GE

რამდენმა სკოლამ, უნივერსიტეტმა, კოლეჯმა და ბაღმა გაიარა ავტორიზაცია 2025 წელს – სტატისტიკა ცნობილია

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, 2086 საჯარო სკოლიდან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მხოლოდ 683-ს აქვს, 2025 წელს სულ 109 საჯარო სკოლის ავტორიზაცია მოესწრო.

ცენტრმა უმაღლესი, პროფესიული, ზოგადი განათლების დდა ადრეული და სკოლამდელი განათლების უზრუნველყოფის შესახებ სტატისტიკა გამოაქვეყნა, სადაც არაერთი საყურადღებო მონაცემია მოცემული და EDU.ARIS.GE საფეხურების მიხედვით წარმოგიდგენთ:

უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა:

– 2025 წელს განმეორებითი ავტორიზაცია გაიარა 13-მა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ.

– განხორციელდა – განათლების, გარემოს, ინფორმაციული ტექნოლოგიების და აგრარული მეცნიერებების სფეროების კლასტერული აკრედიტაციის პროცესი (200 – მდე საგანმანათლებლო პროგრამა). მნიშვნელოვანია, რომ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების შეფასება განახლებული სტანდარტებისა და კრიტერიუმების პირობებში განხორციელდა. შეფასების ფარგლებში შეფასდა სხვადასხვა სფეროს 14 სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა.

– დასრულდა განათლების, გარემოს, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების, წარმოება და გადამუშავების, სოფლის მეურნეობის, მეტყევეობის, ვეტერინარიის, ტრანსპორტის მომსახურების მიმართულებით უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტთა ატესტაცია.

– ENQA-ს რეკომენდაციების საფუძველზე, განხორციელდა ცვლილებები საკოორდინაციო საბჭოს როლის გაზრდის, ავტორიზაციის/აკრედიტაციის/სააპელაციო საბჭოს წევრთა შერჩევის, ეთიკის საკითხების დაცვის მექანიზმების მიმართულებით, რამაც ხელი შეუწყო გადაწყვეტილების მიღების პროცესების გამჭვირვალობასა და სამართლიანობას.

– დამტკიცდა „დისტანციურად ან ნახევრად დისტანციური ფორმით განხორციელებული ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესის წესი და პირობები“. დოკუმენტი უზრუნველყოფს შეფასების პროცესის უწყვეტობას განსაკუთრებულ გარემოებებში და ზრდის სისტემის მოქნილობასა და ტექნოლოგიურ ინტეგრაციას.

– განახლდა ავტორიზაციისა და აკრედიტაციის დებულებები, რაც მიზნად ისახავდა გარე ხარისხის უზრუნველყოფის კრიტერიუმების უფრო მკაფიოდ განსაზღვრასა და შედეგებზე ორიენტირებული მიდგომების განმტკიცებას.

პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფა:

– დასრულებულია ავტორიზაცია/რეავტორიზაციის/პროფესიული პროგრამების განხორციელების უფლების მინიჭების/ზღვრული რაოდენობის გაზრდის/ფართის ცვლილების 151 ადმინისტრაციული წარმოება, მათ შორის: 30 კოლეჯის ავტორიზაცია/რეავტორიზაცია; 2 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის პროფესიული პროგრამების განხორციელების უფლების მინიჭება.

– 2025 წლის განმავლობაში, სისტემას დაემატა პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების 130 პროგრამა, აქედან 88 – უფლების მოპოვებით. დღეისათვის სისტემაში ხელმისაწვდომია პროფესიული მომზადების/ პროფესიული გადამზადების 600 პროგრამა. პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამებს ახორციელებს 74 საგანმანათლებლო დაწესებულება და 68 იურიდიული პირი.

– განხორციელდა EQAVET-ის ინდიკატორების საავტორიზაციო სტანდარტებში ინტეგრაციის შედეგების შეფასება.

– 4 საჯარო სკოლაში დაინერგა პროფესიული მომზადება/გადამზადების 4 პროგრამა.

– 64 საჯარო სკოლაში დაინერგა 64 ინტეგრირებული პროგრამა – ამ მიმართულებით ცენტრმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს გამოუყო მხარდამჭერი ექსპერტები.

– 2 კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დაინერგა 5 ინტეგრირებული პროგრამა.

– პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების განმახორციელებელი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების/იურიდიული პირებისა და საბჭოს შესაძლებლობების გაძლიერებასთან დაკავშირებით ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით ჩატარდა ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები.

– გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელდა ელექტრონულ სისტემაში 360-გრადუსიანი თვითშეფასების პილოტირების შედეგების ანალიზი (64 დაწესებულება).

ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფა:

– 2025 წელს 109 საჯარო და 8 კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებამ გაიარა ავტორიზაცია (მიენიჭა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი). ჯამში, სულ 574 საჯარო და 206 კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა ავტორიზებული.

– თვითშეფასებისა და საავტორიზაციო განაცხადის მომზადებასთან დაკავშირებით საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებისათვის ჩატარდა მხარდამჭერი ღონისძიებები.

– ავტორიზებული კერძო და საჯარო სკოლების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, შიდა ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით ჩატარდა ტრენინგები/მხარდამჭერი ღონისძიებები.

– ჩატარდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტებისა და ავტორიზაციის საბჭოს წევრების შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებები.

– შემუშავდა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების გზამკვლევი.

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხარისხის უზრუნველყოფა:

– პირველად 2025 წელს 121 ადრეული ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მაძიებელმა დაწესებულებამ ცენტრში შემოიტანა საავტორიზაციო განაცხადი. დღეის მდგომარეობით 102 საჯარო და 1 კერძო დაწესებულებაა ავტორიზებული.

– დამტკიცდა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს განახლებული შემადგენლობა, რომლებსაც შესაძლებლობების გასაძლიერებლად ჩაუტარდათ ტრენინგები.

– 2026-2029 წლების ავტორიზაციის პროცესის განრიგით გათვალისწინებულ ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებს ჩაუტარდათ ტრენინგები სანიტარია-ჰიგიენის, კვების და კურიკულუმის მიმართულებით (ავტორიზაციის II და IV სტანდარტი).

ასევე იხილეთ:

აბიტურიენტები რეფორმის პირისპირ: შიში, გაურკვევლობა, ნდობის დეფიციტი და კონკრეტული კითხვები განათლების სამინისტროს

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური