GE

თანაგიგრძნობ თუ გითანაგრძნობ? – ის, რაც აბიტურიენტმა რთული და კომპოზიტებისგან ნაწარმოები ზმნების მართლწერაზე უნდა იცოდეს

რთული ზმნები

ქართულ ენაში არსებობს რთული შედგენილობის ზმნები, რომელთა პირველი კომპონენტი სახელი ან სხვა მეტყველების ნაწილია, მეორე კი – ზმნა. ასეთი ზმნების ახლანდელი და მომავალი დროის ფორმები ერთმანეთისაგან არ განსხვავდება და არც ზმნისწინს არ დაირთავენ.

რთულ ზმნათა მეორე კომპონენტად ყველაზე ხშირად ყოფს ზმნა გვხვდება: შეურაცხყოფს, უარყოფს, ხელყოფს, უზრუნველყოფს…

რთულ ზმნებთან ხშირად სხვადასხვაგვარად იყენებენ სუბიექტური ან ობიექტური პირის ნიშნებს: ხან ზმნის თავში სვამენ, ხან − შუაში, ხანაც − თავში და ბოლოში. ამიტომაც, შეიძლება შეგვხვდეს ზმნის ერთ პირში რამდენიმე ფორმა: შეურაცხვყოფ, ვშეურაცხყოფ ან ვშეურაცხვყოფ; უზრუნველვყოფ, ვუზრუნველყოფ ან ვუზრუნველვყოფ…

დაიმახსოვრეთ! – მოცემულ ზმნებში პირისა და რიცხვის მიხედვით იცვლება ზმნა, სახელი კი ფუძის სახითაა წარმოდგენილი. ამიტომ, ზემოჩამოთვლილ ფორმათაგან მართებულია პირის ნიშნების გამოყენება მხოლოდ ზმნური ნაწილის წინ:

(მე მას) შეურაცხ-ვ-ყოფ, უარ-ვ-ყოფ
(მე შენ) შეურაცხ-გ-ყოფ, უარ-გ-ყოფ
(შენ მე) შეურაცხ-მ-ყოფ, უარ-მ-ყოფ
(ის მე) შეურაცხ-მ-ყოფს, უარ-მ-ყოფს
(მე შენ) შეურაცხ-გ-ყავი, უარ-გ-ყავი
(მე ის) შეურაცხ-მ-იყვია, უარ-მ-იყვია
(შენ ის) შეურაცხ-გ-იყვია, უარ-გ-იყვია
(მე ის) შეურაცხ-მ-ეყო, უარ-მ-ეყო
(შენ ის) შეურაცხ-გ-ეყო, უარ-გ-ეყო

უკუ-, ძალ-, ხელ-ის შემცველ რთულ ზმნებშიც პირის ნიშნები ზმნური ნაწილის წინ იწერება: უკუვაგდებ, უკუმიგდია, ძალმიძს, ძალმედვა, ხელმეწიფება, ხელგეწიფება (და არა ვუკუაგდებ, მძალუძს).

თანაგრძნობა ზმნასთან პირის ნიშნები და ხმოვანთავსართები თანა-ს შემდეგ იწერება.

მართებულია: თანავუგრძნობ, თანამიგრძნობს, თანაგიგრძნობს, თანაუგრძნობს, თანამიგრძნო, თანაგიგრძნო…

უმართებულოა: ვუთანაგრძნობ, გითანაგრძნობ, უთანაგრძნობს, მითანაგრძნო, გითანაგრძნო…

რთული ზმნებისგან ნაწარმოებ მიმღეობებშიც მაწარმოებლები მხოლოდ ზმნურ ნაწილს უნდა დაერთოს: შეურაცხმყოფელი, უზრუნველმყოფელი, უარმყოფელი, შეურაცხსაყოფი, უზრუნველსაყოფი, უარსაყოფი…

ზოგიერთი ზმნური შესიტყვება ქმნის რთულფუძიან საწყისებსა და მიმღეობებს. მიმღეობის მაწარმოებელი პრეფიქსები ამ შემთხვევაშიც ზმნურ კომპონენტს უნდა დაერთოს: პატივს სცემს − პატივისცემა: პატივისმცემელი, პატივსაცემი (და არა საპატივცემო, საპატივსაცემო, საპატივცემლო და ა.შ.), მხარს უჭერს − მხარდაჭერა: მხარდამჭერი, მხარდასაჭერი, ყურად იღებს − ყურადღება: ყურადსაღები (მისაღებია საყურადღებოც).

უვნებელყოფს ზმნის საწყისი არის უვნებელყოფა, გააუვნებლებს ზმნისა კი − გაუვნებლება, არასწორია გაუვნებელყოფა.

კომპოზიტებისგან ნაწარმოები ზმნები

რთული ზმნებისაგან უნდა განვასხვაოთ კომპოზიტებისაგან ნაწარმოები ზმნები, რომელთა პირველი ნაწილი თანდებული, ზმნიზედა, ზედსართავი ან არსებითი სახელია, მეორე კი − მიმღეობა. ამ ჯგუფის ზმნათა უმეტესობა ახლანდელ დროში ობ თემის ნიშანს დაირთავს: თანამშრომლობს, ზედამხედველობს, შუამდგომლობს, შუამავლობს, ავადმყოფობს, ხელმძღვანელობს.

ზოგჯერ ასეთ ზმნებში (შეურაცხყოფს ტიპის ზმნათა ანალოგიით) პირის ნიშნებს სვამენ მეორე კომპონენტის წინ, რაც არასწორია.

დაიმახსოვრეთ! – ამ ტიპის ზმნების ფუძეები ერთცნებიანი კომპოზიტებია. ამიტომ, მათი შემადგენელი ელემენტების გათიშვა არასწორია, შესაბამისად, პირის ნიშნები თავში უნდა დაისვას.

სწორია: ვთანამშრომლობ (და არა თანავმშრომლობ);
ვავადმყოფობ (და არა ავადვმყოფობ);
ვხელმძღვანელობ (და არა ხელვმძღვანელობ);
ვშუამავლობ (და არა შუავმავლობ).

ასევე იხილეთ:

გრამატიკული ცნობარი

წყარო: 

ქართული ენის გრამატიკის ელექტრონული რესურსი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური