სკოლებსა და ბაღებში განთავსებული საარჩევნო უბნები – როგორი კომუნიკაცია ექნება კომისიას პანდემიის გამო დახურულ შენობაში
31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. საუბნო საარჩევნო კომისიების დიდი ნაწილი საჯარო სკოლებისა და საბავშვო ბაღების შენობებშია განთავსებული. კორონავირუსის პანდემიის გამო, აღნიშნულ დაწესებულებებში მოქალაქეების გადაადგილება მკაცრადაა შეზღუდული, თუმცა ამავე დროს საუბნო კომისიებში ამომრჩეველთა სიების საჯარი ვერსიებია განთავსებული, რისი ნახვის უფლებაც ნებისმიერ ამომრჩეველს აქვს.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში ამომრჩეველთა სიის გარდა, ასევე გამოკრულია ინფორმაცია საარჩევნო უბნის საზღვრებისა და საარჩევნო უბანში შემავალი ყველა საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის მისამართების შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია დაინტერესებული პირებისთვის შეზღუდული არ უნდა იყოს.
„ამომრჩეველს უფლება აქვს, გაეცნოს ცესკოში, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებულ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას“, – ნათქვამია საარჩევნო კოდექსში.
კორნოავირუსის პანდემიის გამო, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით საგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხო პირების, მათ შორის მშობლების შესვლა შეზღუდულია, განსაკუთრებით საბავშვო ბაღებში, ამ ფონზე საინტერესოა როგორ შეძლებს ამომრჩეველი საკუთარი უფლების განხორციელებას, თუ დავუშვათ მას არჩვენებამდე სიაში საკუთარი თავის გადამოწმება სურს.
ამისთვის სხვა მეთოდებიც არსებობს, მაგალითად ამომრჩეველთა სიის ელექტრონული ვერსია, რომელიც ცესკოს საიტზეა განთავსებული, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირს აღნიშნულ სერვისზე ხელი არ მიუწვდება სკოლა და ბაღის ადმინისტრაცია ვალდებულია მოქალაქე საუბნო საარჩევნო კომისიაში შეუშვას.
როგორც საარჩევნო ადმინისტრაციებში განმარტავენ, დაინტერესების შემთხვევაში მოქალაქემ უნდა მიმართოს სკოლის ან ბაღის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომლებიც დაწესებულების კარებთან დგანან, ისინი დაუკავშირდებიან საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს, მოქალაქე გაივლის თერმოსკრინინგს და მას მისცემენ უფლებას სასურველი ინფორმაცია მიიღოს.
თ.ვ.
- პროკურატურა: „უნივერსიტეტის დეკანმა და სტუდენტებმა ჯგუფურად სცემეს ორ პირს“ by ინფოLIFE
- განათლების სამინისტროსა და მისი სისტემის 200-მდე თანამშრომელი განცხადებას ავრცელებს – ხელმომწერთა სია by ინფოLIFE
- როგორ უნდა გადაადგილდეთ 25 ნოემბერს თბილისში – მერიის განცხადება დაწესებულ შეზღუდვებზე by ინფოLIFE