GE
6 სექტემბერი, 2025 10:10

„საგზაო ნიშნების სამყაროში“ – შემოქმედებითი აქტივობა პირველკლასელებთან

ავტორი: თაკო მიჩიტაშვილი, დაწყებითი საფეხურის მაგისტრი მასწავლებელი თბილისის ქართულ-ამერიკული სკოლაში.

სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის:

საგანმანათლებლო პრაქტიკაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ისეთი აქტივობები, რომლებიც ბავშვის მრავალმხრივ ზრდასა და განვითარებას ემსახურება. სასკოლო საზოგადოება ერთხმად აღიარებს, რომ პატარა ასაკში მხოლოდ თეორიული ცოდნა საკმარისი არ არის. ბავშვი უკეთ სწავლობს მაშინ, როდესაც შეუძლია საკუთარი ხელით შექმნას რაიმე პროდუქტი — იქნება ეს მაკეტი, ნახატი, ქაღალდის ფიგურა თუ ჯგუფური პროექტი. ასეთი პროცესები არა მხოლოდ ცოდნის დამკვიდრებას უწყობს ხელს, არამედ ემოციური, სოციალური და შემოქმედებითი უნარების განვითარებასაც.

ამგვარი აქტივობები მოზარდებში აღვივებს ინტერესსა და მოტივაციას. უფრო მეტიც, თითოეული ხელნაკეთი პროდუქტი ბავშვისთვის თვითშეფასების ამაღლების წყაროდ იქცევა — ის ხედავს საკუთარ შრომას და ამაყობს მიღწევებით.

სწორედ ამ მიზნით, პრაქტიკულ, შემოქმედებით აქტივობას გიზიარებთ, რომელიც პირველ კლასში „უსაფრთხოდ მგზავრობა“-ის თემაზე განვახორციელე. ქვეითთა უსაფრთხოდ მოძრაობის სწავლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველკლასელებისთვის, რადგან ისინი ყოველდღიურად სარგებლობენ ქუჩით, გადადიან გზაზე სკოლამდე მოსასვლელად და სწორედ ამ დროს სჭირდებათ ცოდნა, როგორ მოიქცნენ. ეს აქტივობა არა მხოლოდ ინტერესსა და მოტივაციას აღვივებს, არამედ პასუხისმგებლობის შეგრძნებასაც უყალიბებს პატარებს.
გაკვეთილზე ბავშვებს ვკითხე, სურდათ თუ არა ესწავლათ და საკუთარი პატარა ხელებით შეექმნათ, დაემზადებინათ საგზაო ნიშნები, რომელთა ცოდნაც სკოლამდე უსაფრთხოდ მისვლაში დაეხმარებოდათ. თვალები უცბად აუციმციმდათ. იცოდნენ, ხვდებოდნენ, რომ რაღაც საინტერესო ელოდათ წინ.

აქტივობის მიზანი:

– მოსწავლემ ქვეითთა უსაფრთხოდ გადაადგილების მნიშვნელობის გააზრებით, შესწავლილი საგზაო ნიშნების გამოყენებით, საკუთარი ხელით შექმნას და დაამზადოს საგზაო ნიშანი.

– მოსწავლეები გაეცნონ ქვეითისთვის საჭირო ნიშნებს და გაიაზრონ მათი მნიშვნელობა.

– გაიაზრონ, სწორად როგორ გადაკვეთონ ქუჩა – მხოლოდ გადასასვლელზე.

– განუვითარდეთ შემოქმედებითი და ფიზიკური უნარები ხელით სამუშაოს შესრულების გზით.

– შეიმუშაონ თანამშრომლობის უნარი და წარადგინონ საკუთარი ნამუშევარი თანაკლასელებთან.

საჭირო რესურსი

  • ხის ჯოხები (ჩხირები);
  • წებო;
  • შავ-თეთრად ამობეჭდილი ქვეითის ნიშნები (ქვეითის გადასასვლელი, ბავშვების მოძრაობა.);
  • ფერადი ფანქრები/მარკერები;
  • მაკრატელი;
  • პლასტელინი ნიშნების დასადგმელად.

აქტივობის მსვლელობა

1. მასწავლებელი ბავშვებს უხსნის, რატომ არის აუცილებელი ქვეითისთვის საგზაო ნიშნების ცოდნა.
2. მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს პატარა ზომის ამობეჭდილ შავ-თეთრ ნიშანს, რომლებსაც აფერადებენ შესაბამისი ფერებით.
3. გაფერადების შემდეგ, საგზაო ნიშანს ამოჭრიან და მიაწებებენ ხის ჯოხზე.
4. ჯოხებს დააფიქსირებენ პლასტელინში.
5. მოსწავლეები წარადგენენ პრეზენტაციას: რატომ და რა საგზაო ნიშანი შექმნეს. საუბრობენ, ასევე დამზადების პროცესზე.

აქტივობის დადებითი შედეგები:

– აქტივობა სახალისო და შემოქმედებითია – ბავშვები აქტიურად მონაწილეობენ პროცესში;
– მოსწავლეები თავად ქმნიან შემოქმედებით პროდუქტს – თვითშემოქმედება და უნარების გამოვლენა;
– ბავშვები უკეთ იმახსოვრებენ საგზაო ნიშნებს – სწავლა პრაქტიკული გზით;
– ავითარებს მოტორულ უნარ-ჩვევებს (ჭრა, დაწებება) –პრაქტიკული უნარების გაძლიერება;
– აჩვევს ბავშვებს პრეზენტაციის უნარს – აზრების დახვეწილად გაზიარებისა და საჯაროდ წარმოსაჩენად.

აქტივობის გასაუმჯობესებელი მხარეები – რეკომენდაცია

  • სასურველია თითოეულ ნიშანს ჰქონდეს სახელწოდება ქვემოთ დაწერილი, რომ მოსწავლეებმა ადვილად დაიმახსოვრონ.
  • შესაძლებელია მაკეტის დამატება და ნიშნების განთავსება რეალურ გარემოში.
  • პრეზენტაციისას ბავშვებმა მცირე სცენარით აჩვენონ, როგორ მუშაობს ნიშანი (მაგალითად, ქვეითის გადასასვლელი – ერთი გადის, მეორე მანქანით ჩერდება).

ამგვარად, ქვეითის უსაფრთხოებაზე ორიენტირებული შემოქმედებითი აქტივობა ბავშვს რეალურ ცხოვრებაში გამოსადეგ უნარს უყალიბებს. ისინი სწავლობენ, რომ ქუჩაზე გასვლისას ყურადღებით უნდა იყვნენ და გაითვალისწინონ საგზაო ნიშნები. სწავლის პროცესის playful (თამაში-შემოქმედებითი) ფორმა კი მათთვის ამ ცოდნას საინტერესო მოგზაურობად აქცევს.

შემოქმედებითი აქტივობები მოსწავლის პიროვნული, ემოციური და ინტელექტუალური განვითარების ერთ-ერთი მთავარი საფუძველია. სკოლაში და ყოველდღიურ ცხოვრებაში მათ დიდი როლი ეკისრებათ ბავშვის აზროვნებისა და უნარების ფორმირებაში. სწორედ ასეთი აქტივობები, მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, სწავლის პროცესი ჩათვალოს როგორც საგანმანათლებლო თავგადასავალი, სადაც ყოველი ნაბიჯი ახალ აღმოჩენასა და გამოცდილებას უკავშირდება.

schools.ge სკოლებზე და სკოლებში