განკერძოებული სიტყვები, გამოთქმები და მათი სწორად წერა – მაგალითები და წესები გამოცდაზე დაგეხმარებათ
წინადადების წევრი ზოგჯერ შეიძლება პაუზით გამოეყოს სხვა სიტყვებს და განცალკევებით დადგეს. ამ მოვლენას განკერძოება ჰქვია, ხოლო თვით წევრს – განკერძოებული.
გარდა განკერძოებული წევრებისა, მოიპოვება ისეთი სიტყვები და გამოთქმები, რომლებიც წინადადებაში განცალკევებით დგას, მაგრამ წინადადების წევრის განკერძოება არაა. ყველას ერთად განკერძოებული სიტყვები და გამოთქმები ჰქვია.
განკერძოებული სიტყვები და გამოთქმებია: განკერძოებული განსაზღვრება და გარემოება, დანართი, ჩართული, მიმართვა, შორისდებული და მიგებითი ნაწილაკები.
დანართი
დანართი არის განკერძოებული სიტყვა ან გამოთქმა, რომელიც დაერთვის სახელით გამოხატულ წევრს და გვაძლევს დამატებით ინფორმაციას მის შესახებ. დანართი შეიცავს წინადადების რომელიმე წევრის შემავსებელ ცნობას, ხსნის და აზუსტებს მას და გადმოიცემა არსებითი სახელით. იგი არის უკავშირო და კავშირიანი, გავრცობილი და გაუვრცობელი.
ასახსნელ-განსამარტავ წევრებთან დანართის დასაკავშირებლად გამოყენებულია ან კავშირები, ან კავშირის ფუნქციით გამოყენებული სხვა მაკავშირებელი სიტყვები და ნაწილაკები: ესე იგი (ე.ი.), ანუ, თუნდაც, როგორც, განსაკუთრებით, სახელდობრ, მაგალითად, ვთქვათ, უმთავრესად, კი, მეტადრე, ისიც, -ც, სიგრძით, სპეციალობით, წოდებით, სახელად, მეტსახელად, გვარად, ტომით, მოდგმით, წარმოშობით, ეროვნებით და ა. შ.
ჩემი კლასელი, გვარად აბესაძე, უძლიერესი იყო ფიზიკაში.
მხოლოდ მეთაურს, სახელად ავთანდილს, მოუხერხებია მტრისთვის თავის დაღწევა.
მის დას, ამ სახლის პატრონს, სამი შვილი ჰყავს.
დანართი გამოიყოფა მძიმეებით (იშვიათად ტირეთი) ან ჩაისმის ფრჩხილებში.
მძიმე
დანართი ცალკე თუ თავისი მხლებელი სიტყვებით წინადადებისაგან გამოიყოფა მძიმეებით (როცა შუაშია), მძიმით (როცა თავშია ან ბოლოში).
ა) მძიმე უკავშირო დანართთან:
ჩვენ, ხალხს, გვეკუთვნის ჩვენი ქვეყანა.
ბ) მძიმე კავშირიან დანართთან:
ნინოს, ანუ ჩემს დას, არასდროს უნახავს ეს ფილმი.
ტირე
მტერმა – სახელად შიშმა – შემოაბიჯა ოთახში.
ფრჩხილები:
ჩემი კლასელი (გვარად აბესაძე) უძლიერესი იყო ფიზიკაში.
ჩართული
ჩართული ჰქვია განკერძოებულ სიტყვას თუ სიტყვათა ჯგუფს, რომელიც გამოხატავს მთქმელის დამოკიდებულებას წინადადებაში გამოთქმული აზრისადმი (შეფასება, დახასიათება, აზრის წყარო, თანმიმდევრობა). ზოგჯერ მთელი წინადადებაც ჩართულია.
ჩართული, ჩვეულებრივ, წინადადების თავშია ან შუაში, იშვიათად ბოლოშიც გვხვდება. წარმოთქმისას პაუზით გამოიყოფა, დაწერისას – სასვენი ნიშნით: მძიმით, როცა წინადადების თავშია ან ბოლოში, და ორივე მხრიდან მძიმეებით, როცა წინადადების შიგნითაა. შეიძლება დაისვას ტირე (ტირეები) ან მთელი ჩართული ფრაზა ჩაისვას ფრჩხილებში.
შინაარსის მიხედვით ჩართული გამოხატავს:
ამა თუ იმ გრძნობას, მთქმელის ემოციურ დამოკიდებულებას, შეფასებას ნათქვამის მიმართ (სიხარულს, მწუხარებას, განცვიფრებას, დანანებას, აღტაცებას): საბედნიეროდ, ჩვენდა სასიხარულოდ, ჩვენდა ბედად, საუბედუროდ, სამწუხაროდ, რაღაც ეშმაკად, ჩემდა ჭირად, ღვთის შეწევნით, მტრისას, ერთი შეხედვით…
– საუბედუროდ, ეს ამბავი ვერავინ გაიგო.
დარწმუნებულობას/უეჭველობა-უტყუარობას: ცხადია, რასაკვირველია, უეჭველია, უეჭველად, მახსოვს, მე რომ მკითხოთ, არც მეტი, არც ნაკლები, ყოველ შემთხვევაში, სულერთია, აშკარაა, რა თქმა უნდა, თავისთავად, სულ დიდი, დიდი დიდი, უთუოდ, იმედია…
– ცხადია, ყველა შესაფერისად ჩაცმული მივიდა.
ვარაუდს, დაეჭვებას: მგონი, მე მგონია, ვგონებ, ჩანს, შესაძლებელია, თუ არ ვცდები, ცოტა არ იყოს, ეტყობა, ეტყობოდა, როგორც ვატყობ, როგორც ჩანს, როგორც ვხედავ, კაცმა რომ თქვას, ვინ იცის, ვფიქრობ, ერთი ვნახოთ, ასე თუ ისე…
– მასწავლებელი, მე მგონი, შენ გეკითხება რაღაცას.
წინადადებაში გამოთქმული აზრის, ციტატის წყაროს: ავტორის აზრით, ჩემი აზრით, შენი აზრით, მისი აზრით, ამბობენ, როგორც ამბობენ, როგორც იტყვიან, ხალხის თქმით, გადმოცემით, მედიის ცნობით, მისი წარმოდგენით…
– ჩემი აზრით, ძალიან კარგი გადაწყვეტილება მიიღე.
აზრების თანმიმდევრობასა და ურთიერთმიმართებას (დასკვნას, შეჯამებას, დაპირისპირებას): ჯერ ერთი… მერე მეორე; ერთი მხრივ… მეორე მხრივ; თანაც, ამგვარად, დასასრულ, როგორც ვთქვით, ასე რომ, მოკლედ, მით უმეტეს, სხვათა შორის, მაგალითად, მაშასადამე, ერთი სიტყვით, პირიქით…
– ამრიგად, ეს საქმე ადვილად მოგვარდა.
შენიშვნას, რომელიც აზრის გამოთქმის ფორმას ეხება / მთქმელის დამოკიდებულებას სტილისადმი: უკეთ რომ ვთქვათ, ასე რომ ვთქვათ, უფრო სწორად, სწორად მოგახსენოთ…
– სიმართლე რომ ვთქვათ, არცთუ ისე ცუდი იდეაა.
აღიარებული ჭეშმარიტების დადასტურებას: ჩვეულებრივ, როგორც წესი, როგორც ვიცით, როგორც ცნობილია, როგორც ყოველთვის, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, საერთოდ, საზოგადოდ, წესისამებრ, წესის თანახმად…
– როგორც ცნობილია, მადა ჭამაში მოდის.
ჩართული ზოგჯერ მიმართვაა თანამოსაუბრისადმი ყურადღების მისაპყრობად: მოგეხსენებათ, როგორც იცით, თუ გნებავთ, დამეთანხმებით, ნუ გაგიკვირდებათ, თქვენ წარმოიდგინეთ, როგორც თქვენ ხედავთ, შენ ხარ ჩემი ბატონი…
– მე, როგორც იცით, ხვალ მივფრინავ ტოკიოში.
ჩართულად მიიჩნევა საალერსო სიტყვები და გამოთქმები, ფიცილის ფორმულები, რომელთაც შეხედულების მნიშვნელობა აქვთ: დედაშვილობამ, შენი ჭირიმე, გენაცვალე, შენმა მზემ, ღმერთმანი, გეფიცები…
– ეგ შიში, მამაშვილობამ, ნამდვილად უსაფუძვლოა.
– როცა მოვკვდე, გენაცვალე, ძეგლად გადამეფარე.
ჩართული გვხვდება წინადადების თავში, ბოლოში ან შუაში.
მიმართვა
წოდებით ბრუნვაში დასმულ სახელს, რომელიც მეორე პირს/პირებს ან მეორე პირად წარმოდგენილ საგანს აღნიშნავს, მიმართვა ჰქვია (ვისაც ან რასაც მივმართავთ). იგი გაუვრცობელია ან გავრცობილი სხვა სიტყვებით, ცალკე დგას ან წინადადებას ახლავს.
ცალკე მდგომი მიმართვა, ჩვეულებრივ, დაძახებისას იხმარება, რომ მისამართი პირის ყურადღება იქნეს მიპყრობილი. თუ მიმართვა ცალკე არ არის გამოყენებული, იგი შეიძლება იყოს წინადადების თავში, ბოლოში ან წინადადების შიგნით.
თავში
ჩემო დაიკო, რატომ მოიწყინე?
შიგნით
მაგ შენი შავი თვალებით, ჩემო კარგო, რაღაც უცნაურად მიცქერ.
ბოლოს
გამხიარულდი, მეგობარო!
მიმართვა გამოიყოფა მძიმეებით ან ძახილის ნიშნით.
მძიმე
შენ, ვასო, გამოდი დაფასთან.
ძახილის ნიშანი
წინ, მეეტლევ! გააქროლე ცხენები.
მიმართვის გამოყენებისას უნდა დავიცვათ შემდეგი წესები:
ცალკე მდგომი მიმართვის შემდეგ ძახილის ნიშანი დაისმის.
– ბატონო!
თუ მიმართვა მეორდება ან რამდენიმე სხვადასხვა სახელია, შეიძლება ჯერ მძიმეებით გამოიყოს, ბოლოს კი ძახილის ნიშანი დაისვას: ჩემო მეგობარო, ჩემო მშვენიერო მეგობარო!
თუ მიმართვა წინადადების თავშია, ძლიერი გრძნობითა და დიდი პაუზით წარმოითქმის, მის შემდეგ ძახილის ნიშანი დაისმის, სხვა შემთხვევაში – მძიმე.
– წინ, მეეტლევ! გააქროლე ცხენები.
– ჩემო დაიკო, რატომ მოიწყინე?
თუ წინადადება მიმართვით მთავრდება, მის წინ მძიმე იწერება, ბოლოს კი – წინადადების შესაფერისი ნიშანი.
– ხომ არ გაბრაზდი, ჩემო ძვირფასო?
ადამიანის საკუთარი სახელი წოდებითში ბრუნვის ნიშანს არ დაირთავს. ამიტომ შეცდომაა, როცა მიმართვად გამოყენებისას ასეთ სახელს წოდებითი ბრუნვის ნიშანს დაურთავენ ან სახელობითი ბრუნვის ფორმით იყენებენ.
არასწორია: გურამი! ვახტანგი! ნოდარი! ასმათი! ან ვაჟავ! პეტრევ! გოჩავ! მარიამო! ეთერო!
უნდა იყოს: გურამ! ვახტანგ! ნოდარ! ასმათ! ვაჟა! პეტრე! გოჩა! მარიამ! ეთერ!
მიგებითი ნაწილაკები
მიგებითი ნაწილაკი ადასტურებს ან უარყოფს წინადადებაში გამოთქმულ აზრს. ამიტომ არის ორგვარი: დადასტურებითი (ჰო, კი, დიახ) და უარყოფითი (არა, ვერა).
მიგებითი ნაწილაკი გამოიყოფა მძიმით ან ძახილის ნიშნით.
მძიმე
– დიახ, მე ვრეკავდი.
– ვერა, ვერ წამოვალ კინოში.
ძახილის ნიშანი
კი! კი! ყველაფერი მოგვარებულია.
არა! არაა იმედი ბოლომდე დაკარგული!
შორისდებული
შორისდებული გამოხატავს ადამიანის გრძნობას, ემოციას, ნება-სურვილს.
შორისდებულთან შეიძლება დაიწეროს მძიმე და ძახილის ნიშანი (თუ დიდი გრძნობითაა წარმოთქმული ან ცალკეა გამოყენებული).
მძიმე
უჰ, უჰ, როგორ ცივა!
ძახილის ნიშანი
ეს რამდენი თევზი დაგიჭერია, ყოჩაღ!
თუ შორისდებული მეორდება, თითოეულის შემდეგ დაიწერება ძახილის ნიშანი ან მძიმე.
გარდა და მიუხედავად თანდებულიანი სახელები
განკერძოვდება სახელის ნათესაობითი ბრუნვის ფორმაზე დართული გარდა და მიუხედავად თანდებულიანი გამოთქმები და მძიმით უნდა გამოიყოს. თუ ის წინადადების თავშია, ორივე მხრიდან მძიმით გამოიყოფა:
გადაცემაში, ჩვენ გარდა, კიდევ ორი სტუმარი მონაწილეობდა.
ყველა საუბრობდა, მაიკოს გარდა.
ანანომ, ბევრი წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც მიაღწია თავის მიზანს.
ასევე იხილეთ:
წყარო:
ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი
-
მართლწერის წესები და სავარჯიშოები – რიცხვითი სახელების მართლწერა აკადემიური წერისას (I)
by აბიტურიენტებისათვის
-
ხშირად დაშვებული შეცდომები ნაცვალსახელების მართლწერისას და სავარჯიშოები მეცადინეობისთვის
by გრამატიკული ცნობარი
-
ზოგი უცხო სიტყვის დაწერილობის პრობლემები ოფიციალურ-საქმიანი დოკუმენტების შედგენისას და არამხოლოდ
by გრამატიკული ცნობარი