„დღეს რომ არ წავიდე?!“ – რა მიზეზით აცდენენ უმეტესად სკოლას მოსწავლეები თბილისში
„PISA 2025 საქართველოში – შედეგების მოკლე მიმოხილვის“ თანახმად, საქართველოში მოსწავლეთა მხოლოდ 20%-ის შემთხვევაში არ ფიქსირდება სკოლის გამიზნულად გაცდენა. რაც ნიშნავს, რომ ქართველი მოსწავლეების აბსოლუტურ უმრავლესობას (80%-ს) სკოლა გამიზნულად აქვს გაცდენილი, მაშინ, როცა განვითარებულ ქვეყნებში ეს პრობლემა მოსწავლეთა მხოლოდ 34%-ს ეხება.
საქართველოში გამოკითხული 15 წლის მოსწავლეების 69%-ს PISA-ს კვლევაში მონაწილეობამდე, ორი კვირის განმავლობაში, სკოლის ერთი სრული დღე მაინც ჰქონდა გაცდენილი, 52% ცალკეულ გაკვეთილს არ დაესწრო, 61%-მა კი აღნიშნა, რომ სკოლაში დააგვიანა.
რატომ აცდენენ საქართველოში ბავშვები სკოლას – ჯანმრთელობის პრობლემების, მოტივაციის ნაკლებობის, ოჯახური გარემოებების თუ სხვა მიზეზების გამო? ამ კითხვებზე პასუხის გასარკვევად EDU.ARIS.GE 25-26 ნოემბერს, ორი სხვადასხვა საჯარო სკოლის 10-მდე თბილისელ მოსწავლეს ესაუბრა.
ნინი 51-ე საჯარო სკოლაში სწავლობს. როგორც მერვეკლასელი გვეუბნება, გაცდენების ან დაგვიანების მხრივ პრობლემა არ აქვს და გაკვეთილებს არ ესწრება მხოლოდ იმ იშვიათად შემთხვევაში, როდესაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს:
„სკოლას საერთოდ არ ვაცდენ. თუ ძალიან ცუდად არ ვარ, გაკვეთილებს ვესწრები. სახლიდან სკოლამდე ფეხით მოსასვლელად 15 წუთი მჭირდება და დაგვიანებითაც არ ვაგვიანებ ხოლმე. ჩემი აზრით, მოსწავლე არ უნდა აცდენდეს გაკვეთილს. ეს მომავალში ხელს შეუშლის“.
ახლა ონლაინ სწავლებაზეა და გაკვეთილებს ყოველთვის ესწრება თბილისის კლასიკური გიმნაზიის მე-11 კლასის მოსწავლე ელენე, რომელიც გვიმხელს, რომ მანამდე, სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობდა და სკოლას ნაკლებად, თუმცა ცალკეულ გაკვეთილებს აცდენდა. მოსწავლე ამის მიზეზად მასწავლებლის მხრიდან უსამართლო დამოკიდებულებასა და საგაკვეთილო დროის „მოსაბეზრებლად“ წარმართვას ასახელებს:
„იყო ხოლმე შემთხვევები, როდესაც გვეზარებოდა ბავშვებს გაკვეთილზე შესვლა. მასწავლებელი ამდენი ხანი ერთი და იმავეს რომ იმეორებს, გბეზრდება, ბავშვი როცა ხარ. ახალ გაკვეთილს კი გვიხსნიდა, მაგრამ ეს 40 წუთის განმავლობაში იწელებოდა. ჩემი აზრით, ამას სჯობს, რაღაც მოყვე 15 წუთის განმავლობაში და შემდეგ მოსწავლეები გამოკითხო – მაგალითად, რა გაიგეს და ა.შ. უსამართლობაც იყო ხოლმე – შეიძლება, ცუდი ნიშანი მხოლოდ იმიტომ დაეწერა, რომ ლაპარაკობდი გაკვეთილზე. სკოლას დიდად არ ვაცდენდი, მაგრამ კონკრეტულ გაკვეთილებზე არ შევდიოდი. მოსწავლე არ უნდა აცდენდეს ხშირად არც სკოლას და არც ცალკეულ გაკვეთილს, მაგრამ გააჩნია მასწავლებელს. მშობლისთვის არა, მაგრამ დამრიგებლისთვის მითქვამს, რომ აი, ამ გაკვეთილს ვაცდენთ“.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გარდა, ზოგჯერ სხვა მიზეზითაც აცდენს სკოლას 51-ე საჯარო სკოლის კიდევ ერთი მე-8 კლასის მოსწავლე. როგორც ელენე EDU.ARIS.GE-ს უმხელს, გაცდენაზე ხშირად, სკოლაში აგვიანებს, რადგან სკოლიდან საკმაოდ შორს ცხოვრობს:
„გაცდენით, ხშირად არ ვაცდენ. შეიძლება ორ კვირაში ერთხელ გავაცდინო იმიტომ, რომ დამეზარა სკოლაში წასვლა ან ნამეცადინები არ მქონდა. გაცდენაზე ხშირად, ვაგვიანებ გაკვეთილებზე საცობების გამო. შორს ვცხოვრობ და ადრე ადგომას და გამოსვლას ვერ ვასწრებ. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გაკვეთილზე არდასწრებას, ეს იშვიათად ხდება. დედაჩემს არ მოსწონს რომ ვაცდენ, მაგრამ თუ ვეტყვი, რომ არ მიმეცადინია, ვერ მოვასწარი და ა.შ. შეიძლება, გამაცდენინოს“.
