GE
21 დეკემბერი, 2020 15:37

UG სკოლა 2020-2021 სასწავლო წლის პირველ სემესტრს აჯამებს

UG სკოლა 2020-2021 სასწავლო წლის პირველ სემესტრს აჯამებს. გთავაზობთ ინტერვიუს UG სკოლის ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელთან, თეა ელერდაშვილთან.

– ქალბატონო თეა, დასრულდა სასწავლო წლის პირველი სემესტრი, როგორ შეაფასებდით?

– კოვიდ პანდემიის გამო, როგორც ვიცით, სასწავლო პროცესი სკოლებში დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს შესაბამისად, ,,იუჯი’“ სკოლაში სასწავლო სემესტრი დასრულდა დისტანციურ ფორმატში. მიუხედავად ონლაინ სწავლების თავისებურებებისა, რომელსაც უკვე გარკვეულწილად ფეხი აუწყო როგორც პედაგოგებმა, ასევე მოსწავლეებმა, მოსწავლეთა უმეტესობისთვის წარმატებით დასრულდა. რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, მოსწავლეები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები საგაკვეთილო პროცესში. იყვნენ ,ზოგიერთები, რომელთათვის დისტანციური სწავლის ფორმა არ გამოდგა მისაღები, ან უბრალოდ ვერ შეძლეს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენა. საჭიროების შემთხვევაში ასეთი მოსწავლეებისთვის სკოლა ნიშნავდა დამატებით გაკვეთილებს. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ დაწყებით საფეხურზე I და II კლასებში დამრიგებლები ონლაინ გაკვეთილების შემდეგ ატარებდნენ მეცადინეობის საათს და ეხმარებოდნენ მოსწავლეებს დავალებების მომზადებაში. ასევე ხაზი მინდა გავუსვა, რამდენიმე ჩვენი მე-5 კლასელის ქართულისა და ინგლისურ ენის წარმატებას კინგსის ოლიმპიადაზე.

კათედრები მუშაობდნენ მათ მიერ შემუშავებული სამოქმედო გეგმით, რომელიც ითვალისწინებდა ონლაინ თავისებურებებს, სთავაზობდნენ მოსწავლეებს სახალისო დავალებებს. ესთეტიკური და ფიზიკური აღზრდის კათედრამ მოაწყო სხვადასხვა ტიპის ონლაინ გამოფენა. ყოველ გაკვეთილზე ბავშვები მასწავლებელთან ერთად ამზადებდნენ ხან თოვლის ბაბუებს, ხან ნაძვის ხეებს და სხვა. მოსწავლეთა ნამუშევრებით მოეწყო არაერთი ონლაინ გამოფენა. მუსიკის პედაგოგი იმდენად ახალისებდა ბავშვებს გაკვეთილზე, რომ ონლაინ კონცერტიც კი მოაწყო და აამღერა ყველა ბავშვი.

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ კითხვის პოპულარიზაციის მიზნით ღონისძიება – ,,კითხვის დროა“განახორციელა , ბავშვები დიდი მონდომებით აკეთებდნენ მათი წაკითხული წიგნების პრეზენტაციებს. იღებდნენ ფოტოებს. მოსწავლეებმა აღნიშნულ ღონისძიებაში ჩართეს ოჯახის წევრებიც და პედაგოგებიც.

– როგორ შეიცვალა მოსწავლეების აკადემიური მოსწრება ამ პერიოდში?

– ეს საკითხი მრავალმხრივ დაკვირვებას საჭიროებდა. რა თქმა უნდა შედეგი იზომება უშუალოდ ხარისხის მაჩვენებლით, თუმცა აუცილებელია აღვნიშნოთ, მიმდინარე პროცესებიც. ზოგიერთ მოსწავლეთათვის, რომელთათვისაც ინდივიდუალური მუშაობა ბევრად ეფექტური გამოდგა, მათთვის შედეგი ბევრად გაუმჯობესდა, რაც მათ ჩართულობაში, პროექტების მომზადებაში, შეფასებებში და დავალებების ხარისხში აისახა. არის შემთხვევები, როდესაც უბრალოდ ბავშვმა ვერ მოახერხა ადაპტირება. მეტად ჩაიკეტა, ნაკლებად აქტიურობდა, ან იშვიათად ასრულებდა დავალებებს.

