სკოლა-ლიცეუმში „ცოდნა“ მედიაწიგნიერების კვირეული წარმატებით ჩატარდა
ქ. თბილისის სკოლა-ლიცეუმ „ცოდნა“-ში მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა, მათ შორის ჩატარდა მედიაწიგნიერების გაკვეთილი, ვიქტორინა, მოეწყო კონფერენციები, ვიდეო-რგოლის ჩვენება და გამოვლინდნენ ყველაზე მედიაწიგნიერი მოსწავლეები. ღონისძიებას ხელმძღვანელობდა ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებისა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი- ლიკა მღებრიშვილი.
ბავშვებმა Microsoft PowerPoint-ის გამოყენებით პრეზენტაცია მოამზადეს და შექმნეს პლაკატები, რითაც ერთმანეთს ინტერნეტსივრცეში მოქცევის წესები გაუზიარეს. აღნიშნული პლაკატების შექმნა მიზნად ისახავდა თანატოლგანმანათლებლობის ხელშეწყობას სკოლაში.
პედაგოგმა V-IX კლასის მოსწავლეებს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია, ბავშვების ინტერნეტქცევისა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების წესების შესახებ, მათ შორის, რა რისკები არსებობს ინტერნეტის არასწორად გამოყენებისას, როგორია ახალგაზრდების მიერ მედიის გამოყენების ჩვევები და როგორ დაიცვან თავი ინტერნეტის მავნე ზეგავლენისგან.
გარდა ამისა, მათთვის შეთავაზებული იყო ვიდეო-რგოლი „მედიაწიგნიერების რაობა“, რომლის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა ითამაშეს „Happy Onlife”. აქტივობა ძალზე სახალისოდ წარიმართა და მოსწავლეთა აღნიშვნით საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა ინფორმაციის შემეცნებისთვის.