თბილისის კლასიკური გიმნაზიის კიდევ ერთი მოსწავლისთვის მთავარი პრობლემა დროის გადანაწილებაა, რის გამოც სკოლაში ზოგჯერ აგვიანდება. როგორც მეშვიდეკლასელი მათე გვეუბნება, სამაგიეროდ, მინიმალური გაცდენა აქვს და ისიც მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობას უკავშირდება:
„მე უფრო ვაგვიანებ სკოლაში, ვიდრე ვაცდენ. საერთოდ დროის გადანაწილება მიჭირს, რადგან ბევრ წრეზე დავდივარ – ცალკე სპორტია. მეცადინეობის დროსაც ძილი გვაკლია და დილით რომ გვაღვიძებენ მშობლები, ადგომა გვეზარება. რაც შეეხება გაცდენას, ამ სემესტრში მხოლოდ ორი გაცდენა მაქვს და ორივე შემთხვევაში ჯანმრთელობის პრობლემა იყო. უმიზეზოდ სკოლის გაცდენა ცუდია“.
EDU.ARIS.GE თბილისის კლასიკური გიმნაზიის კიდევ რამდენიმე მოსწავლეს ესაუბრა, რომლებაც აღნიშნეს, რომ სკოლას მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო და იშვიათად აცდენენ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები, რომლებსაც ჩვენ კითხვები დავუსვით, გაკვეთილებზე დაგვიანებით მიდიოდნენ.
მოსწავლეების გარდა, კითხვები – ყველაზე ხშირად რა მოუსმენიათ შვილისგან სკოლის გაცდენის მიზეზად და როგორი რეაქცია ჰქონიათ ამაზე – მოსწავლეთა მშობლებსაც დავუსვით.
ნინო თბილისის კლასიკური გიმნაზიის მე-7 კლასის მოსწავლის დედაა. როგორც ჩვენი რესპონდენტი ამბობს, სიზარმაცის გამო სკოლის გაცდენა მისთვის მიუღებელია, რადგან მოსწავლეს უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა და რეჟიმში უნდა იყოს:
„სიმართლე გითხრათ, ჯერჯერობით სხვა რამე მიზეზით არა, მაგრამ ავადმყოფობის გამო აცდენს ხოლმე – რაც სასწავლო წელი დაიწყო, ორჯერ იყო ავად. ზოგჯერ ჭადრაკის ტურნირი იმართება და ასეთ დროსაც შეიძლება, რომ გაუცდეს და სკოლაშიც, რა თქმა უნდა, ვატყობინებ და იციან. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ეზარება და არ უნდა სკოლაში წასვლა, მაგრამ არც მე და არც მამამისი არ ვართ ხოლმე თანახმა. მიმაჩნია, რომ თუ სერიოზული მიზეზი არ არის – მაგალითად, ჯანმრთელობის პრობლემა, ასე უბრალოდ – მეზარება და არ წავალ, არ მესმის. დღეს ცოტა დავაგვიანეთ და მთელი გზა ამაზე ვლაპარაკობდით, რომ არ შეიძლება. მე მაინც იმის მომხრე ვარ, რომ ბავშვი რეჟიმში უნდა იყოს და უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა. კი, ძნელია სკოლა, კი, შეიძლება არ უყვარს, ეზარება, მაგრამ უნდა იცოდეს, რომ ეს აუცილებელია და უნდა იაროს“.
იშვიათად აცდენენ გაკვეთილებს ლანა გრძელიძის შვილებიც, რომლებიც 22-ე საჯარო სკოლის 1-ელი და მე-11 კლასებში სწავლობენ. მშობლის თქმით, გაცდენის ერთადერთ საპატიო მიზეზად ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევა მიაჩნია:
„ჩემი შვილები იშვიათად აცდენენ სკოლას. გაკვეთილებს არ ესწრება რომელიმე მხოლოდ მაშინ, თუ სიცხე აქვს და გაციებულია. სხვა მიზეზით გაკვეთილები არ გაგვიცდენია. ზოგადად, არ მიყვარს გაცდენა“.
იშვიათად, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გარდა, სხვა მიზეზითაც აცდენს სკოლას თამუნა გოდერძიშვილის მეექვსეკლასელი გოგონა, რომელიც180-ე საჯარო სკოლაში სწავლობს:
„დღესაც აცდენს სკოლას, რადგან ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. მაქსიმალურად ვცდილობთ – თვითონაც და მეც, რომ სკოლაში წავიდეს. არის წლის განმავლობაში რაღაც დღეები, როცა მეუბნება – „დედა, დღეს რომ არ წავიდე…“, „დღეს მისი [კონკრეტული პედაგოგის] გაკვეთილი მაქვს და ნეტავ, არ მივდიოდე“, თუმცა წელიწადში ასეთი გაცდენა შეიძლება 3-4 იყოს. ძირითადად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უცდება, მაგრამ ისიც ნაკლებად“.
ასევე იხილეთ:
ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი
-
„სიტყვა გზად იქცა“ – AIA-GESS-ის მოსწავლეები საგანმანათლებლო დოკუმენტურ ფილმში მონაწილეობენ by სერვანტესის სახელობის გიმნაზია აია-GESS
-
მშობელი, მასწავლებელი თუ საკუთარი თავი: ვის მიმართავენ მოსწავლეები დახმარებისთვის, როცა სწავლაში სირთულეებს აწყდებიან? by სკოლების ამბები
-
„არ მინდა მეცადინეობა“ – რა იმალება ბავშვის უარის მიღმა? by სკოლების ამბები