„ვიმსჯელებთ, რამდენად სამართლიანი და სწორია ეს პროცესი“ – განათლების მინისტრი პედაგოგების ნაწილს 21 აპრილს შეხვდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, გიორგი ამილახვარი, პედაგოგებთან შეხვედრას ხვალ, 21 აპრილს გამართავს. როგორც დღეს, 20 აპრილს, მინისტრმა EDU.ARIS.GE-ს კითხვის პასუხად განაცხადა, ეს იქნება რამდენიმესაათიანი დახურული შეხვედრა და მედიისთვის ღია არ იქნება.
მინისტრის განცხადებით, პედაგოგებმა პირადად მას მიმართეს, სადაც ახსნილია, რომ არის რიგი საკითხები და პრობლემები, რომლებიც აწუხებთ მასწავლებლებს, დაგროვებულია და სწორედ ამ თემებთან დაკავშირებით იქნება მასწავლებლებთან გასაუბრება.
„მოგვისმინეთ მასწავლებლებს!“ – პედაგოგების ვიდეო მიმართვა განათლების მინისტრს
„გვინდა მათთან გასაუბრება და მათი მოსმენა, თუ როგორ ხედავენ ისინი სასკოლო საკითხებთან და კარიერული განვითარების საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას. თქვენ იცით, რომ მე შევქმენი სამუშაო ჯგუფი ზოგადი განათლების მიმართულებით, რომელიც სწორედ იმუშავებს ყველა იმ საკითხზე და გამოწვევაზე, რომელიც დღეს აწუხებს და ადარდებს მასწავლებელს, მშობელს და ბავშვს და ეს არის მთავარი მიზანი რატომაც ვხვდებით ხვალ მასწავლებლებს. ეს შეხვედრები გაგრძელდება და მომდევნო კვირებში იქნება უფრო ინტენსიური, რომ მოვიცვათ მასწავლებლების რაც შეიძლება ფართო მასები“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
განათლების მინისტრმა უარყო მასწავლებლების მიერ EDU.ARIS.GE-სთვის მოწოდებული ინფორმაცია, თითქოს შეხვედრის მონაწილეებს განათლების სამინისტრო სუბიექტურად არჩევს და თქვა, რომ უპირველესად იმ პირებს დაუკავშირდნენ, ვინც ყველაზე მეტად აპროტესტებს გარკვეულ საკითხებს.
„სტატუსის მიღება დაკავშირებულია შესაბამის კარიერულ სქემასთან, ანუ შესაბამის კვალიფიკაციის ამაღლებასთან, შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან და ბუნებრივია, ვინც ამ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, რა თქმა უნდა, ეს ბიუჯეტში გათვალისწინებულია, მაგრამ იქ არის შესაბამისი, სპეციალური კრიტერიუმები, რომლის გავლაც უწევთ მასწავლებლებს. თუმცა, ესეც არის და იქნება ერთ-ერთი მსჯელობის საკითხი, თუ რამდენად სამართლიანი და სწორია ეს პროცესი. ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენ არ მივიღებთ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას კაბინეტში, შევხვდებით მასწავლებლებს, მოვუსმენთ მათ, შევაჯერებთ პოზიციას და ნებისმიერი გადაწყვეტილება იქნება მხოლოდ ამის საფუძველზე მიღებული“, – დასძინა გიორგი ამილახვარმა EDU.ARIS.GE-ს კითხვის პასუხად – შეუძლია თუ არა ქვეყნის ბიუჯეტს, დაძლიოს დიდი რაოდენობით სტატუსიანი მასწავლებლების საჭიროებები. მაღალი სტატუსის მოპოვება მასწავლებლისთვის გაზრდილ ანაზღაურებას ნიშნავს, სქემა კი, წლების განმავლობაში იქცა იმ “ბარიერად”, რომელიც მასწავლებელთა ერთიან სახელფასო მატებას დროში არეგულირებს.
ასევე იხილეთ:
მოამზადა ბაჩანა ტყემალაძემ
-
არაეთიკური საქციელი? – მოსწავლეები, მშობლები და კოლეგები მენტორი მასწავლებლის სკოლაში დაბრუნებას ითხოვენ
by ARIS.GE-განათლება
-
ერთჯერადი გადაწყვეტილებით, 2026 წელს პირველ კლასში 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებული ბავშვები დარეგისტრირდებიან
by ARIS.GE-განათლება
-
უნივერსიტეტებო, თუ წელს დადგენილზე მეტ სტუდენტს მიიღებთ, ეს რაოდენობა მომავალ წელს მოგაკლდებათ – ცვლილება
by ARIS.GE-განათლება