რა შეცვალა მასწავლებლის სახლმა პორტფოლიოსთვის საჭირო პედაგოგის პრაქტიკული საქმიანობის შეფასებაში – დოკუმენტი სკოლებშია
სულ ორიოდე დღის წინ, კერძოდ 10 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მსურველებს პორტფოლიოს – მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის ამსახველი სავალდებულოდ წარსადგენი დოკუმენტის ელექტრონულ სისტემაში ასახვა აპრილის ბოლომდე შეეძლებოდათ, რაც პედაგოგების აზრით, შეუსრულებელი მისიას ჰგავდა, რადგან მრავალფურცლიანი დოკუმენტის მოსამზადებლად ეს დრო სრულად არასაკმარისი იყო.
გადაწყვეტილების პარალელურად, პედაგოგების პროტესტმაც არ დააყოვნა განათლებისა და მეცნიერების მინისტრისთვის პედაგოგებმა ვიდეომიმართვა გავრცელეს. FACEBOOK-ზე გაჩნდა ე.წ ჰეშთეგები „#არაპორტფოლიოს“, #მოუსმინეთმასწავლებლებს“, რომელთაც მასწავლებლები არა მხოლოდ ჯგუფებსა და საკუთარ პირად გვერდზე, არამედ განათლების სამინისტროს ოფიცილაურ საიტზე განთავსებულ პოსტებზეც წერდნენ, მათი პროტესტის ადრესატია ასევე მასწავლებლის სახლიც.
„მოგვისმინეთ მასწავლებლებს!“ – პედაგოგების ვიდეო მიმართვა განათლების მინისტრს
პროტესტის საპასუხოდ და როგორც პედაგოგები წერენ მათი „გულის მოსაგებად“, „საკენკად“, გუშინ საღამოს სკოლებში მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების განახლებული დოკუმენტი გადაუგზავნა, რომელშიც, როგორც სკოლის დირექტორებმა მასწავლებლებისთვის განმარტეს, შევიდა ცვლილება დოკუმენტის მეორე მუხლის – მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასება – მეხუთე პუნქტში. კერძოდ, პორტფოლიოში წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა ადასტურებდეს, სტატუსის შესაბამისად, პირველი მიმართულების ფარგლებში, ყველა კომპეტენციის ფლობას; ხოლო მეორე და მესამე მიმართულების ფარგლებში, სტატუსის შესაბამისად, თითო კომპეტენციის ფლობას, რომელიც უკავშირდება ესგ-ის დანერგვასა და სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას.
EDU.ARIS.GE-მ გაარკვია, რა წერია ახალ დოკუმენტში, რომელიც სკოლებს გაეგზავნათ. იმის აღსაქმელად, რამდენად რეალურია ეჭვი, რომ ეს „საკენკია“ და სინამდვილეში არაფერი შეცვლილა, ვნახოთ რა იყო კრიტერიუმები, რომლითაც პორტფოლიოს შეფასება უნდა მოხდეს და რა არის შეცვლილი ახალი დოკუმენტით.
მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასების დოკუმენტი პედაგოგს კომპეტენციების ფლობას შემდეგი სამი მიმართულებით ავალდებულებს:
ა) სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა;
ბ) სკოლის განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობების განხორციელება;
გ) პროფესიული პასუხისმგებლობა (პროფესიული პასუხისმგებლობა გულისხმობს საკუთარი და კოლეგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვას, მოსწავლეებთან და/ან მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან ურთიერთობას).
„სასწავლო პროცესების დანერგვა და წარმართვა“ კვლავ უცვლელია, დანარჩენი ორი კომპეტენციიდან კი პედაგოგებს ერთის დადასტურება მოუწევთ. მოდით გავიხსენოთ, რა ეწერა დოკუმენტში მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასება რა იყო ის საორიენტაციო მტკიცებულებები, რომლებიც პედაგოგებს უნდა წარედგინათ კომპეტენციის დასადასტურებლად. (წამყვანის შემთხვევაში:)
სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა (ძველი დოკუმენტით)
- მოსწავლეთა პროგრესის ამსახველი მასალა;
- საგნობრივი კურიკულუმის/ მისი რომელიმე ნაწილის გეგმა, განხორციელებისა და განვითარების ამსახველი მასალა;
- გრძელვადიანი სასწავლო მიზნების მისაღწევად შექმნილი სასწავლო რესურსები;
- რესურსების გამოყენებისა და გაზიარების დამადასტურებელი მასალა;
- და სხვა.
როგორც წესი, მტკიცებულებები, რომლებსაც პედაგოგები საკუთარი პრაქტიკული საქმიანობის წარმატებით შეფასებისთვის წარადგენენ, ემსახურება კომისიის დარწმუნებას, რომ მათ ნამდვილად ჰქონდათ შესაბამისი აქტივობები და იმსახურებენ მაღალ შეფასებას, ამისთვის ისინი წარადგენდნენ მრავალფეროვან დოკუმენტებს, თუ ორი კომპეტენციიდან ერთი ამოღებული იქნება, პედაგოგებს იგივე მტკიცებულების შექმნა მაინც მოუწევთ „და სხვა“ ვალდებულების ნაწილში, რადგან ამით უფრო დაიზღვევენ თავს, რომ მათი პორტფოლიო სრულყოფილად გამოიყურებოდეს და სიცარიელეს არ ტოვებდეს. ამასთან, ჩვენთან საუბარშიც პედაგოგები ამბობენ, რომ ყველაზე მეტი დრო სწორედ ამ ნაწილზე მუშაობისთვის სჭირდებოდათ და რეალურად, მათ საქმე არ შეუმსუბუქდებათ.
ასევე იხილეთ:
არის თუ არა პორტფოლიო მასწავლებლის შეფასების ეფექტური ინსტრუმენტი? – ტრენერის შეფასებები და მიმართვა
მოამზადა მზეო შველიძემ
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება