე მოგზაურობის ისტორია აქვთ, კორონავირუსზე შემოწმდება, იგივე ისტორიის მქონე, ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალიც.

ამავე თემაზე:

საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში დიდ ქალაქებში სწავლა 2 კვირით გადაიდო – მთავრობის გადაწყვეტილება

როდის და რა პრინციპით დაიწყებენ სწავლას პირველკლასელები?

2100-მდე მასწავლებელს, ვინც წელს აჭარის სანაპიროზე იყო, კორონავირუსზე ტესტირება ჩაუტარდება, 45 000 კი რენდომულად შემოწმდება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური