GE
3 აგვისტო, 2018 15:34

ვეკუას სახელობის 42-ე სკოლის ორგანიზებით ახალგაზრდა ნატურალისტთა მე-6 საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა

2018 წლის 5-12 ივლისს თბილისმა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას უმასპინძლა – ახალგაზრდა ნატურალისტთა მე-6 საერთაშორისო ტურნირს, რომელშიც 9 ქვეყნის 15 გუნდი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ ახალგაზრდა ნატურალისტები და მათი ხელმძღვანელები ახალი ზელანდიიდან, შვეიცარიიდან, რუსეთიდან, ხორვატიიდან, ინდონეზიიდან და სხვა ქვეყნებიდან.

საერთაშოროსო ტურნირი საზეიმოდ გაიხსნა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში და ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ტურნირის აბსოლიტური გამარჯვებული გახდა და ოქროს მედლებით დაჯილდოვდა შვეიცარიის გუნდი. ვერცხლის მედლები მოიპოვეს ბულგარეთი-სოფიის გუნდმა და საქართველო-კომაროვის გუნდმა.

ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ საქართველოს, ახალი ზელანდიის, ხორვატიის, ირანის, ბელარუსის ნაკრები გუნდები და რუსეთი-ნოვოსიბირსკის გუნდი.

ტურნირი რეკორდსმენი აღმოჩნდა ჟიურის წევრების რაოდენობით -70-მდე დამოუკიდებელი ჟიურის წევრი და მონაწილე გუნდების ხელმძღვანელები ხუთი დღის განმავლობაში აფასებდნენ გუნდების გამოსვლებს.

ტურნირის ჩატარების ინიციატორები და ორგანიზატორები გახლდათ აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის №42 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე და ადგილობრივი ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი თეიმურაზ გაჩეჩილაძე და ასევე 42-ე საჯარო სკოლის ტურნირების წრის ხელმძღვანელი და ადგილობრივი ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ხომერიკი. ტურნირის თანაორგანიზატორი კი გახლდათ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

“განსაკუთრებული მადლობა თეიმურაზს და გიორგი ხომერიკს ტურნირის მაღალ დონეზე ჩატარებისთვის. ტურნირის მთავარი მხარდამჭერები და დამფინანსებლები გახლდათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მათ”, – გვითხრეს სკოლის ადმინისტრაციაში.

ტურნირის საზეიმო გახსნაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქალბატონმა ლია გიგაურმა, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების სამსახურის უფროსმა, გიორგი ჩიქოვანმა და უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძემ.

Aris.ge - განათლება განათლება