GE
15 იანვარი, 2025 11:05

ინგლისური ენის სპეციალისტი პირველკლასელების მშობლებსა და კოლეგებს ეხმარება – „უნდა ჰქონდეთ ეს უნარები და ცოდნა“

დღეს, 15 იანვარს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი განახლდა და მეორე სემესტრიც დაიწყო.

როგორც გასულ სტატიაშიც შეგატყობინეთ, პირველკლასელები ინგლისურ ენას სწორედ ამ სემესტრიდან ისწავლიან. EDU.ARIS.GE მათ მხარდაჭერას განაგრძობს.

2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმის საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელმა, სოფია ქუხილავამ ამ თემაზე ჩვენთან 14 იანვარს ისაუბრა.

ის მშობლებსა და პედაგოგებს იმ საკვანძო საკითხებს უზიარებს, რომლის შესწავლაც პატარებმა სწორედ ამ სემესრტრში უნდა შეძლონ.

სპეცილისტმა აგვიხსნა, რომ პედაგოგებსა და მშობლებს წინ დიდი საქმე ელით, რადგან მათ  უნდა შეძლონ გაითვალისწინონ პატარების შესაძლებლობები და ასაკობრივი თავისებურებები. რაც პრაქტიკაში მარტივი პროცესი არაა.

„იმისთვის, რომ პირველკლასელები ინგლისურ ენაში მეორე კლასს მომზადებულად შეხვდნენ, მათ უნდა ჰქონდეთ ეს უნარები და ცოდნა, რაც საფუძველს ჩაუყრის შემდეგ საფეხურზე სწავლის პროცესს“, – განგვიმარტა ქალბატონმა სოფიამ.

აი, რა ძირითად ცოდნისა და უნარების განვითარებაზე საუბრობს სპეციალისტი:

ანბანის ცოდნა. ინგლისური ანბანის ყველა ასოს ამოცნობა და წაკითხვა. ასოების სწორად გამოთქმა (e.g., A – “ეი”, B – “ბი”). ასოებს შორის განსხვავებების აღქმა (დიდი და პატარა ასოები: A/a, B/b).

მარტივი სიტყვების ცოდნა ყოველდღიური ლექსიკის სიტყვები თემატური კატეგორიებიდან: ფერები (Colors): red, blue, green, etc. რიცხვები (Numbers): 1-20. ცხოველები (Animals): cat, dog, bird, etc. ოჯახი (Family): mother, father, sister, etc. საჭმელი (Food): apple, banana, milk, etc.

მარტივი ფრაზები და დიალოგები მისალმება და დამშვიდობება: Hello! How are you? I am fine, thank you. Goodbye! See you later! თავის წარდგენა: My name is… I am 7 years old. მარტივი კითხვები: What is this? What color is it? How old are you?

მარტივი მოსმენა და გაგება ბავშვებმა უნდა შეძლონ მარტივი ინსტრუქციების გაგება: Stand up. Sit down. Open the book.

წერისა და წაკითხვის უნარები. ინგლისური ასოების და მარტივი სიტყვების წერა (e.g., cat, dog). მარტივი სიტყვების წაკითხვა და მათი მნიშვნელობის გაგება.

ყურადღების კონცენტრაცია და ჩართულობა. ბავშვებმა უნდა შეძლონ მასწავლებლის ინსტრუქციების მიყოლა და აქტიურობა გუნდურ დავალებებში. აუცილებელია მოტივაცია და ინტერესი ახალი ინფორმაციის მიმართ.

რას ურჩევს სპეციალისტი კოლეგებს:

  1. სწავლისთვის ყველაზე ეფექტურია თამაშზე, პრაქტიკაზე და ბავშვის ბუნებრივ ინტერესებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გამოყენება. ამ ასაკში ბავშვებს სჭირდებათ სახალისო და ინტუიციური მიდგომები, რათა ახალი ენის ათვისება კომფორტულად და ბუნებრივად მოახერხონ.
  2. თამაშზე დაფუძნებული სწავლება მიზანი: ბავშვის ინტერესის გაღვივება და მოტივაციის ამაღლება. გამოიყენეთ მეხსიერების თამაშები (მაგ., “Match the Picture”). ჩართეთ აქტივობები, როგორიცაა “Simon Says”, “Bingo” და მარტივი თავსატეხები. ასეთ შემთხვევაში სწავლა ხდება მხიარული და ბუნებრივი პროცესის ნაწილი.
  3. მოქმედებების მეშვეობით ენის ათვისება. მასწავლებელი აჩვენებს და ეუბნება ფრაზას (მაგ., „Stand up“, „Clap your hands“), და ბავშვები იმეორებენ. ხელს უწყობს მოძრაობისა და ენის დაკავშირებას, რაც ბავშვებისთვის უფრო დამახსოვრებადია.
  4. ვიზუალური და აუდიო მასალა. გამოიყენეთ ფერადი სურათები, ბარათები, ვიდეოები და მულტფილმები. აუდიო მასალის გამოყენებით ბავშვებს ასწავლეთ სიმღერები და მარტივი რითმები. ეს ეხმარება ბავშვებს კონცენტრირებასა და ინფორმაციის დამახსოვრებაში.
  5. მოსმენაზე და საუბარზე ფოკუსი. კომუნიკაციის უნარის განვითარება. ჩართეთ მარტივი დიალოგები და კითხვები (მაგ., “What’s your name?”, “How are you?”). წაახალისეთ ბავშვები, რომ გაიმეორონ თქვენს მიერ ნათქვამი ფრაზები. აქტივობა ხელს უწყობს ენის ინტერაქტიულად გამოყენებას,  ამაღლებს ბავშვების თავდაჯერებულობას.
  6. ყოველდღიურად გაიმეორეთ ნასწავლი სიტყვები და ფრაზები. გამოიყენეთ “Memory Games” ან მარტივი სავარჯიშოები, რომლებიც განმეორებას ეფუძნება. განმეორება ეხმარება ბავშვებს ცოდნის გამყარებაში.
  7. სიუჟეტებზე დაფუძნებული სწავლება (Storytelling) მიზანი: ბავშვის ფანტაზიის და ენის უნარების განვითარება. წაუკითხეთ მარტივი და ილუსტრირებული ამბები ინგლისურად. შემდეგ სთხოვეთ ბავშვებს, რომ აღწერონ, რა დაინახეს ან გაიგეს. ბავშვები ეჩვევიან ენის კონტექსტუალურ გამოყენებას.
  8. ამ ასაკში ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი არ არის გრამატიკის სიღრმისეული შესწავლა. დაიწყეთ მარტივი სიტყვებით, როგორიცაა ფერები, ცხოველები, სათამაშოები და ყოველდღიური ფრაზები. ყველაზე ეფექტური მეთოდია თამაშით სწავლება, მოძრაობითი აქტივობები და აუდიო-ვიზუალური მასალის გამოყენება. ამ ეტაპზე ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია მხიარული და სტრესისგან თავისუფალი გარემოს შექმნა, რომელიც მათ ენასთან პოზიტიურ დამოკიდებულებას ჩამოუყალიბებს და მოტივაციას გაუღვივებს.

ასევე იხილეთ:

ვსწავლობთ ინგლისურ ანბანს – სამუშაო ფურცელი პირველკლასელებისა და მათი მშობლებისთვის

SCHOOLS. GE სკოლებზე და სკოლებში