საერთო ჯამში მინდა აღვნიშნო, რომ დისტანციური სწავლება იძლევა ცოდნის მიღების საშუალებას. მთავარია საგაკვეთილო პროცესში მოსწავლეები იყვნენ ჩართულები, დასვან მათთვის გაუგებარ საკითხებზე შეკითხვები და შეასრულონ დავალებები. აი, ეს არის ის ფაქტორები, რაც სწავლის ხარისხზე აისახება.

აღსანიშნავია, რომ ეს სემესტრი განსაკუთრებით რთული იყო პირველ კლასელებისთვის, რომელთაც ვერ მოასწრეს სასკოლო გარემოში ადაპტაცია. რთული იყო მათთვის აღექვათ ესა თუ ის ინსტრუქცია, ამიტომაც უმეტესობას გვერდით ოჯახის წევრი ჰყავდა. თანდათანობით შეძლეს პატარებმა დამოუკიდებელი უნარ-ჩვევების შეძენა და მშობლებმა გვერდზე გადაინაცვლეს. სასიხარულო სწორედ ის არის, რომ ამ ფორმატში მათ დაიწყეს კითხვა, წერა. ისწავლეს მასწავლებლის და ერთმანეთის მოსმენა, შეძლეს ელექტრონული რესურსების გამოყენება.

– როგორ აფასებენ მშობლები დისტსანციურ სწავლებას?

– კერძო სკოლისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია მშობლის ჩართულობა და მათი კმაყოფილება როგორც სწავლის ხარისხით ,ასევე შეთავაზებული სერვისებით. დისტანციური სწავლების პერიოდში მშობლების ჩართულობა გაიზარდა, მათ საშუალება ეძლეოდათ შეეფასებინათ საკუთარი შვილის სწავლის შედეგები, შეედარებინათ კლასის შედეგებთან, დაკვირვებოდნენ მთლიანად სასწავლო პროცესს.

აღსანიშნავია, რომ მშობლებს აქტიური კომუნიკაცია აქვთ დამრიგებლებთან, რომელთაც ეკონტაქტებიან თითქმის ყოველდღე და გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას, რომელთა უმეტესობა დადებითი უკუკავშირი იყო. პრობლემის არსებობის შემთხვვაში კი, ყოველთვის ვუსმენთ მშობელს, შემდეგ ვაკვირდებით გამოვლენილ პრობლემას და ერთობლივად ვცდილობთ მოგვარებას. ზოგადად კვლევებით დასტურდება, რომ იმ ოჯახებში სადაც მშობელთა ჩართულობა მაღალია, შვილების აკადემიური სწავლის ხარისხიც ასევე მაღალი არის.

– რას გვეტყვით მომავალ სემესტრთან დაკავშირებით?

– სამწუხაროდ ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე,არა მგონია სწავლა საკლასო ოთახებში განახლდეს, მაგრამ ჩვენი სკოლა არის მზად როგორც ტექნიკური, ისე მატერიალური რესურსებით განაახლოს სწავლა შემოთავაზებულ ფორმატში ან სასკოლო გარემოში ან ისევ დისტანციურად, იმის მიხედვით, თუ რას გადაწყეტს სახელმწიფო.

მინდა აღვნიშნო, რომ ყველა კათედრა შეაჯამებს მუშაობას. პედაგოგები ისაუბრებენ ძლიერ და სუსტ მხარეებზე და ერთად შევეცდებით შედეგების გაუმჯობესებას.

შევცდებით მოსწავლეებს უფრო გადახალისებული და საინტერესო აქტივობები შევთავაზოთ. ახლა კი ბედნიერ დასვენებას ვუსურვებ ყველას. ვურჩევდი მათ, რომ იკითხონ ლიტერატურა, უყურონ ფილმებს და ანიმაციებს, ისეირნონ სუფთა ჰაერზე და განახლებული ძალებით დავუბრუნდეთ ყველანი სასწავლო გარემოს.

Aris.ge - განათლება განათლება