GE

დაიმალენ თუ დაიმალნენ, გათბენ თუ გათბნენ? – სუბიექტური პირის ნიშნების მართლწერა აბიტურიენტებისთვის და არა მხოლოდ

ქართულ ენაში ზმნა შეიძლება იყოს ერთპირიანი (დგას, ზის, წევს, იმალება), ორპირიანი (ელაპარაკება, უზის, აკეთებს, აქებს) ან სამპირიანი (უშენებს, უკეთებს, უხსნის).

ზმნის პირი ორგვარია: მოქმედი და სამოქმედო. მოქმედ პირს სუბიექტური ჰქვია, სამოქმედოს – ობიექტური. ერთპირიან ზმნას მხოლოდ სუბიექტური პირი აქვს. ორპირიან ზმნაში ერთი პირი სუბიექტურია, მეორე – ობიექტური, სამპირიანში კი ერთი სუბიექტური პირია, ორი – ობიექტური.

ობიექტური პირი შეიძლება იყოს პირდაპირი ან ირიბი. მათ გასარჩევად ზმნას უნდა დავუსვათ კითხვა რა ქნა? თუ ობიექტურმა პირმა ბრუნვა შეიცვალა და ზმნას სახელობითი ბრუნვის ფორმით შეეწყო, მაშინ ის პირდაპირია; თუ პირი მიცემით ბრუნვაში დარჩა, მაშინ ირიბია: წერს ის მას – დაწერა მან ის – პირი ბრუნვაცვალებადია ანუ პირდაპირობიექტურია. მაგ.: ელაპარაკება ის მას – დაელაპარაკა ის მას – პირი ბრუნვაუცვლელია ანუ ირიბობიექტურია.

მაშასადამე, ირიბობიექტური პირი მუდამ მიცემით ბრუნვაში დგას, ხოლო პირდაპირობიექტური პირი ბრუნვას იცვლის: ხან მიცემით ბრუნვაში დგას, ხან – სახელობითში.

ქართულ ენაში ორ და სამპირიან ზმნაში წარმოდგენილია როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური პირის ნიშნებიც.

I სუბიექტურ პირს ზმნაში ვ- თავსართი გამოხატავს, რიცხვის ნიშანი კი -თ ბოლოსართია: ვ-წერ მე მას, ვ-წერ-თ ჩვენ მას. ვ-ხატავ მე მას, ვ-ხატავ-თ ჩვენ მას. პირველი სუბიექტური პირის ნიშანი არ არის წარმოდგენილი ზმნის შემდეგ ფორმებში: მოვალ, მოვედი. ასევე მაშინ, როდესაც ზმნას პირველ სუბიექტურ პირთან ერთად, ობიექტად მეორე პირი შეეწყობა: გ-ხატავ მე შენ, გ-წერ მე შენ.

I სუბიექტური პირის ნიშანი არ უნდა დაიკარგოს, როცა ზმნა იწყება ო ან უ ხმოვნით და ვ თანხმოვნით: მე ვ-ოცნებობ, მე ვ-უკრავ, მე ვ-ვარდები.

ვ- თავსართის გამოყენება აუცილებელია I თურმეობითში მეშველზმნიან ფორმებთანაც: გა-ვ-ზრდილვარ, გა-ვ-მთბარვარ.

ვ- თავსართი არაა საჭირო მეშველი ზმნის წინ II თურმეობითში.

სწორია: და-ვ-მალულიყავი, გა-ვ-ზრდილიყავი. მცდარია: და-ვ-მალულ-ვ-იყავი, გა-ვ-ზრდილ-ვ-იყავი.

არასწორია ვარ/ხარ მეშველი ზმნის გამოყენება ხმიანობის აღმნიშვნელ ზმნებთან: ვ-ტირი-ვარ, ვ-ყვირი-ვარ, ვ-მღერი-ვარ. სწორია: ვ-ტირი, ვ-ყვირი, ვ-მღერი.

II სუბიექტურ პირს თანამედროვე ქართულში ნიშანი არ სჭირდება, მხოლოდ ორიოდ ზმნაშია შემორჩენილი ხ- თავსართი: შენ მო-ხ-ვალ, შენ მო-ხ-ვედი. მრავლობით რიცხვს კი -თ ბოლოსართი გამოხატავს: ხატავ შენ მას, ხატავ-თ თქვენ მას.

III სუბიექტურ პირს მხოლობით რიცხვში -ს, -ა, -ო ბოლოსართები გამოხატავენ, მრავლობითში კი: -ნ, -ან, -ენ, -ნენ, -ეს სუფიქსები (უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს სუფიქსები ხშირად გამოიყენება სხვადასხვა მწკრივში ერთსა და იმავე ზმნასთან): ისინი მოდი-ან, მოდიოდ-ნენ. ისინი აკეთებ-ენ, აკეთებდ-ნენ. მათ გააკეთ-ეს, მათ გააკეთო-ნ.

III სუბიექტური პირის მრავლობითი რიცხვის ნიშნად -ენ ბოლოსართი მხოლოდ ახლანდელ დროში გამოიყენება, სხვა შემთხვევაში უნდა იყოს -ნენ სუფიქსი. ამიტომ, არასწორია ფორმები: ისინი (და)წერდენ, დაიმალენ, გათბენ და უნდა იყოს: ისინი დაწერდნენ, დაიმალნენ, გათბნენ.

წყარო: 

ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი

ასევე იხილეთ:

გრამატიკული ცნობარი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური