თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტს ავტორიზაცია გაუუქმდა – სტუდენტებისთვის რიგგარეშე მობილობა გამოცხადდება
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 20 დეკემბერს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტს გაუუქმდა ავტორიზაცია და აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შედის 2020 წლის 15 თებერვლიდან.
უნივერსიტეტისთვის ავტორიზაცია გაუქმების საფუძველი გახდა მონიტორინგის ჯგუფის დასკვნა, რომლის თანახმადაც, დაწესებულება ვერ აკმაყოფილებდა ავტორიზაციის სტანდარტით დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებს.
უნივერსიტეტში მონიტორინგის პროცესი დაიწყო მიმდინარე წლის თებერვლის თვეში, რომლის ფარგლებშიც დაწესებულებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს 19 აპრილის სხდომაზე ხარვეზების გამოსასწორებლად მიეცა 60-დღიანი დამატებითი ვადა. აღნიშნულ ვადაში დაწესებულებამ ვერ შეძლო ხარვეზების სრულად გამოსწორება, რაც გახდა მისთვის ავტორიზაციის გაუქმების საფუძველი.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილება და სხდომის ოქმი კანონით გათვალისწინებულ ვადებში გამოქვეყნდება ცენტრის ვებგვერდზე.
ავტორიზაციის საბჭოს 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სტუდენტთა ინტერესების გათვალისწინებით, იმისათვის, რომ სტუდენტებმა შეძლონ მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულება, ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის 2020 წლის 15 თებერვლიდან, როდესაც დაწესებულებაში დასრულდება მიმდინარე სასწავლო სემესტრი.
შესაბამისად, 2020 წლის 15 თებერვლამდე სტუდენტები სწავლას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ.
ამის შემდგომ, 2020 წლის 15 თებერვლიდან, როდესაც უნივერსიტეტში დასრულდება მიმდინარე სასწავლო სემესტრი, შპს თბილისის დავით აღმაშენებლის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაიხსნება მობილობის რიგგარეშე ფანჯარა, რისი მეშვეობითაც სტუდენტებს საშუალება მიეცემათ სწავლა გააგრძელონ სხვა ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
რიგგარეშე მობილობის პროცესში, სტუდენტები გათავისუფლებული იქნებიან მობილობის საფასურისგან.
მობილობის ვადები და მობილობაში მონაწილე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ჩამონათვალი გამოქვეყნდება, როგორც სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის, ასევე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე.
კანონმდებლობის მიხედვით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ყოველწლიურად ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გეგმიურ და არაგეგმიურ მონიტორინგს, რომლის ფარგლებშიც ხდება გადამოწმება, თუ რამდენად აგრძელებენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები უწყვეტ რეჟიმში ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილებას. შესაბამისად, მონიტორინგის მიზანია, რომ სტუდენტები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში იღებდნენ ხარისხიან განათლებას, დაწესებულებაში მიმდინარეობდეს სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი და რომ ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება აკმაყოფილებდეს ხარისხის უზრუნველყოფის მინიმალურ სტანდარტებს.
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- განათლების ხარისხის ცენტრის პასუხი ENQA და EQAR-ის წევრობის შესაძლო დაკარგვაზე by ARIS.GE-განათლება
- კონკურსი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებელთა ჯილდოს მოსაპოვებლად by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი