სკოლის ბუღალტერმა 2 მილიონ ასი ათას ლარზე მეტი მიითვისა – პროკურატურა
საქართველოს პროკურატურამ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე ერთი პირი – სკოლის ბუღალტერი დააკავა.
საქართველოს პროკურატურა 12 სექტემბერს გავრცელებულ ინფორმაციაში წერს, რომ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „მეექვსე საავტორო სკოლის“ ბუღალტერმა, რომელსაც წვდომა ქონდა სკოლის ინტერნეტ ბანკთან და რომლის მართლზომიერ მფლობელობაშიც არსებობდა შპს „მეექვსე საავტორო სკოლის“ კუთვნილი თანხები, სკოლის საბანკო ანგარიშიდან დანიშნულებით „ხელფასი“ და „ხელფასის ავანსი“, სხვადასხვა დროს საკუთარ ანგარიშზე დიდი ოდენობით, 2 161 806,52 ლარი გადარიცხა, რომლის ნაწილიც აზარტულ თამაშებში წააგო. დაკავებულის ქმედების შედეგად „მეექვსე საავტორო სკოლას“ დიდი ოდენობით ზიანი მიადგა.
საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა, ბრალდებული 11 სექტემბერს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში იმყოფებოდა, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
-
რეგიონები, სადაც სკოლის მანდატურების შესარჩევი ახალი კონკურსი გამოცხადდა – ხელფასი, ვადები და პირობები
by ინფოLIFE
-
NCDC ბაღის აღსაზრდელთა ინტოქსიკაციაზე – „მიზეზი მაღალი ალბათობით ნოროვირუსი იყო“
by ინფოLIFE
-
თბილისის საბავშვო ბაღების ნაწილში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა – მოწამლული არიან ბავშვები
by ინფოLIFE