GE

სვამს თუ სვავს, უნახია თუ უნახავს? – რა უნდა იცოდეს აბიტურიენტმა თემის ნიშნების მართლწერასთან დაკავშირებით

რა არის თემის ნიშანი

სხვადასხვა მწკრივში ზმნის ფუძე განსხვავებულია, მაგრამ უღლებისას ზმნას აქვს რაღაც საერთო ნაწილი I ან II სერიის ყველა მწკრივისთვის. მაგალითად, ვხატავ ზმნისთვის I სერიის ყველა მწკრივში საერთოა ხატავ (ვხატავდი, ხატავდი, ვხატავდე…), II სერიის მწკრივებში − ხატ (ვხატე, ვხატო).

ზმნის იმ ნაწილს, რომელიც საერთოა I ან II სერიის ყველა მწკრივისთვის, თემა ეწოდება. გამოდის, რომ ხატავ I სერიის თემაა, ხატ − II სერიისა.

ამ ზმნის I სერიის თემა II-ისგან განსხვავდება –ავ ბოლოსართით, რომელსაც თემის ნიშანი ეწოდება. თემის ნიშნებია: -ი, -ებ, -ობ, -ავ, -ამ, -ემ, -ოფ.

თემის ნიშნების მართლწერა

ზოგჯერ აღრეულია -ავ და -ამ თემის ნიშნები. შესამოწმებლად უნდა მივმართოთ საწყისს, რომელშიც თემის ნიშნის თანხმოვანია შენარჩუნებული:

სმა – სვამს და არა სვავს, აღქმა – აღიქვამს და არა აღიქვავს, დარტყმა – არტყამს და არა არტყავს, დარგვა – დარგავს და არა დარგამს.

გამონაკლისია შთანთქმა, მის პირიან ფორმაში -ავ თემის ნიშანი იქნება და არა -ამ: შთანთქავს, შთაუნთქავს. აცმევს დედა ნინოს კაბას, ნინო იცვამს კაბას. შეკითხვას დაუსვამს და არა დაუსმევს.

-ებ თემის ნიშნის ნაცვლად ზოგჯერ -ობ თემის ნიშანს იყენებენ.

სწორია: ჭიკჭიკებს, ბუტბუტებს, აპირებს, ბზრიალებს, ასწრებს.

არასწორია: ჭიკჭიკობს, ბუტბუტობს, აპირობს, ბზრიალობს, ასწრობს.

არასწორია ბრძოლობს ფორმის გამოყენება იბრძვის მაგიერ.

ზოგჯერ -ობ ან -ებ თემის ნიშნის თანხმოვანი მეტყველებაში ყრუდ ისმის – როგორც -ფ, მაგრამ უნდა დაიწეროს -ბ: თამაშობს, აწყობს, აკეთებს, ალამაზებს და არა თამაშოფს, აწყოფს, აკეთეფს, ალამაზეფს.

-ობ-თემისნიშნიან ზმნებს I თურმეობითში არ სჭირდება ვ: გავიცნობ − გამიცნია და არა გამიცვნია.

-ავ და-ამ თემის ნიშნები ზმნას გადაჰყვება I თურმეობითში (კითხვა: რა უქნია?):

სწორია: ხატავს − დაუხატავს, ნახავს – უნახავს, დასვამს − დაუსვამს, აბამს − დაუბამს.

არასწორია: დაუხატია, უნახია, დაუსვია, დაუბია.

შენიშვნა: სადავოა -ავ და-ამ თემისნიშნებიან ზმნათა პირველი და მეორე პირის ფორმები და არაა გამორიცხული, რომ დროთა განმავლობაში ეს ნორმა შეიცვალოს.

თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმად მიჩნეულია შემდეგი ფორმები: მინახავხარ, გინახავხარ, უნახავხარ, დამიხატავხარ, დაგიხატავვარ, დაუხატავხარ, დავუსვამვარ, დაუსვამხარ, დავუბამვარ, დაუბამხარ… პარალელურ ფორმებად, მაგრამ ჯერჯერობით არამართებულად მიჩნეულია ზეპირმეტყველებაში გავრცელებული ფორმები: მინახიხარ, გინახივარ, უნახიხარ, დამიხატიხარ, დაგიხატივარ, დაუხატიხარ, დავუსვივარ, დაუსვიხარ, დავუბივარ, დაუბიხარ…

ზოგჯერ I სერიის თემა II სერიის თემისაგან ხმოვანმონაცვლეობით განსხვავდება, ასეთ ზმნებს ფუძედრეკადი ან ხმოვანმონაცვლე ზმნები ეწოდება. მათ I სერიის ფუძეში აქვთ ხმოვანი: ვგრეხ, ვგრეხდი, ვგრეხდე, II სერიაში კი − : ვგრიხე, ვგრიხო.

დაუშვებელია ფუძედრეკად ზმნებთან თემის ნიშნის გამოყენება.

სწორია: ვწყვეტ, ვგრეხ, ვკვნეტ, ვხვეტ.

არასწორია: ვწვეტავ, ვწყვიტავ, ვგრეხავ, ვგრიხარ, ვკვნეტავ, ვკვნიტავ, ვხვეტავ, ვხვიტავ.

ფუძისეული ხმოვნის გასაგებად შეგვიძლია მოვიშველიოთ საწყისები და მიმღეობები:
წყვეტა − გაწყვეტილი, გრეხა − დაგრეხილი, კვნეტა − მოკვნეტილი.

არასწორია თემის ნიშნის გამოყენება ზოგ არახმოვანმონაცვლე ზმნასთანაც: კვეთს, კვეცს, ხვეტს, ხვეწს და არა: კვეთავს, კვეცავს, ხვეტავს, ხვეწავს.

აუცილებელია -ავ თემის ნიშნის ხმარება შემდეგ ზმნებთან: რეცხავს, რეკავს, ბერტყავს, ლესავს, თიბავს, კეცავს, წალეკავს, წეწავს, კვებავს, ხეხავს.

უთემისნიშნო ზმნათა საწყისები -ა სუფიქსის დართვით იწარმოება: ტეხა, გრეხა, ხვეტა და არა: ტეხვა, გრეხვა, ხვეტვა.

III სერიაში (I თურმეობითში) ზმნას ზოგიერთი თემის ნიშანი გადაჰყვება, ზოგი კი − არა: აკეთებს − გაუკეთებია; მაგრამ: აქებს − შეუქია და სხვ.

ასევე იხილეთ:

თანაგიგრძნობ თუ გითანაგრძნობ? – ის, რაც აბიტურიენტმა რთული და კომპოზიტებისგან ნაწარმოები ზმნების მართლწერაზე უნდა იცოდეს

გრამატიკული ცნობარი

წყარო: ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური