მშობელი, მასწავლებელი თუ საკუთარი თავი: ვის მიმართავენ მოსწავლეები დახმარებისთვის, როცა სწავლაში სირთულეებს აწყდებიან?
20 ნოემბერს ბავშვთა მსოფლიო დღე აღინიშნება – თარიღი, რომელიც კიდევ ერთხელ გვახსენებს ბავშვების უფლებების დაცვის, მათი აზრის მოსმენისა და საჭიროებების გათვალისწინების აუცილებლობას.
ბავშვის განვითარებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სასკოლო გარემოს, სადაც ის ყოველდღიურად სწავლობს, ურთიერთობს და სხვადასხვა გამოწვევას აწყდება. თუმცა, რა ხდება მაშინ, როდესაც მოსწავლეს სასწავლო პროცესში სირთულე ექმნება – მიმართავს თუ არა ის მხარდაჭერისთვის ოჯახს ან სკოლას და ვის ენდობა ყველაზე მეტად?
როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული, საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრი, მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA 2025 პირველად მონაცემებზე დაყრდნობით წერს, მოსწავლეებს უჭირთ დახმარებისთვის მიმართვა.
„სწავლის სურვილის კომპონენტში საქართველოს წარმომადგენელი მოსწავლეების თვითშეფასება საერთაშორისო საშუალოზე დაბალია, რაც ირიბად, სწავლისათვის შედარებით ნაკლებ მოტივაციაზე მიგვანიშნებს. თუმცა, საქართველოს მოსწავლეებს სწავლის პროცესში საკუთარი თავის იმედი აქვთ – ისინი სწავლის შედეგებს უფრო მეტად საკუთარ ძალისხმევას და არა თანდაყოლილ შესაძლებლობებს ან გარემო პირობებს მიაწერენ.
საყურადღებოა, რომ საქართველოში შედარებით მცირეა ისეთი მოსწავლეების წილი, რომლებიც არსებულ სამეცნიერო ცოდნას არა ფიქსირებულ, შეუვალ ჭეშმარიტებად, არამედ არასრულყოფილ და მუდმივად ცვალებად (განვითარებად) კონსტრუქტად მიიჩნევენ. ამგვარი ეპისტემიური წარმოდგენები ხშირად ხელს უშლის მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნების განვითარებაში. საქართველოს წარმომადგენელ მოსწავლეებს, აგრეთვე, შედარებით უჭირთ სწავლის პროცესში დახმარებისთვის მიმართვა“.
ბავშვთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებს სწორედ ამ საკითხზე ვესაუბრეთ, რათა გაგვეგო, ვის მიმართავენ ისინი დახმარებისთვის – მშობელს, მასწავლებელს თუ პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრას ცდილობენ.
ბარბარე ბენდელიანი თბილისის 180-ე საჯარო სკოლის საბაზო საფეხურზე სწავლობს. მოსწავლე EDU.ARIS.GE-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სირთულის დროს დახმარებისთვის ძირითადად მასწავლებელს მიმართავს და მისგანაც სათანადო უკუკავშირს იღებს:
„უმეტესად მასწავლებელს ვთხოვ ხოლმე დახმარებას, როცა რაღაც მიჭირს. სკოლაში რთული თემებია და შეიძლება, მშობელმა არც იცოდეს. მასწავლებელიც ყოველთვის მიხსნის და მაგებინებს დამატებით, რაც ჩემთვის გაუგებარი და პრობლემური იყო. ჩემი აზრით, პირველ რიგში, მოსწავლემ მაინც პედაგოგს უნდა მიმართოს“.
სწავლის დროს გარე მხარდაჭერის მიღება პრობლემას არ წამოადგენს 180-ე საჯარო სკოლის მე-8 კლასის კიდევ ერთი მოსწავლისთვის, თუმცა ურჩევნია დახმარება მიიღოს ოჯახისგან, ვიდრე სკოლისგან. როგორც ელენე გვეუბნება, პირველი, ვინც ეიმედება და ვისაც მიმართავს, ბებიაა.
„ბებია მათემატიკოსია და მეხმარება. სხვა საგნებიც იცის და დამატებით მიხსნის ხოლმე, თუ რამეს ვერ ვიგებ. თუკი მოხდა ისე, რომ ბებიაც ვერ დამეხმარა, შემდეგ უკვე ან მასწავლებელს მივმართავ, ან ჩემს ძმას. როცა საგაკვეთილო პროცესში აღმოჩნდება რამე გაუგებარი, ძირითადად თავს ვიკავებ, რომ მასწავლებელს ვკითხო – მერიდება. მე ვფიქრობ, ბავშვები გარე მხარდაჭერაზე უარს ყველაზე ხშირად იმიტომ ამბობენ, რომ ჰგონიათ, ვერ დაეხმარებიან“.
პირველ რიგში საკუთარი თავი ეიმედება თბილისის კლასიკური გიმნაზიის მე-10 კლასის მოსწავლე ანდრიას. მისი თქმით, თუკი თავად ვერ ახერხებს, გამოწვევას თავი გაართვას, დახმარებისთვის იშვიათად, მაგრამ მაინც, საკუთარ ძმას მიმართავს ხოლმე:
„ვცდილობ ხოლმე, რომ სირთულეს ჩემით გავართვა თავი. თუ ამას ვერ ვახერხებ, შემდეგი ნაბიჯია, რომ დახმარება ან მასწავლებელს ვთხოვო, ან – ჩემს ძმას. ყველაზე ხშირად მაინც ჩემს ძმას მივმართავ. კარგად ესმის ფიზიკა და მათემატიკა“.
კონკრეტულ გამოწვევაზე „მშველელის“ შესარჩევად, 180-ე საჯარო სკოლის კიდევ ერთი საბაზო საფეხურის მოსწავლე ნატალი ლაბაძე საკითხის სირთულეს ითვალისწინებს და აი, როგორ:
„თუ სასწავლო პროცესში რაღაცას ვერ ვიგებ, თავდაპირველად მშობელს მივმართავ. თუკი, მშობელი ვერ ახერხებს დახმარებას, შემდეგ უკვე მასწავლებელს ვეუბნები. გააჩნია, რა საკითხია. ხშირად ახერხებს დედა ჩემს დახმარებას“.
აღსანიშნავია, რომ EDU.ARIS.GE-მ ამ საკითხზე მოსაზრება სხვა მოსწავლებისგანაც მოისმინა. მათგან რამდენიმემ გვითხრა, რომ სასწავლო პროცესში წარმოქნილი სირთულის დროს მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვს, რამდენიმემ კი სასურველ გარე დამხმარედ მხოლოდ მშობელი დაასახელა.
ასევე იხილეთ:
ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი
-
„არ მინდა მეცადინეობა“ – რა იმალება ბავშვის უარის მიღმა? by სკოლების ამბები
-
ზამთარი და ფორმები – „ძალიან თხელია, ამ სისქის შარვალს ზაფხულში ან შემოდგომაზე ვაცმევთ ბავშვებს“ by სკოლების ამბები
-
AIA-GESS საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტში – Beyond Borders, Between Hearts მონაწილეობს by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS