რომელ მოსწავლეებს გაათავისუფლებს თამარ მეფის გიმნაზია გადასახადისგან
თამარ მეფის სახელობის გიმნაზია იმ მოსწავლეებს, რომლებიც ეროვნულ ოლიმპიადაზე წარმატებებს მიაღწევენ, სწავლის საფასურს აღარ გადაახდევინებს ან შეუმცირებს. გადასახადი შეუმცირდება ასევე დირექციის მიერ გამოვლენილ 10 მაღალრეიტინგულ მოსწავლეს.
„გიმნაზიის დირექცია ყოველდღიურ რეჟიმში მართავს სამუშაო სხდომებს, სადაც მიმდინარეობს გიმნაზიის ახალ კონცეფციაზე მუშაობა. ჩვენ გზადაგზა მოგაწვდით სიახლეებს, რომელიც ახალი სასწავლო წლიდან გველოდება. ახალი სასწავლო წლიდან გიმნაზიაში ყველა საფეხურზე ამოქმედდება სარეიტინგო სისტემა.
სარეიტინგო სიტემა მოიცავს ოთხ მიმართულებას: 1. აკადემიური მოსწრება 2. დისციპლინა 3. გაკვეთილებზე დასწრება 4. ღონისძიებებში ჩართულობა.
დირექციის მიერ გამოვლენილი 10 მაღალრეიტინგული მოსწავლე ისარგებლებს სასწავლო გადასახადის 50% – იანი შეღავათით.
ეროვნულ ოლიმპიადაზე გამარჯვებული მოსწავლე იმ წელს, რომელ წელსაც მიაღწია წარმატებას, თავისუფლდება მთელი წლის გადასახადისაგან, ხოლო გადახდილი თანხა უბრუნდება უკან ან ჩაეთვლება მომავალი სასწავლო წლის გადასახადში;
ეროვნული ოლიმპიადის მესამე ტურზე გადასულ მოსწავლეს უმცირდება სწავლის გადასახადი 50%-ით, უკან უბრუნდება ზედმეტად გადახდილი თანხა ან ეთვლება მომავალი სასწავლო წლის გადასახადში;
ეროვნული ოლიმპიადის მეორე ტურზე გადასულ მოსწავლეს სწავლის გადასახადი 10%-ით უმცირდება, უკან უბრუნდება ზედმეტად გადახდილი თანხა ან ეთვლება მომავალი სასწავლო წლის გადასახადში“, – ნათქვამია გიმნაზიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.